რა ხდება აჭარის ტელევიზიაში?
აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შერჩეულ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს. მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი ისევე, როგორც ბოლო პერიოდში ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენები, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს.
დირექტორის სადავო იმპიჩმენტი
მიმდინარე წელს აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული პროცესები სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მკვეთრი კრიტიკის საგანი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შედეგად. საბჭოს გადაწყვეტილება კაპანაძემ სასამართლოში გაასაჩივრა.
დღეს მოქმედმა მრჩეველთა საბჭომ, სამი მცდელობის მიუხედავად, ახალი დირექტორი ვერ აირჩია, ხოლო მეოთხე კონკურსი სასამართლომ შეაჩერა. შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას მოუწევს მაუწყებლის დირექტორის არჩევა, ვინაიდან არსებული საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხს უფლებამოსილება უწყდება. დირექტორის არჩევის გაჭიანურებულმა პროცესმა მაუწყებლის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორში გააჩინა ეჭვები, რომ განვითარებული მოვლენები მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.
მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების შერჩევის და წარდგენის სადავო პროცესი
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის[1] თანახმად, მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის, განკარგულებით შეიქმნა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ გაბაიძე რეგლამენტის დარღვევაში, კერძოდ, კომისიის შემადგენლობის ერთპიროვნულად განსაზღვრაში დაადანაშაულა. ფრაქციამ განკარგულების გაუქმებისა და შექმნილი კომისიის მუშაობის შეჩერების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
კონკურსში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა. კომისიამ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლის, გასაუბრებების და კენჭისყრის შედეგად, უმაღლეს საბჭოს 13 კანდიდატი შესთავაზა.
სადავო გახდა ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ კანდიდატების წარდგენის პროცესი. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი დაინტერესებულ პირებს შორის განსხვავებული ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა. ამ ეტაპზე წარდგენილია ოთხი კანდიდატი, თუმცა, ჯერჯერობით ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას საკუთარი კვოტით არ უსარგებლია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპოზიციური ფრაქცია კანდიდატის წარდგენის კანონით გარანტირებული უფლებით ისარგებლებს, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ოთხი ვაკანტურ ადგილზე ხუთი პრეტენდენტი იქნება წარდგენილი.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე პრეტენზიები გამოთქვეს იმის გამო, რომ დავით გაბაიძემ დაარღვია ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურ ფრაქციას ყველა კანდიდატთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებოდა. მმართველმა პარტიამ კი მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრების დასამტკიცებლად სხდომა გასაუბრების გარეშე ჩანიშნა.
კანდიდატები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატობის იმ ოთხი პირის ბიოგრაფია, რომელსაც უმაღლესი საბჭო უყრის კენჭს.
სოსო სტურუა
სოსო სტურუა, ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ კანდიდატი, 2013-2016 წლებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო. ის 2013 წლის ნოემბერში არხის ჟურნალისტების ნაწილმა საინფორმაციო სამსახურსა და მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მაშინ სტურუამ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ირინა ყურუას, რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადასვლა შესთავაზა. ირინა ყურუა და თანამშრომელების ნაწილი ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით დირექტორი ხელს უშლიდა ახალი ამბების კრიტიკულ და პროფესიულად გამართულ მუშაობას და შესაბამისად, ასუსტებდა ახალი ამბების რედაქციას. მოგვიანებით ტელევიზია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ორმა თანამშრომელმა დატოვა.
ირინა ყურუას განცხადებით, სოსო სტურუას დირექტორობის პერიოდში ხშირი იყო მასზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა: „მე მინახავს სახელისუფლებო ვერტიკალის ზეწოლა, მინახავს ჩემი თვალით ბატონი სოსო სტურუა ცუდ მდგომარეობაში, როცა მას სთხოვდნენ ხელისუფლებისთვის მოსაწონი რიგითობა ყოფილიყო საინფორმაციო გამოშვებებში. მე მინახავს ადამიანურად ძალიან ცუდ დღეში მყოფი ადამიანი... მე არ მინდა განმეორდეს ის პერიოდი, რადგან სოსო სტურუას ხელმძღვანელობის პერიოდი აჭარის ტელევიზიასა და რადიოში იყო ურთულესი“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სოსო სტურუას დირექტორობის პირობებში მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გადაუჭრელ პრობლემებზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო ისეთი პრობლემები, როგორიცაა ხელფასების სამართლიანი გადანაწილება, კონფლიქტური ურთიერთობა მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს შორის, ხარვეზები როგორც ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაში, ასევე შესყიდვების განხორციელების პროცესში.
ბიოგრაფიის მიხედვით, 2004-2013 წლებში სტურუას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხსა“ და აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. დღეს ის აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილეა.
თამილა დოლიძე
თამილა დოლიძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ კანდიდატია. ის ამ ფრაქციის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის ცოლის დეიდაშვილია. ამასთან, თამილა დოლიძის და არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“.
თამილა დოლიძე ერთ-ერთი იყო აჭარის ტელევიზიის იმ 103 თანამშრომლიდან, რომელთაც მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის, წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს. ეს ამბავი მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების პარალელურად ხდებოდა.
თამილა დოლიძის შესახებ არქივში იძებნება 2013 წლის მასალა. ამ დროისთვის აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენდა. სტატიაში აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, თამილა დოლიძე, აღიარებს, რომ ჟურნალისტის მიერ აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ზარის შემდეგ ჩაასწორა. „ჟურნალისტის ტექსტი იყო არაფრისმთქმელი, პრესსამსახურიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რატომ ჩანს ამ საკითხზე ასეთი ტენდენციური მიდგომა. მე, როგორც საჯარო სამსახურის მოხელემ, მოვისმინე ტექსტი და ჩავასწორე, კი არ ჩავასწორე, განვავრცე…“ - განმარტა თამილა დოლიძემ.
1990-2013 წლებში თამილა დოლიძე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში დიქტორად, ტელერეპორტიორად, წამყვან კორესპონდენტად, რედაქტორად და პროდიუსერად მუშაობდა, იყო „ტვ 25-ის“ საავტორო გადაცემა „პერსონას“ რედაქტორი. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს, რადიოს მიმართულებით.
დიანა ვაშაყმაძე
დიანა ვაშაყმაძე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ცინცქილაძემ წარადგინა. მას მრჩეველთა საბჭოს წევრობა 2018 წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა (ვაკანსია „ქართული ოცნების“ კვოტით იყო გამოცხადებული).
ვაშაყმაძე 2014 წლიდან დღემდე „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრს“ ხელმძღვანელობს. მას, ასევე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის პოზიცია ეკავა. 2004-2007 წლებში იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აჭარის მთავრობასა და შემდგომ ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში.
თამარ წილოსანი
თამარ წილოსანი დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ, წარადგინა. ის წლების განმავლობაში აჭარის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, 2014-2019 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. 2016 წლიდან დღემდე კომიტეტს მმართველი პარტიის წევრი ცოტნე ანანიძე ხელმძღვანელობს.
[1] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 355, http://tiny.cc/khjyez