მერაბიშვილის განცხადება: ემუქრება თუ არა საქართველოს საბიუჯეტო კრიზისი?
როგორც ცნობილია, 2013 წ. 15 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. გვსურს იმ არგუმენტების მოკლე ანალიზი შემოგთავაზოთ, რომლებიც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად მოიშველია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა განაცხადა შემდეგი:
„საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, რაც ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით არის გამოწვეული”.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 620 მილიონი ლარით ზრდაა დაგეგმილი. გასული 3 თვის და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის არანაირი ნიშნები არ არსებობს და არც შემოსავლების კლება მომხდარა. საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბერში ამავე წლის ოქტომბერთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 20 მლნ ლარით გაიზარდა.
„საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა და დღეს ქართულ ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ვალები დაუგროვდათ”.
აღნიშნული მოსაზრებაც დასაბუთებას საჭიროებს. მეწარმე სუბიექტებს შორის ვალების ოდენობის, ანუ მათი დებიტორულ–კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური არ აგროვებს, რადგან მეწარმეები ახდენენ მხოლოდ მოგების და არა მოგება–ზარალის ან ბალანსის დეკლარირებას. თუ მეწარმე სუბიექტებს შორის ვალების დაგროვებაზე განცხადება რამდენიმე ცალკეული სუბიექტის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა, ეს ვერ მიუთითებს მეწარმე სუბიექტებს შორის ვალების ოდენობის ზრდის ტენდენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოფილმა პრემიერმა განმარტოს რა მონაცემების საფუძველზე გახდა ამგვარი განცხადების გაკეთება შესაძლებელი.
„ხელისუფლებამ შევარდნაძის ეპოქაში არსებული გადასახადების წინასწარი გადახდის პრაქტიკა აღადგინა”.
წარსულში მართლაც არსებობდა გადასახადების წინასწარ გადახდის პრაქტიკა, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებშიც არაერთხელ მიუმართავს შემოსავლების სამსახურს. თუ ბატონი ვანო მერაბიშვილი ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხსენებული პრაქტიკა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება, სასურველია საზოგადოებისთვის ასეთი ინფორმაციის უფრო დეტალურად წარდგენა.
„ქვეყანაში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კლებაში, ასევე შემცირდა საქართველოში წარმოება და ვაჭრობა”.
ქვეყანაში ნამდვილად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც, პირველ რიგში გამოიხატა 2012 წლის ნოემბრის ზრდის მაჩვენებლის 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირებაში. ამასთან, გასული წლის სექტემბრიდან კლების ტენდენცია აქვს ექსპორტს და იმპორტს. თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპსა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არის, რადგანაც ზრდის ტემპის შენელება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, საგარეო ფაქტორები, პოლიტიკური გაურკვევლობა და სხვა. რაც შეეხება, წარმოების და ვაჭრობის შემცირებას, მე–4 კვარტლის ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა შემცირდა თუ არა ქვეყანაში წარმოება და ვაჭრობა. ამდენად, გაურკვეველია რა სტატისტიკას ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის განცხადება.