რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია სენაკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა აქვთ თუ არა მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას. ამჯერად წარმოგიდგენთ სენაკის მუნიციპალიტეტის შედეგებს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.
სენაკის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში:
სენაკის საკრებულომ 2016 წლის 25 მარტს მიღებული N13 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს
თუმცა, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.senaki.gov.ge და www.senaki-sakrebulo.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას
არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.
დეტალური მონაცემები იმის შესახებ თუ რა სახის ინფორმაციაა განთავსებული სენაკის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე იხილეთ გრაფიკებზე
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სენაკის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემა, შეასრულოს 2016 წლის 25 მარტს მიღებული N13 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით