პრობლემები ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პრობლემები ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაში

10 თებერვალი, 2016

 

ქალაქ ქუთაისში ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა ინტერნეტ პორტალი www.chemikucha.ge, რომლის საშუალებით თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა დაასურათოს და ვებგვერდზე ატვირთოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემატიკა. ინფორმაცია კონკრეტული პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს ავტომატურად ეგზავნება. აღნიშნული იდეა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების მაქსიმალურ უზრუნველყოფას გულისხმობს, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებთან წინასწარ მიღწეული შეთანხმების თანახმად, მათ პორტალზე ასახული პრობლემის დროული აღმოფხვრა უნდა უზრუნველყონ.

წინამდებარე კვლევა ეხება 2014-2015 წლის განმავლობაში ქალაქ ქუთაისში, ვებპორტალის - www.chemikucha.ge-ს მუშაობის შედეგებს, თვითმმართველობის ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ასპექტებს, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოების პროცესში სათანადო კოორდინაციისა და გამჭვირვალობის საკითხებს .

რეაგირების გარეშე დატოვებული შეტყობინებები www.chemikucha.ge-ზე

ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და ვებგვერდ www.chemikucha.ge-ს მონაცემების ანალიზის, ასევე ხშირ შემთხვევაში ადგილზე ვიზუალური დათვალიერებისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, შემდეგი სახის პრობლემები გამოიკვეთა;

www.chemikucha.ge-ს მონაცემების თანახმად, ქუთაისის მოსახლეობის მიერ შეტყობინებების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა, მოქალაქეთა 17-ვე შეტყობინება, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ 2014 წელს იყო გაგზავნილი, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა. მათ შორის, 9 შეტყობინება გზის საფარის მოწესრიგებას, 4 შეტყობინება გარე განათების მოწესრიგებას, 5 კი დაზიანებული საკანალიზაციო გაყვანილობისა და წყალსადენი მილების აღდგენას შეეხება. აღსანიშნავია, რომ პროექტში “შეაკეთე ჩემი ქუჩა” მონაწილე 4 ქალაქს შორის, ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მოქალაქეთა მიმართვიანობაზე მუნიციპალური ორგანოების მხრიდან რეაგირების ნულოვანი მაჩვენებელი აქვს.

ხარვეზები ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტულ პოლიტიკაში

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილობითი მიმართვის მიუხედავად, თვითმმართველობის მხრიდან არ იქნა განმარტებული, დაერთო თუ არა შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ოფიციალურ მიმართვას, რომლითაც ქალაქმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხები მოითხოვა. შესაბამისად, უცნობია, მომზადდა თუ არა მსგავსი დოკუმენტაცია. ბუნდოვანია ასევე, თუ რის საფუძველზე იქნა დაანგარიშებული წლის განმავლობაში სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი თანხები საქალაქო სამსახურების მიერ. სამწუხაროდ, თვითმმართველობის მხრიდან ასევე არ იქნა მოწოდებული მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რა პრინციპით განისაზღვრება მომდევნო წლისათვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პრიორიტეტულობა.

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის #98 განკარგულების თანახმად, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 340 060 ლარია მოთხოვნილი. ამავე განკარგულების თანახმად, ზოგიერთი ქუჩის გზის საფარის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ასევე მოიცავს სანიაღვრე ქსელის მოწყობას, ნაწილი კი მხოლოდ გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისათვის თანხები მოთხოვნილია ჯამურად, რაც სამუშაოთა მონიტორინგის განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ქალაქის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობის პროგრამებისაგან განსხვავებით, რომელიც 47 ქუჩას აღწერს, საკრებულოს #98 განკარგულების დანართი არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ქუჩებზე უნდა მოწესრიგდეს/მოეწყოს სანიაღვრე სისტემები და მთლიანი თანხის კონკრეტულად რა ნაწილი უნდა დაიხარჯოს თითოეულ მათგანზე. იგივე მდგომარეობაა საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროგრამაში, რომელიც 1 000 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციას 816 206 ლარი, ხოლო მოძრაობის რეგულირების “კუნძულების” მოსაწყობად 400 000 ლარი გამოიყო.

  • ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, იმ ქუჩებზე, სადაც მოუწესრიგებელი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა (წყალი, კანალიზაცია), საგზაო სამუშაოები შეჩერებულია. შესაბამისად, მოსახლეობისათვის დღემდე პრობლემად რჩება გადათხრილი ქუჩები და დაუსრულებელი საგზაო სამუშაოები.

  • 2015 წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ჯამში 27 722 100 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, აქედან 15 000 001 ლარი მერიამ რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღო. მერიიდან მიღებული წერილის თანახმად, 2015 წლის ოქტომბერში 13 580 300 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობის პროცესში იყო. გაუგებარია, თუ რატომ გადავადდა წლის ბოლო კვარტლამდე თანხის ათვისება - სხვა დამაბრკოლებელ ფაქტორთან ერთად, ამ დროს სამუშაოების ხარისხიან და დროულ შესრულებას ხელს კლიმატური პირობებიც უშლის.

  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისმა სამსახურმა 2015 წლის ბოლოსათვის კონკურსის გზით 294 საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიიღო, რომელთაგან 67 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, 38 კი გზის საფართან ერთად სანიაღვრე ქსელის მოწყობას ეხებოდა. ბუნდოვანია, პროექტების კონკრეტულად რა ნაწილის შესრულება დაიგეგმა 2015 წელს. მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქმა დამატებით 124 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები მოითხოვა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს შესაბამის სამსახურში მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობას.

არასაკმარისი კოორდინაცია ქალაქის მერიასა და წყალმომარაგების კომპანიას შორის

კვლევის ფარგლებში ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო კომპანიებს შორის კოორდინაციის პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, რაც ძირითადად კონკრეტულ ქუჩებზე სამუშაოების არათანმიმდევრულ წარმოებაში გამოიხატა, მაგალითად:

  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 19/11/2015-ში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავისუფლების ქუჩის პირველ შესახვევში, ნამგალაძისა და ქუთათელის ქუჩებზე დასრულდა წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები და გზის საფარს 2 თვის ვადაში აღადგენენ, ხოლო კიბულისა და გაპონოვის ქუჩის პირველ შესახვევში სამუშაოები მსვლელობის პროცესშია და 1 თვის ვადაში დასრულდება. საინტერესოა, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ქუჩა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებულ დანართშია აღნიშნული, რომელიც ქალაქმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს დასაფინანსებლად გააუგზავნა;

  • განათლების მე-5 შესახვევს, რიონჰესის, ბროსეს, ფალიაშვილის ქუჩებს (პირველი და მესამე შესახვევებით), ლერმონტოვის, ვარლამიშვილის, წმინდა ნინოს ქუჩებს, ვაჟა-ფშაველასა და თეთრამიწას რეზერვუარების დამაკავშირებელ ხაზს, გუგუნავას, თაბუკაშვილის, სულხან საბას, შევჩენკოს ქუჩებს, წყალსადენების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 1-დან 2.5 თვემდე ვადაში დაასრულებს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოთხოვნილ თანხაში კი, მხოლოდ ბროსეს ქუჩა არის გათვალისწინებული.

  • 2015 წელს, მერიამ თანხები მოითხოვა კონკრეტულ ქუჩებზე გზის საფარის აღსადგენად, 2016 წელს კი იმავე ქუჩების კონკრეტული ჩიხების შესაკეთებლად; 2016 წლის მოთხოვნაში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს გაეგზავნა არის შემთხვევები, როცა მთავარი ქუჩისა და მასთან დაკავშირებული ჩიხების მოწყობისათვის თანხა ცალ-ცალკე ლოტად არის მოთხოვნილი, შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსებიც ცალ-ცალკე უნდა გამოცხადდეს ან გამოცხადდა.

  • წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციაზე ადგილობრივ ბიუჯეტში 2015 წლისათვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი, მაშინ, როცა აღნიშნული საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის უშუალო პრეროგატივას წარმოადგენს. ქუთაისს ტრანსფერის სახით ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ასევე გამოეყო 100 მლნ ევრო ნარჩენი წყლის გადამუშავების სისტემის სრული რეაბილიტაციისათვის. ამ გარემოებების მიუხედავად, ქუთაისის მერია ადგილობრივი ფინანსური სახსრებიდან დამატებით თანხებს ხარჯავს, რაც შესაძლებელია, იმ სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოყოფილიყო.

რეკომენდაციები:

  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების მოთხოვნისას, ადგილობრივ თვითმმართველობას მომზადებულიჰქონდეს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს თანხების ზუსტ დათვლას და საფრთხეს არ შეუქმნის მათ ათვისებას.

  • მერიის მართვის ტერიტორიული ორგანოების რესურსის მაქსიმალური გამოყენებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვის პროცესში მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატიურად გაიმართოს და მოქალაქეთა შესაბამისი პოზიცია აისახოს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ გეგმაში .

  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების მოთხოვნისას, მოხდეს კონკრეტული ქუჩების დასახელების მითითება.

  • ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად კონკურსები ერთ ლოტად გამოცხადდეს, რაც თვითმართველობას თავიდან ააცილებს არამიზნობრივ ხარჯებს.

  • მჭიდრო კომუნიკაცია უნდა არსებობდეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, რათა შეთანხმებულად მოხდეს წყალგაყვანილობისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარება;

  • ქალაქის თვითმმართველობამ დაიწყოს მუშაობა რეკომენდაციების მომზადებაზე 100 000 000 ევროს ღირებულების სამუშაოების ჩასატარებლად (მართალია, ქუთაისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ქუჩების პრიორიტეტულობის განსაზღვრას პროექტის ფარგლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახდენს, თუმცა ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა ამ მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია).

  • ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება წლის ისეთ მონაკვეთში დაიგეგმოს, რომ სეზონურმა კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს მათ მსვლელობას , ასევე ჩატარების ხარისხსა და შესაბამისი შედეგის მიღებას.

  • ადგილობრივი ხელისუფლება ვებპორტალ chemikucha.ge-სთან დაკავშირებით გააქტიურდეს, მოახდინოს დროული რეაგირება მოსახლეობის მიერ ვებპორტალზე ატვირთულ პრობლემებზე და პერიოდულად განაახლოს სისტემა ორგანიზაციასა და ქალაქის მერიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიზიაროს პროექტში მონაწილე სხვა ქალაქების, განსაკუთრებით ქალაქ თბილისის პრაქტიკა, რომელსაც მიმართვებზე რეაგირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

  • ადგილობრივმა თვითმმართველობამ თავი შეიკავოს ისეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისაგან, რომელთა შესრულება სახელმწიფოსაგან დელეგირებული აქვს სხვა უწყებებსა და სახელმწიფო კომპანიებს. ამ გზით თავიდან იქნება აცილებული არამიზნობრივი ხარჯვა და ხელისუფლებას საშუალება მიეცემა აღნიშნული თანხები სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მიხედვით გაანაწილოს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“