ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შპს “პარკინგსერვისი” უნდა გააუქმოს
ქუთაისის მერიას შპს “პარკინგსერვისისგან” 2016-2020 წლებში იჯარის თანხად 2,259,988 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 149,999 ლარი მიიღო. ეს კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ქუთაისში პარკინგი მოეწესრიგებინა და მუნიციპალურ ბიუჯეტს შემოსავალი მიეღო, თუმცა, ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდა.
შპს “პარკინგსერვისის” წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს. მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,80 ლარი უჯდებათ.
კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამის გამო ქალაქის მერიამ გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1,784,890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შპს-ს დაარსების არასწორ გადაწყვეტილებაზე 2017 და 2018 წლებშიც წერდა. ამ საკითხზე მოვაწყვეთ დისკუსიაც, რასაც თვითმმართველობის მხრიდან კომპანიისთვის პირობების შემსუბუქება მოჰყვა.
მუნიციპალური შპს-ს დაარსება
შპს “პარკინგსერვისი” ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დააფუძნა. საიჯარო ხელშეკრულებით, კომპანიას სარგებლობაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცა, ყოველწლიურად იჯარისთვის კი 463,415 ლარი უნდა ეხადა. 2018 წელს ეს თანხა 444,386 ლარამდე შემცირდა.
შპს “პარკინგსერვისის” შექმნამდე, 2014-2015 წლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ოთხჯერ გამოცხადდა (2014 წლის 7 ნოემბერს, 2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის 21 აპრილს და 2015 წლის 5 მაისს). ოთხივე შემთხვევაში პირობები იყო იდენტური და ამ უფლების გადაცემის საწყისი წლიური საფასური 660,000 ლარი იყო. მერიის განმარტებით, ოთხივე აუქციონი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. უნდა აღინიშნოს, რომ მერიას აუქციონის განაცხადებში არ შეუტანია არსებითი ცვლილება, თან აუქციონთა განახლება ხდებოდა დროის მცირე ინტერვალში ჩაშლის მიზეზების ანალიზისა და აღმოფხვრის გარეშე.
მოგვიანებით ქუთაისის მერიამ თავად შექმნა შპს “პარკინგსერვისი”. შესაბამისად, ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას. შპს-ს ფუნქციონირების დასაწყებად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2015 წელს 300,000 ლარი გამოეყო.
“პარკინგსერვისის” 5-წლიანი საქმიანობა და დაგროვილი დავალიანება
შპს “პარკინგსერვისი” საქმიანობას 2016 წლის 25 იანვრიდან შეუდგა. ამ დროისთვის შპს-ში 35 ადამიანია დასაქმებული. პარკირება ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება.
“პარკინგსერვისის” ბიუჯეტს მოქალაქეები ავსებენ პარკირების ადგილებისთვის იმ საფასურის გადახდით, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაადგინა. მიღებული შემოსავლით შპს-ს უნდა გადაეხადა იჯარის საფასური მუნიციპალური ქონებისთვის, რასაც ის შექმნის დღიდან ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო ეკისრებათ ჯარიმები, რაც ქალაქის ბიუჯეტში შედის. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166,762 ლარი, 2017 წელს 301,600 ლარი, 2018 წლის 260,490 ლარი, 2019 წელს 293,749 ლარი, ხოლო 2020 წელს 241,773 ლარი შეადგინა.
ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გაანალიზება ცხადყოფს, რომ ქუთაისში მანქანებით მოსარგებლეებს ჯარიმის სახით წელიწადში საშუალოდ 252,800 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო, პროცესის ადმინისტრირებაზე წელიწადში დაახლოებით 447,630 ლარი იხარჯება, რაც არაეფექტურ მენეჯმენტზე მიუთითებს.
იჯარის უზუფრუქტით ჩანაცვლება
რადგან “პარკინგსერვისი” იჯარის თანხას ვერ იხდიდა, ქუთაისის მერიამ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის და ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
პირველად საკრებულომ ამ საკითხზე მერიას თანხმობა 2019 წლის 27 თებერვალს მისცა, თუმცა მერიას შესაბამისი მოქმედებები არ განუხორციელებია. 2020 წლის 30 სექტემბერს საკრებულომ კვლავ იმსჯელა ამ საკითხზე და მერიას მისცა თანხმობა ქონების გადაცემის, დავალიანების განწილვადების და პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების შესახებ.
მერის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით გაუქმდა მერიასა და “პარკინგსერვისს” შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და დაგროვილი დავალიანება 10 წელზე გადანაწილდა. დავალიანებამ 1,784,890 ლარი შეადგინა, თუმცა მერიამ დაითვალა მხოლოდ 2019 წლის 27 თებერვლამდე არსებული დავალიანება. მას შემდეგ არსებული დავალიანების გადახდისგან კი კომპანია გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა რომ რეალურად ხელშეკრულება ამ თარიღიდან თითქმის ორი წლის შემდეგ გააუქმა.
დავალიანების გადახდისთვის გაწერილი გრაფიკის მიხედვით, პირველი შენატანი, 50,000 ლარი, “პარკინგსერვისს” 2020 წელს უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მას თანხა არ შეუტანია ბიუჯეტში. მეტიც, 2020 წელს მერიამ კომპანიას 26,700 ლარი გამოუყო სუბსიდიის სახით, რაც მათი ინფორმაციით პანდემიამ გამოიწვია.
შეფასება
ქუთაისის მერიის მიერ პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე გადადგმული ნაბიჯები არ გამოდგა ეფექტური, რაც მერიის არასწორ მენეჯმენტზე მიუთითებს.
- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უნდა გააუქმოს შპს “პარკინგერსვისი” და იზრუნოს პარკირების სერვისის ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე. ამასთან, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ტენდერის გონივრული ფასი, რომელიც არ იქნება იმაზე მეტი, რაც თავად დაუწესა მუნიციპალურ შპს-ს.
- მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს როგორც შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის ურთიერთობა, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს.