ENG

რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოებრივად აქტიური ქალი საქართველოში

05 ნოემბერი, 2019

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა დისკუსია ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში მონაწილეობის თაობაზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიურად მონაწილეობას დადებითად აფასებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 65% მხარს უჭერს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.[1]

ქართული პოლიტიკისათვის თანმდევი პროცესი გახდა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი, სოციალური ქსელებისა და ელექტრონული შეტყობინებების გზით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. მსგავსი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, ძირითად შემთხვევებში, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალები არიან. ამგვარი ქმედება არა მხოლოდ კონკრეტული პირის დაშინებას ისახავს მიზნად, არამედ  გზავნილია ყველა აქტიური ქალის მიმართ, რა ტიპის საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი, თუკი  კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებითა თუ საზოგადოებრივი აქტიურობით გავლენიანი პირების ინტერესებთან გადაიკვეთებიან.

ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი საკანონდებლო ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის პარლამენტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს ძალისხმევით.   თუმცა საკანონმდებლო თვალსაზრისით ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი აზრს კარგავს, თუ ქალების პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობისა და კრიტიკული პოზიციების გამო მათ წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფოს და მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ეფექტური რეაგირება არ იქნება.

სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას აქტიური ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და  ფსიქოლოგიურ ტერორის მცდელობის შემთხვევები:

2016 წელს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები             

2016 წლის 11 მარტს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსი ქალის ინტიმური პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები გავრცელდა.   კადრებზე კონკრეტული პირების იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. კადრების უკეთ ტირაჟირების მიზნით მედიის წარმომადგენლებს სოციალური ქსელის გაურკვეველი ანგარიშებიდან ინტერნეტბმულები დაეგზავნათ.

14 მარტს პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად აქტიური ოთხი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების  კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, ვიდეო შეიცავდა მუქარას და შანტაჟს, რომ ვიდეოში აღნიშნულ პირებს 31 მარტამდე დაეტოვებინათ თანამდებობები.

კადრების გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კამპანია “ეს შენ გეხებამ”, რომელიც ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 2016 წლის 19 მარტს  საპროტესტო აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე მოითხოვეს, რომ ხელისუფლებას აეღო პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო და დანაშაულის პრევენციის  ღონისძიებების გატარების გარდა, უკვე მომხდარი ეფექტურად გამოეძიებინა.

2016 წლის 15 მარტს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გამოეხმაურა ფარული კადრების გავრცელებას და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდა დროულად გამოევლინა და კანონის მთელი სიმკაცრით დაესაჯა დამნაშავეები.

2016 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა დაიწყო კამპანია “წამზომი ჩართულია” იმ მიზნით, რომ საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად დაედგინათ და დაესაჯათ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს, მოიპოვეს და 2016 წლის 11 მარტს გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ხოლო საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

ფართო საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. მაგალითად,  “ქართული ოცნების” მაშინდელმა დეპუტატებმა თამაზ მეჭიაურმა და დავით ლორთქიფანიძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ თანამდებობის პირებს, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერები არსებობდა, თანამდებობები უნდა დაეტოვებინათ.

ეს  გახმაურებული სკანდალი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომხდარიდან  2 წლის შემდეგ, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვერ გაიხსენა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავა, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.  თუმცა არ არის გამოვლენილი და დასჯილი დანაშაულის დამკვეთი და ორგანიზატორი.[2]

ქალი თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობა

2016 წელს ინტერნეტ სივრცეში აიტვირთა ფარული კადრები შესაბამისი მინიშნებით, რომ მასზე თითქოს თავდაცვის  მინისტრის თინა ხიდაშელის პირადი ცხოვრების დეტალები იყო ასახული. აღსანიშნავია, რომ თინა ხიდაშელი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო საქართველოში.  თინა ხიდაშელის განმარტებით,   ვიდეო  მისთვის უცნობი ადამიანების ინტიმურ ურთიერთობებს ასახავდა. როგორც მან აღნიშნა, ვიდეოს ტირაჟირება აქტიურად მოახდინეს და სწორედ იმიტომ, რომ ჭორაობის საფუძველი არ გამხდარიყო, პოლიტიკოსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  თხოვა არ წაეშალათ ვიდეო, რომელიც  რამდენიმე წუთში გააქრეს ინტერნეტსივრციდან. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე თვეში თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე  უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პროკურატურამ არ აღნიშნა, რომ კადრებში უცხო ადამიანები ფიგურირებდნენ და არა თავდაცვის მინისტრი,  რამაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. 

რამდენიმე წლის შემდეგ თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება იყო ძალიან შეწუხებული მისი საქმიანობით, განსაკუთრებით დასავლურ ფრონტზე და მათ უნდოდათ რამე გაეკეთებინათ იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ.

დანაშაულის დამკვეთი პირები არც ამ შემთხვევაში არიან პასუხისგებაში მიცემული.

ფარული ჩანაწერებით ქალი ჟურნალისტების დაშინების მცდელობა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შანტაჟის მსხვერპლი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტი ქალებიც გამხდარან.

საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა, “ტვ პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ,  პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დატოვებდა. გრიგოლია ერთ-ერთი იყო იმ ოთხი ადრესატიდან, რომელთა მიმართ მუქარის ვიდეო ინტერნეტსივრცეში 2016 წლის 14 მარტს გავრცელდა. ჟურნალისტმა მუქარის საპასუხოდ  აღნიშნა, რომ პროფესიულ საქმიანობაზე უარის თქმას არ აპირებდა  და ბოლომდე იბრძოლებდა იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადამღებსა და მუქარის ავტორს პასუხი ეგოთ კანონის წინაშე. ინგა გრიგოლიას განცხადებით, მისი შანტაჟი ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის ინტერესში იყო. ჟურნალისტს ასევე ჰქონდა ინფორმაცია, რომ კადრები წინა ხელისუფლების პერიოდში იყო გადაღებული და ამის შესახებ პროკურატურასაც მიაწოდა ინფორმაცია.

2016 წლის მარტში გავრცელებული სხვა ვიდეო ჩანაწერის მსგავსად,  დანაშაულის დამკვეთი არც ამ შემთხვევაში გამოვლენილა.

2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა ეკა მიშველაძემ   საჯაროდ დაადასტურა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის  ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

კამპანია “ეს შენ გეხებამ”, რომელშიც რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული, განცხადება გაავრცელა და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

2016 წლის 12 აპრილს გასაჯაროვდა კიდევ ერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც თითქოს ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიგურირებდა. “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, კადრებზე სხვა პირები იყვნენ გამოსახული.

ჟურნალისტების დაშინებისა და შანტაჟის მცდელობის საქმეზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

პარლამენტის წევრის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

2019 წლის 28 იანვარს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.  ბესელიამ  განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობდა. ღია წერილში მან  ქალებს პოლიტიკაში მოსვლისკენ და არსებული რეალობის შესაცვლელად ბრძოლისკენ მოუწოდა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას წინ უძღვოდა მისი  დაპირისპირება მმართველ გუნდთან უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის საკითხზე. ამ დაპირისპირების შედეგად მან თანამდებობა და მოგვიანებით, მმართველი პარტიაც დატოვა.

ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. კადრების გასაჯაროებას ამორალური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პირობა დადო, რომ ბოლომდე მიყვებოდა ამ საქმეს. საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდა. ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობა  გამოუცხადა  ეკა ბესელიას და საქმეზე მყისიერი რეაგირება მოითხოვა. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ დაგმო მსგავსი მეთოდების ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენება.

სოლიდარობის მიუხედავად,  პოლიტიკოსებს შორისაც იყო არაერთგვაროვანი რეაქციები. მაგალითად, თბილისის მერმა კახი კალაძემ აღნიშნა, რომ კადრები არავის უნახავს და ამიტომ კომენტარის გაკეთებამდე, გამოძიების შედეგებს დაელოდებოდა.

პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას პროტესტი მოჰყვა სამოქალაქო სექტორიდანაც. კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება საზოგადოების კრიტიკული ნაწილის დაშინების მცდელობად შეაფასეს. ქალთა მოძრაობამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს — აშინებს; პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციისა და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და აღნიშნა, რომ  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი სისტემურ პრობლემად იქცა, ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ.

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა დანაშაულის დამკვეთი. ამ საქმესთან კავშირში მყოფი  16 პირს წარედგინა ბრალი, თუმცა კვლავ არ არის პასუხისგებაში მიცემული დანაშაულის ორგანიზატორი და  დამკვეთი. თავად დაზარალებული კი გამოთქვამს ეჭვს, რომ ფარული კადრების გავრცელებაში შესაძლოა პარლამენტის წევრის ვანო ზარდიაშვილის ხელი ურევია.  აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 26 სექტემბერს ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს განიხილავდნენ, შეურაცხყოფა მიაყენა ეკა ბესელიას და მისი მორალი ირონიულ კონტექსტში ახსენა, რასაც ეკა ბესელიას მხრიდან  პასუხად მოყვა ვანო ზარდიაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება

ქალთა მოძრაობამ 27 სექტემბერს ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გამართა “არა ფსიქოლოგიურ ტერორს”. პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ეკა ბესელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალმა პოლიტიკოსებმა,  მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ და უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.  

თუმცა გამონაკლისები ქალ პოლიტიკოსთა შორისაც აღმოჩნდნენ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღშფოთება მხოლოდ იმის გამო გამოხატა, რომ ქალმა დეპუტატმა  შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის წევრს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კი ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე აღნიშნა, რომ უკვე დამღლელია ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების კადრებზე საუბარი. მინისტრმა ამ განცხადების გამო საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა თავად არ ფიქრობს, რომ მისი განცხადება არაეთიკური იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ინციდენტზე და ვანო ზარდიაშვილის მიერ ეკა ბესელიას დისკრედიტაცის მცდელობაზე განცხადება არ გაუვრცელებია.

2019 წლის 30 სექტემბერს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის 4 წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, საიდანაც ერთი მამაკაცი და სამი ქალია.

პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული მუქარა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან 9, 10 და 11 ნოემბერს მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო. როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი მაშინ აღნიშნავდა, მუქარის ავტორები ყოფილი სამხედროები იყვნენ, რომლებიც მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით  ემუქრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა. მანამდე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები  სალომე ზურაბიშვილს ქალთა უფლებების მიმართ ინდიფერენტულობას საყვედურობდნენ. წინასაარჩევნო პერიოდში იგი არ მივიდა ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც გენდერულ საკითხებზე მსჯელობა იგეგმებოდა.

პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და შსს-ს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ  მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ მიმართულ მუქარასთან დაკავშირებით სხვა არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია იმ მასშტაბის გამოხმაურება, რასაც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.   საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით.

პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ადვოკატის განცხადებით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული პირი,  უკრაინაში მებრძოლი სამხედრო შენაერთის წევრი აღმოჩნდა.  საქმეზე  ერთ პირს აქვს ბრალი წაყენებული.

სახალხო დამცველის წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი მუქარა

სიცოცხლის განადგურებით არაერთხელ დაემუქრნენ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

2018 წელს სახალხო დამცველმა საჯაროდ განაცხადა, რომ  შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით ემუქრებოდნენ და უცენზურო სიტყვებით იხსენიებდნენ. მან შესაბამისი მიმოწერაც გამოაქვეყნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების თხოვნითაც მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 17 ივნისს  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს ინტერნეტ სივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მუქარას წინ უსწრებდა საპატრიარქოს მიმართვა ხელისუფლებისადმი არ დაეშვა თბილისი პრაიდის გამართვა, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველეყო. მუქარის ფაქტებზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი დღემდე არ არის დამდგარი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ მიმართული მუქარა

სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება არაერთხელ მიუღია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმის შემთხვევები.

2018 წლის 13 ოქტომბერს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კონკრეტული მოქალაქისგან მიიღო აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა. მუქარისშემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალმა თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ მესამე სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს. ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებდა, რაც ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად" მოიხსენია. ეკა გიგაურმა სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით.   დამნაშავე ვერც ამ შემთხვევაში დაადგინა გამოძიებამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქალი წევრების წინააღმდეგ მიმართული მუქარა და ძალადობა

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები არიან, რომლებიც სასამართლოში არსებულ კლანს და სასამართლო სისტემაში არსებულ უსამართლობას ღიად უპირისპირდებიან. სწორედ ამ მიზეზით ისინი არაერთხელ გამხდარან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მამაკაცების მხრიდან შეტევის, პოროვნული შეურაცხყოფისა და თავდასხმების,  ასევე სოციალურ ქსელით განხორციელებული მუქარის მსხვერპლნი.

2018 წლის 2 აპრილს  ანა დოლოძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი მათთან დაკავშირებით მუქარაში დაადანაშაულეს. სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის საბჭოს ქალ წევრებს დაემუქრა, რომ მათი კრიტიკული განცხადებები სისხლის სამართლის ჭრილში შეიძლება ყოფილიყო  განხილული. ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგა მამაკაცების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ უცენზურო გამონათქვამებზე 2018 წლის 20 ოქტომბერსაც გააკეთა განცხადება.  აღსანიშნავია რომ იუსტიცის უმაღლეს საბჭოში ქალი წევრების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და ძალადობაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც საუბრობდა. მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ცდილობდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო.  2018 წლის 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ზეწოლა და მუქარა სოციალური ქსელებითაც ხორციელდებოდა. 2019 წლის 18 იანვარს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სოციალური ქსელით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, “შეგიძლია მანამ წახვიდე ამ ქალაქიდან, სანამ მოკვდები”- წერდა მუქარის ავტორი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალების მიმართ განხორციელებულ არცერთ მუქარაზე გამოძიება არ დაწყებულა.

ცხადია ერთ პუბლიკაციაში ამომწურავად ვერ ჩამოვთვლიდით ყველა შემთხვევას, როდესაც სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ქალები შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი ხდებიან. ეს რამდენიმე შემთხვევაც ხაზს უსვამს პრობლემის სიმწვავეს და მასშტაბურობას. ყველა ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ქალებზე თავდასხმა და დაშინების მცდელობა მათ მიერ კრიტიკული აზრის გამოთქმას, პრინციპული პოზიციის დაფიქსირებას და პოლიტიკურად გავლენიან პირებთან დაპირისპირებას მოსდევს. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და სიცოცხლის განადგურების მუქარა მორალური ტერორის იარაღია, რომელიც არა კონკრეტულ პირებს, არამედ ზოგადად, ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას უქმნის საფრთხეს.

სახელმწიფო ეფექტურად არ ებრძვის დანაშაულს და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟზე რეაგირება მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად ხორციელდება. ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა  განცხადებები ზოგჯერ ხელს უწყობს  შანტაჟის მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული განწყობის შექმნას და მარგინალიზებას. მორალური ტერორის ჩადენის სიხშირე, მასშტაბი და სახელმწიფოს მიერ არაეფექტური რეაგირება არის გზავნილი აქტიური ქალების მიმართ, თუ რა შეიძლება იყოს მათ მიერ გადახდილი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობის ფასი. 

 

ბლოგი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით


[1] NDI, საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2019 წლის ივლისის გამოკითხვის შედეგები, იხ. https://bit.ly/2o7rwBN

[2] პუბლიკაციაში მოცემული სამართალდამცველთა რეაგირების შედეგები მიღებულია საჯაროდ ხელმწისაწვდომი წყაროებიდან.