ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

22 მაისი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა, აქვთ თუ არა მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი (www.lanchkhuti.org.ge) გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

ლანჩუთის შემთხვევაში:

  • მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილება არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • ლანჩხუთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა;

  • დადგენილებით სულ 24 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის  ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.

  • ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შესაბამის დადგენილებაში შეიტანოს ცვლილებები და მოიყვანოს შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან, ასევე უზრუნველყოს ინფორმაციის სრულად ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.