გაკვეთილები ქართული მედიის მიერ კორუფციის კვლევის გაშუქებიდან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გაკვეთილები ქართული მედიის მიერ კორუფციის კვლევის გაშუქებიდან

21 დეკემბერი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული გლობალური კორუფციის ბარომეტრის შედეგებით, საქართველოს მიღწევები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ქართული მედიის მიერ შედეგების გაშუქებაც. გლობალური კორუფციის ბარომეტრი 9 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი ახალი ამბავი გახდა. „რუსთავი 2“–მა რვა წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა ამ თემას, „იმედმა“ გლობალური კორუფციის ბარომეტრს ოთხ წუთ ნახევარი დაუთმო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხრა წუთიანმა სიუჟეტმა კი არხებს შორის რეკორდი მოხსნა. მიუხედავად სიუჟეტების სიმრავლისა და მათი ხანგრძლივობისა, მოწოდებული ინფორმაცია მრავალ უზუსტობას შეიცავდა და ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო გამოტოვებული. მათ შორის ყველაზე მცირე შეცდომებს შორის იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციად“ წარმოდგენა იყო, რომელიც კორუფციას ბიზნეს ორგანიზაციების დაკვეთით შეისწავლის („რუსთავი 2“) და ის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტებს კომენტარის გაკეთების საშუალება არცერთ არხზე არ მიეცათ. მაგრამ უფრო საზიანო შეცდომებიც იქნა დაშვებული. „რუსთავი 2“–მა მაყურებელს განუცხადა, რომ „საქართველოში კორუფციის დონე 3%–ია“ (ჩვენთვის გაუგებარია, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს)და რომ კვლევამ კორუფციის დონე სხავადსხვა სახელმწფიო უწყებაში შეისწავლა (რაც უბრალოდ არ შეესაბამება სინამდვილეს). სინამდვილეში, გლობალური კორუფციის ბარომეტრი საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეფუძვნება და ის მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. საქართველოს შემთხვევაში, თბილისის 500 მაცხოვრებელი გამოიკითხა და მათგან 3% განაცხადა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ქრთამის გადახდა მოუწიათ. ეს მართლაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 38% -მა თავი შეიკავა პასუხისგან, ან განაცხადა, რომ არ ახსოვდა გადაიხადა თუ არა ქრთამი. რესპონდენტების ეს ბოლო პასუხი შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას, როგორც დაბნეულობა იმაზე, მათ მიერ გადახდილი თანხა ოფიციალური გადასახადი იყო თუ არა. ეს საინტერესო ინფორმაციაა, რომლის უკეთ გამოსაკვლევადაც ჟურნალისტებს მეტის გაკეთება შეეძლოთ. მოსახლეობას ასევე სთხოვეს სხვადასხვა ინსტიტუტები კორუფციის დონის მიხედვით შეეფასებინათ. ეკლესია, ჯარი და პოლიცია მართლაც ყველაზე ნაკლებად კორუპირებულ ინსტიტუტებად იქნენ მიჩნეულები. ტელევიზიებმა ამ ინფორმაციასთან ერთად პოლიტიკური პარტიების ყველაზე მეტად კორუპირებულობაც ამცნეს მაყურებელს. თუმცა არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაც ზუსტად ასევე არასახარბიელოდ შეფასდა და მასაც 2.9 ქულა მიენიჭა (1 ქულა არაკორუპირებულობას ნიშნავს, ხოლო 5 ქულა ძალიან კორუპირებულობას).ნაცვლად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ ნაჩვენები იქნა ინტერვიუ, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ახსენეს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა კორუპირებული არ არის. არც ერთ არხს არ უხსენებია მედიისთვის მინიჭებული ქულები. კორუფციის თვალსაზრისით მედიამ 2.4 ქულა აიღო, ხოლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნდობა მედიას მხოლოდ რესპონდენტთა 2 %–მა გამოუცხადა. გლობალური კორუფციის ბარომეტრის შესახებ სიუჟეტებზე მუშაობისას ჟურნალისტებმა კვლავაც გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა, საშინაო პრობლემებზე ესაუბრათ. ამის ნაცვლად კვლევის შედეგები პროპაგანდისა და კორუპირებული რუსეთის დასაცინად გამოიყენეს. რახან გამოუყენებელ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ამავე ავტორიტეტული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კიდევ ერთი კვლევა „კორუფციის აღქმის ინდექსი“ რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა,საერთოდ არ გაშუქებულა ქართული მედიის მიერ. ამ კვლევის მიხედვით წელს საქართველოს შეფასება ოდნავ, თუმცა არა მნიშვნელოვნად, დაეცა რამდენიმე წლიანი გაუმჯობესებების მერე.

Author: მარიამ გაბედავა