ყოფილი საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლების საქმეების ანგარიში
შესავალი
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მისი მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე შეეჩერებინა მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საკითხზე. ამ უკანონო გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. ათასობით საჯარო მოსამსახურემ მოაწერა ხელი კოლექტიურ განცხადებებს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.
მოვლენების ამგვარ განვითარებას დე-ფაქტო ხელისუფლებამ კონსტიტუციის ერთგული საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული ზომებით უპასუხა. 2024 წლის დეკემბერში სასწრაფოდ იქნა შეტანილი ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლითაც მნიშვნელოვანწილად გაუქმდა საჯარო მოსამსახურეების დაცვის სამართლებრივი გარანტიები და გაიოლდა საჯარო სამსახურიდან ამა თუ იმ ფორმით პირის გათავისუფლების მექანიზმები. ხოლო, 2025 წლის დასაწყისიდანვე საკანონმდებლო „სიახლეებს“ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან მასობრივი დათხოვნა მოჰყვა. 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან დაახლოებით 700 პირი იყო დათხოვილი. თუმცა, უკანონო და თვითნებური დათხოვნები გრძელდება და დღეისათვის გათავისუფლებულთა რიცხვი ბეცრად დიდი უნდა იყოს.
წინამდებარე ანგარიშში შეჯამებულია ის ტენდენციები, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისთვის გაწეული იურიდიული დახმარების პროცესში შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება.
ზოგადი ინფორმაცია ყოფილი საჯარო მოხელეებისათვის გაწეული დახმარების შესახებ
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, 2025 წლის პირველი იანვრიდან „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ აამოქმედა ცხელი ხაზი, რომელზედაც ორგანიზაციას დაუკავშირდა 100-ზე მეტი პირი. აღნიშნული პირები დასაქმებულები იყვნენ სამინისტროებში, ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში.
ზემოაღნიშნულ პირთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ დამსაქმებლის მხრიდან მათი შრომითი უფლებების დარღვევა მოტივირებული იყო მათ მიერ თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებაზე (პეტიციაზე) ხელმოწერით. პეტიციის თანახმად, ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების ერთგული რჩებოდნენ.
ცხელ ხაზზე დაკავშირებული პირებიდან 58 პირის საქმეზე შესწავლილ იქნა დოკუმენტაცია, ხოლო 46 საქმეზე მომზადდა სარჩელები. აქედან 40 სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 6 სარჩელი - რაიონულ სასამართლოებში.
ზოგადი ტენდენციები
პირველ ეტაპზე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო დაწესებულებებში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, ხოლო უვადოდ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ურთიერთობა შეწყდა ისეთ თანამშრომლებთან, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ უწყვეტად 30 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში, რის გამოც, საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობა უვადოდ წარმოშობილად მიიჩნეოდა.
შემდეგ ეტაპზე, 2025 წლის თებერვლიდან, საჯარო დაწესებულებებიდან თანამშრომლები გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის შედეგად. რეორგანიზაცია დაიწყო, აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლდნენ თანამშრომლები, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობდნენ ათეულობით წლის განმავლობაში, გამოცხადებული ჰქონდათ მადლობა სისტემაში ათწლიანი (და მეტი) უმწკივლო სამსახურისთვის და გავლილი ჰქონდათ არაერთი გადამზადების პროგრამა საზღვარგარეთ. ამასთან, გათავისუფლებული პირებიდან უმრავლესობა წარმოადგენდა 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერს.
დავის კატეგორიები და ზოგადი სტატისტიკა
მიმდინარე 46 საქმიდან 27 საქმე არის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი. აქედან 11 საქმე ეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით; 6 საქმე - დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხს; 7 საქმეზე პირი სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის შედეგად; ხოლო, 3 საქმეზე სადავოდ არის გამხდარი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის საფუძვლით.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე 19 საქმიდან, 11 საქმეზე პირები დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის შედეგად; 3 საქმეზე სადავოა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება; 1 საქმე ეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების კანონიერებას; 2 საქმეზე საჯარო დაწესებულებიდან პირი გათავისუფლდა მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით; 1 საქმე ეხება სსიპ შრომის ინსპექციის ბრძანების ბათილად ცნობას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას; ხოლო, 1 საქმეზე სადავოა პატაკის საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან პირის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება.
ზემოაღნიშნული საქმეებიდან 13 სარჩელი სასამართლოში წარდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, 7 სარჩელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, ხოლო 7 სარჩელი - საქართველოს პარლამენტის მიმართ.
დავების განხილვის მიმდინარეობა
სასამართლოების მიერ წარმოებაში მიღებულია 46 სარჩელი. 2025 წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდში სასამართლო სხდომა დაინიშნა 9 საქმეზე და ჯამში ჩატარდა 14 სხდომა. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ამასთან, 5 საქმეზე სასამართლომ დანიშნა სავალდებულო მედიაცია და საქმეები გადაგზავნილია სასამართლო მედიაციის ცენტრში.
სირთულეები და გამოწვევები
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით მკვეთრად გაუარესებულია დასაქმებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და გაუქმებულია სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.
- სასამართლოში შრომითი დავების განხილვა ჭიანურდება და 47 საქმიდან მხოლოდ 9 საქმეზეა ამ ეტაპზე სხდომა დანიშნული.
- საჯარო დაწესებულებები დოკუმენტაციას გვაწვდიან დაგვიანებით და არასრული სახით, რაც იწვევს სასამართლოში საქმის განხილვის კიდევ უფრო გაჭიანურებას.
შეჯამება
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ისტორიული სტრატეგიული არჩევანის ერთგული საჯარო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი ნაწილი დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდის მარტო იმის გამო, რომ მათ ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიმართ. აპრილის მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან დაახლოებით 700 პირი იყო დათხოვილი. თუმცა, უკანონო და თვითნებური დათხოვნები გრძელდება და დღეისათვის გათავისუფლებულთა რიცხვი ბეცრად დიდი უნდა იყოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღემდე 60-მდე პირს გაუწია კონსულტაცია, ხოლო, 46 მათგანის სახელით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებს აწარმოებს საქართველოს სასამართლოებში. ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და თვითნებურად გათავისუფლებული პირებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას და საზოგადოებას შემდგომშიც ჩააბარებს ანგარიშს ამ დახმარების პროცესში გამოვლენილი ტენდენციების შესახებ.