პროტესტის მონაწილეების წინაღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 2024 წლის აპრილი - 2025 წლის აგვისტო
არალეგიტიმური ხელისუფლება სისტემატიურად იყენებს მართლმსაჯულების სისტემას იმ მშვიდობიან დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნისათვის, რომლებიც მის პრორუსულ, პროჩინურ და პროირანულ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს იცავენ. საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სასამართლო, შეთანხმებულად მოქმედებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამოქალაქო აქტივისტების დასასჯელად.
2024 წლიდან დღემდე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, განხორციელდა 76 პირის სისხლის სამართლებრივი დევნა მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო; 61 მათგანი დღემდე პატიმრობაში რჩება — ზოგი ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობაშია, დანარჩენები კი სხვადასხვა ხანგრძლივობის საპატიმრო სასჯელებს იხდიან, მათ შორის ოთხ წელზე ხანგრძლივი ვადით. დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დოკუმენტურად დაადასტურეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან სისტემური მიკერძოებული მიდგომა. სასამართლოები რუტინულად ახდენენ აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრი ფორმის - წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დასაბუთების გარეშე ან ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივების გაუთვალისწინებლად. მოსამართლეები ხშირად სიტყვასიტყვით იმეორებენ ბრალდების მხარის არგუმენტებს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვის გარეშე, რაც აშკარად ადასტურებს პოლიტიკურ ზეგავლენას და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის არარსებობას.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა დაპატიმრებული, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქმება.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ასევე მიუთითებენ მძიმე პროცესუალურ დარღვევებზე, მათ შორის პოლიციის მხრიდან ძალადობრივ მოპყრობაზე, სამართლებრივი პროცესის დარღვევაზე და დანაშაულის აღიარების იძულებაზე, რაზეც სასამართლოები სათანადოდ არ რეაგირებენ. პროკურორების შუამდგომლობები ხშირად შაბლონურია და არ შეიცავს მტკიცებულებებს, თუმცა მოსამართლეები მათ რუტინულად აკმაყოფილებენ, რაც კიდევ უფრო აზიანებს სამართლის უზენაესობას.
მმართველი პარტია სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას საფრთხედ აღიქვამს. ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასამართლო სხდომები საზოგადოებისთვის დახურულია და მათზე მედიის წვდომა იზღუდება, რაც ჟურნალისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ გააშუქონ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარი პროცესუალური და ადამიანის უფლებათა დაღვევის ფაქტები.
თანდართულ დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს საპატიმროებში მყოფი პოლიტიკური პატიმრების სია, რომელშიც შედიან არასრულწლოვნები, სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, მეცნიერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ისინი მხოლოდ იმისთვის ისჯებიან, რომ იცავდნენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და წინააღმდეგობას უწევდნენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმების მზარდ გავლენას, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი.