პროკურატურის ახალი დეპარტამენტი: საჭიროა კონკრეტიკა და საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები
2015 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სტრუქტურული დანაყოფი – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტის შექმნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის დეკემბერში დაანონსა. პრემიერის განცხადებით, დასრულდა ბოლო ორი წლის განმავლობაში პროკურატურაში შესული განაცხადების განხილვა უკანონოდ ჩამორთმეული სხვადასხვა სახის ქონებისა და იმ ადამიანების საჩივრების, რომლებიც უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში ან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. განცხადებაში პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ზარალის დათვლასა და მის შემდგომ კომპენსირებას.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობა მისი დებულებით რეგულირდება. დებულების თანახმად, დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება. მათგან პრიორიტეტი ენიჭება შემდეგი კატეგორიის საქმეებს:
-
წამების შემთხვევები;
-
არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შემთხვევები;
-
ქონების იძულებით დათმობის ფაქტები;
-
სხვა იძულების ფაქტები.
დებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი სრული მოცულობით ახდენს გამოძიებას და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე. ბუნდოვანია, რას გულისხმობს ეს ჩანაწერი დებულებაში და რა რეალურ შეზღუდვებს უწესებს ის დეპარტამენტს. გაურკვეველია ასევე დეპარტმენტი დებულებით განსაზღვრულ ყველა საქმეზე განახორციელებს გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, თუ მოხდება გარკვეულ საქმეთა შერჩევა. შერჩევის შემთხვევაშიც კი, არ არის ცნობილი, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს საქართველოს პროკურატურა.
აღსანიშნავია, რომ როგორც დეპარტამენტის შექმნა და ფუნქციონირება, ასევე მისი საქმიანობის სფეროში შემავალი ჩადენილი შესაძლო დანაშაულები არ არის შეზღუდული დროით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობის სფეროში ექცევა არა მხოლოდ წინა მთავრობის პერიოდში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება, არამედ 2012 წლის შემდგომ არსებული შესაძლო დანაშაულების გამოძიებაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ახალი დეპარტამენტის შექმნას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ეფექტური საქმიანობა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ გაითვალისწინოს შემდეგი შენიშვნები და რეკომენდაციები:
-
დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიები საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და, ამასთან, საქმეთა შერჩევის კრიტერიუმების არსებობას.
-
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პრიორიტეტულ საქმეთა კატეგორიებში გაწერილი იყოს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შემთხვევები.
-
დეპარტამენტის საქმიანობის განმსაზღვრელი პრინციპებიდან გამომდინარე, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა შერჩევის და დანიშვნის წესის განსაზღვრა, ასევე დეპარტამენტის მუშაობის მაქსიმალური ღიაობა და მაღალი გამჭვირვალობა.