ქუთაისის საკრებულოსა და მერიის საეჭვო საკადრო პოლიტიკა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქუთაისის საკრებულოსა და მერიის საეჭვო საკადრო პოლიტიკა

26 ივნისი, 2013

18 ივნისის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან საარჩევნო საკითხებზე არსებული უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სადამკვირვებლო მისიებს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის მერიაში მიმდინარე სერიოზული საკადრო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სცადა, ქუთაისის საკრებულოდან მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა  ამ პროცესების შესახებ, თუმცა საკრებულომ არ ითანამშრომლა ჩვენთან.

18 ივნისს და მომდევნო დღეებში თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის 11 სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირების ცნობით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 18 ივნისით დათარიღებული #712 ბრძანებით, რომელიც მათ გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, მერიის რეორგანიზებული სამსახურების საშტატო ერთეულების რაოდენობა უნდა დამტკიცდეს. თუმცა, გათავისუფლების დროს ბრძანება გამოცემული არ იყო.  

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „საერთაშირისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე ქუთაისის საკრებულოს (როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეს) მიმართა და ბრძანების ასლის დაუყოვნებლივ მოწოდება ან გაცნობა ითხოვა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენს წარმომადგენლებს უარი უთხრა ამ საჯარო დოკუმენტის, როგორც ასლის მიწოდებაზე, ასევე ბრძანების დაუყოვნებლივ გაცნობაზე. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი ბრძანება არ არსებობდა და სწორედ ამ მიზეზით გვითხრეს უარი.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდა 11 სამსახურის უფროსისა, ქუთაისის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან კიდევ 75 თანამშრომელია გათავისუფლებული, რომელთა თანამდებობებზეც 1 ივლისიდან გამოცხადდება კონკურსი, მანამდე კი თავისუფალ პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მერიის თანამშრომელთა ატესტაცია ან კვლევა (თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობის გამოსავლენად) არ ჩატარებულა, ბუნდოვანია რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა პროფესიონალიზმის შეფასება და გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება.

მოვუწოდებთ ქუთაისის საკრებულოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2013 წლის 18 ივნისის #712 ბრძანების გასაჯაროება და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა, ასევე, საკადრო ცვლილებების კანონის ფარგლებში და  უფრო გამჭვირვალედ განხორციელება.     

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“