“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის ანალიზი
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 30 ნოემბერს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას. ახალი კანონმდებლობით შეიცვალა სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციების გადანაწილება და ანტიკორუფციული ფუნქციების ნაწილი ერთ ინსტიტუტში მოექცა.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კონტროლი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება.
ანტიკორუფციული ცენტრალიზებული ორგანოს შექმნა და მისთვის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კონტროლის ფუნქციის მინიჭება დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ცენტრალიზებული ორგანო წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევშია თუკი გარანტირებული იქნება ამ ორგანოს ქმედითი ფუნქციებით აღჭურვა და დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შექმნა. ამ მხრივ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი ნაკლოვანია, რადგან დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ბიუროს არ ანიჭებს საგამოძიებო ფუნქციას და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის ფუნქციად რჩება.
პრობლემურია ასევე ინსტიტუციის დამოუკიდებლობის გარანტიები და მისი ანგარიშვალდებულება. კანონის თანახმად, ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, თუმცა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება ძირითადად ფორმალური ხასიათისაა. ბიუროს უფროსის დანიშვნა და კანონით დადგენილ შემთხვევებში გათავისუფლება პრემიერ მინისტრის პრეროგატივაა. კანონი ასევე არ ითვალისწინებს ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიებს, მაგალითად მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის აკრძალვას საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.
კანონით ასევე არ არის უზრუნველყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციაზე მისაწვდომობის სათანადო გარანტიები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ბიუროს მიერ ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის.
- კანონის მიღების წინაპირობა და საერთაშორისო რეკომენდაციები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნას, რომელიც ხელს შუწყობს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებას, კორუფციის შემთხვევების ქმედით გამოძიებას, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას, არაერთი წელია რეკომენდაციას უწევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მხარს უჭერდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
საქართველოს პარლამენტში ერთ წელზე მეტია ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიცირებულია საკანონდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ფუნდამენტურ ანტიკორუფციულ რეფორმას. კანონპროექტი მომზადებულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ავტორობით და “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ჩართულობით. საკანონმდებლო პაკეტი ჯერ კიდევ მე-9 მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. წინა მოწვევის პარლამენტს კანონპროექტის განხილვა არც დაუწყია. მე-10 მოწვევის პარლამენტში რამდენიმე კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, თუმცა შემდეგ განხილვები შეჩერდა.
საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი.[1] 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი გარკვეული პრიორიტეტული ამოცანები და მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველოს მიერ ამ ამოცანების შესრულება.[2] ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული მე-4 რეკომენდაცია ითხოვს საქართველომ გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას და საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალობა ხაზგასმული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით და ასევე ამ შეთანხმების აღსასრულებლად მხარეების მიერ დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით, რომელიც გულისხმობდა მხარეების თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლაში და საქართველოს ვალდებულებას, მიიღოს ზომები კორუფციის ყველა ფორმასთან (მათ შორის კომპლექსურ ფორმებთან) საბრძოლველად.[3]
ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების პრობლემაზე უთითებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის უკანასკნელი მონიტორინგის ანგარიშში[4] საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში მისი აღსრულება თითქმის არასდროს ხდება.“
განსაკუთრებით პრობლემურია კორუფციული დანაშაულის გამოძიება სახელმწიფო უსაფროების სამსახურის მიერ. ევროპის პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში „სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის ელიტური კორუფცია“ და რომ ქვეყანაში ჯერაც არ არსებობს „მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების მდგრადი გამოცდილება.“ რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი და თავისუფალი იქნება მის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევისგან.[5]
სწორედ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე საქართველოს ქულა “კორუფციის აღქმის ინდექსში” (CPI) ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა,[6] რაც კორუფციასთან ბრძოლის შეჩერებაზე მიანიშნებს, რადგან სიღრმისეული რეფორმების ჩატარების შემთხვევაში, გაცილებით დიდი წინსვლა იქნებოდა. შედარებით მაღალი ქულა წლების წინ, დაბალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად ნარჩუნდება და ელიტური კორუფცია კვლავ პრობლემას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია კანონმა ხელი შეუწყოს აღნიშნული პრობლემების გადაჭრას და შექმნას მყარი გარანტიები ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
- ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები
ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში გააერთიანა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, აუდიტის სამსახურისა და საჯარო სამსახურის ფუნქციები.
- აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ბიურო განახორციელებს პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს.
- საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მისი შენახვის მონიტორინგს და უზრუნველყოფს საჯაროობას; შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის, მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ.
- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს და წარუდგენს პარლამენტს; ანტიკორუფციული მიმართულებით დამტკიცებული დოკუმენტების შესაბამისად, კოორდინაციას გაუწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას, ხელს შეუწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და განახორციელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების ანალიზს.
კორუფციასთან ბრძოლის ცენტრალიზებული მოდელის შექმნა მისასალმებელია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს როგორც ცენტრალიზებული, ისე დეცენტრალიზებული ინსტიტუციური მოწყობის მოდელებს. დეცენტრალიზებული მოდელი უკეთ მუშაობს კონსოლიდირებულ დემოკრატიებში, სადაც ძალაუფლება დანაწილებულია და ინსტიტუციებს, როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარი თავის კონტროლი უკეთ შეუძლიათ. ცენტრალიზებული მოდელები უფრო ხშირად გვხვდება შედარებით სუსტ დემოკრატიებში, სადაც ძალაუფლების კონცენტრაციისა და ინსტიტუციების სისუსტის გამო ისინი ვერ აკავებენ კორუფციას.
იმისათვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ წარმატებით შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს:
- კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების უფლებამოსილება
პრობლემურია, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. კორუფციული დანაშაულების გამოძიების ფუნქცია არათავსებადია სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისიასთან,[7] წარმოშობს საჯარო სამსახურის კონტროლის დაუსაბუთებელ რისკებს და სამსახურის გაუმჭვირვალე სისტემა საფრთხეს უქმნის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას. აღნიშნული ტიპის დანაშაული, ისევე როგორც ყველა სხვა, მხოლოდ იმ ეტაპზე უნდა წარმოადგენდეს სამსახურის დაინტერესების საგანს, როდესაც ეს დანაშაული უშუალო და აშკარა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურის ხელში მოქცეული ეს კომპეტენცია აღიქმება, როგორც საჯარო სამსახურში არსებული ვითარების შენიღბული კონტროლი და არ არის შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.[8]
კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულთა ნაწილის გამოძიება პროკურატურის ფუნქციაში შედის, რაც ასევე პრობლემურია. ერთი და იგივე სტრუქტურის მიერ დანაშაულის გამოძიება და ამავე დანაშაულზე დევნის განხორციელება საფრთხეს უქმნის გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიების შემთხვევაში.
- საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის: მამხილებელთა დაცვა, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სამართლებრივი ნორმების შესრულების კონტროლი.
ბიუროს უნდა ჰქონდეს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის არა მხოლოდ ცალკეული, არამედ ყველა ნორმის პრაქტიკაში აღსრულების კონტროლის ფუნქცია. ბიუროს უფლებამოსილება უნდა იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შემავალი თითოეული ნორმის აღსრულების ზედამხედველობა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, გაანალიზება, პროაქტიული გამოქვეყნება და საჭირო ცვლილებებისთვის რეფორმების ინიციირება. ამ კანონის სრულფასოვნად აღსრულების გარეშე შეუძლებელია საჯარო სამსახურში კორუფციის შეკავება და კეთილსინდისიერების დანერგვა[9]. ახალი ცვლილებების მიხედვით, ამ ნაწილში ბიურო მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება და აღსრულების კომპონენტი კვლავაც პასუხისმგებელი უწყების გარეშე რჩება.[10] როგორც გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC),[11] ისე მაგალითად, OECD-ის[12] საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია, კორუფციის პრევენციის ეს ფუნქციები გათვალისწინებული იყოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურაში.
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნა
პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ბიუროს უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრით: მთავრობის წარმომადგენელი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე; სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; სახალხო დამცველის მიერ ღია კონკურსის წესით შერჩეული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისიის სხდომაზე დამსწრე საკონკურსო კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. საკონკურსო კომისია პრემიერ მინისტრს კონკურსში მონაწილე პირთაგან წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს.
პრემიერ მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, პირველ რიგში მისი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობას გულისხმობს. დამოუკიდებლობის გარანტიების მნიშვნელოვანი კომპონენტია უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი. ამასთანავე, პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუროს უფროსის პოლიტიკური კონსენსუსით არჩევის მისაღწევად.
პრობლემურია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილი კრიტერუმებიც. კანონის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.
ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელისათვის, რომელსაც თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკური თანამდებობის პირების საკითხის შესწავლაც მოუწიოს, აღნიშნული კრიტერიუმები საკმარისი არაა. სასურველია მას სულ მცირე ათწლიანი პროფესიული გამოცდილება და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ჰქონდეს. ბიუროს ფუნქციებიდან გამომდინარე, ასევე გაურკვეველია იურიდიული განათლების კრიტერიუმის აუცილებლობა.
- ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულება
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. მიუხედავად არსებული ჩანაწერისა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება ძირითადად ფორმალური და დეკლარაციული ხასიათისაა.
ბიურო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ. ანგარიშს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და იღებს დადგენილებას. რეგლამენტი არ შეიცავს ჩანაწერს თუ რას უნდა შეიცავდეს დადგენილება. მიზანშეწონილია რეგლამენტში გაიწეროს, რომ დადგენილებით არა მხოლოდ უნდა შეფასდეს ანგარიში, არამედ განისაზღვროს პარლამენტის დავალებები და მათი შესრულების მონიტორინგის ვადები. მსგავსი კარგი პრაქტიკა არსებობს სახალხო დამცველის ანგარიშებთან დაკავშირებთ. საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანია პარლამენტი ეფექტურად ახორციელებდეს კორუფციის წინააღმდგ ბრძოლაზე ზედამხედველობას და უზრუნველყოფილი იყოს ანტიკორუფციული ბიუროს რეალური ანგარიშვალდებულება წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე.
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა და ხელშეუხებლობა
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. თუ ამ ვადის გასვლის მომენტში ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსი თანამდებობაზე დანიშნული არ არის, თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის არჩევამდე.
- კანონი არ ითვალისწინებს ასევე შეზღუდვას, თუ მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება იყოს პირი არჩეული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად.
- “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კანონი ასევე არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიებს, მაგალითად მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკის აკრძალვას საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სპეციალურ ნორმას, რომლითაც დაისჯება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსზე ან ბიუროს თანამშრომელზე ზემოქმედება.
მიზანშეწონილია კანონი კრძალავდეს სამსახურის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ისევე როგორც იკრძალება მაგალითად სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და არაერთი თანამდებობის პირის შემთხვევაში. უფლებამოსილების ვადის მკაცრი განსაზღვრა აუცილებელია დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და აზღვევს რისკებს, რომ ხელისუფლებამ მის მიერ კეთილგანწყობილ პირებს კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არ შეუნარჩუნოს თანამდებობა.
დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისა და დემოკრატიული მმართველობისთვის ასევე აუცილებელია აკრძალული იყოს პირის არჩევა თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადით. მსგავსი აკრძალვა მოქმედებს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორის და არაერთი თანამდებობის პირის შემთხვევაში. მსგავს აკრძალვას კანონი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შემთხვევაში, რაც შეუსაბამოა დამოუკიდებელი ინსტიტუციის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან.
ხელშეუხებლობის მყარი საკანონმდებლო გარანტიების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს რეალური დამოუკიდებლობა. კანონი უნდა ითვალისწინებდეს სპეციალურ ნორმებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობისათვის.
- ანტიკორუფციული ბიუროს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე
მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდეს შეუზღუდავი და პირდაპირი წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ჭირდება კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ფუნქციების სრულფასოვანი შესრულებისათვის.
კანონის თანახმად ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაციასთან წვდომის შემდეგი მექანიზმები გააჩნია:
- ბიუროს დეკლარაციების შემოწმებისას შეუძლია წერილობითი თხოვნით მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებით ბიუროს აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით.
- ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში ბიუროს შეუძლია თანამდებობის პირისგან მიიღონ ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) 10 სამუშაო დღის ვადაში.
- კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლადსათანადო სუბიექტებისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებთან, განახორციელოს სათანადო ვიზიტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და განახორციელოს სხვა ღონისძიებები;
- პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის მიზნით პარტიისგან, ადმინისტრაციული ორგანოსგან და კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ; ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვის წარდგენიდან 48 საათში;
- საგადასახადო ორგანოს შეუძლია ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბიუროს. თუმცა ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს გავლით. ციფრული მმართველობის სააგენტო მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) ფარგლებში ადგენს მონაცემთა გაცვლის ერთიან სტანდარტს, უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტის დადგენისა და შესრულების კოორდინაციას.
დადებითად უნდა შეფასდეს კანონმდებლობით ანტიკორუფციული ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დადგენა, თუმცა ინფორმაციის წვდომის აღნიშნული მექანიზმებით არაერთი ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს და ეს მექანიზმები არ არის საკმარისი კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისა და ფუნქციების ოპერატიულად შესრულებისათვის.
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან კანონით იყოს გარანტირებული, რაც ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
რეკომენდაციები
- ანტიკორუფციული ბიურო ფუნქციურად უნდა გაძლიერდეს და კორუფციულ დანაშაულთა გამოძიება მისი ფუნქცია გახდეს.
- უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. მისი უფროსი პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსით ინიშნებოდეს და კანონი ადგენდეს მისი ხელშეუხებლობის გარანტიებს.
- უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ბიუროს ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი, ანგარიშის შეფასებასთან ერთად, უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტის დავალებებს და მონიტორინგის ვადებს.
- ბიუროს უფროსის ხელმძღვანელის არჩევისთვის უფრო მაღალი კრიტერიუმები უნდა იყოს დადგენილი და სავალდებულო კრიტერიუმად არ იყოს განსაზღვრული იურიდიული განათლება. კანონით უნდა იზღუდებოდეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევა ზედიზედ ერთ ვადაზე მეტი ხნით. ბიუროს უფროსს არ უნდა ჰქოდეს უფლება შეასრულოს ბიუროს უფროსის მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.
- ანტიკორუფციულ ბიუროს სრული ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე და წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან კანონით უნდა იყოს გარანტირებული.
- ბიურო პირდაპირ უნდა იყოს პასუხისმგებელი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ყველა ნორმის აღსრულებაზე, მათ შორის: მამხილებელთა დაცვაზე, ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევების პრევენციზე, გამოვლენასა და გადაჭრაზე.
[1] საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. რა ხდება შემდეგ?”, რადიო თავისუფლება, მარტი 03, 2022, https://bit.ly/3YgB099
[2] დასკვნა იხ. აქ: https://bit.ly/3WWjVAw
[3] ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020წწ. დღის წესრიგი იხ აქ: https://bit.ly/3jogFQv
[4] Anti-Corruption Reforms in Georgia : Pilot 5th Round of Monitoring Under the Istanbul Anti-Corruption
Action Plan, 30 May 2022, https://bit.ly/3Hnsyya
[5] European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)) https://bit.ly/3RpKblw
[6] ვრცლად იხ. https://transparency.ge/ge/corruption/cpi
[7] Parliamentary Assembly of the Council of Europe (PACE), Recommendation 1402 (1999) on Control of Internal Security Services in Council of Europe Member States, 1999. იხ. http://surl.li/etfex
[8] უსაფრთხოების სამსახურის მართვისა და ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები. ნაზლი ილდირიმ შირკოლკი. იხ. http://surl.li/eqrvo
[9] „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის აღსრულების შეფასება (2016-2020), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, დეკემბერი 7, 2021, ხელმისაწვდომია აქ.
[10] საქართველოს მთავრობის შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, დეკემბერი 24, 2021, ხელმისაწვდომია აქ.