რამდენად კანონიერი იყო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მობილური ტელეფონებით დაჯილდოვება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რამდენად კანონიერი იყო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მობილური ტელეფონებით დაჯილდოვება

25 დეკემბერი, 2014

 

2013 წლის 8  ნოემბერს ფინანსთა მინისტრის #372-ე ბრძანებით  სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისთვის მობილური ტელეფონით (iphone 5) დაჯილდოვდნენ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები და მათი ზოგიერთი მოადგილე. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, წახალისების მიზნით დარიგებული მობილური ტელეფონები კონტრაბანდულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას წარმოადგენდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოვყოფთ ორ პრობლემას:

1.ფინანსთა მინისტრს აღნიშნული ბრძანებით  არ ჰქონდა უფლება საკუთარი თავისთვის გადაეცა აღნიშნული ტელეფონი, რადგან ამით დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც ბრძანების ერთ-ერთი საფუძველიცაა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, „ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას“. მაშასადამე, მინისტრის საჩუქრით წახალისების უფლება ჰქონდა მხოლოდ პრემიერ მინისტრს, ვინც არის ფინანსთა მინისტრის სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირი. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა მინისტრს საკუთარი თავის საჩუქრით წახალისების უფლება. შესაბამისად, მან ეს ნივთი უნდა დააბრუნოს ან სახელმწიფოს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი.

2.ქონების (მობილური ტელეფონები) ჩამომრთმევმა ორგანომ (შემოსავლების სამსახური) და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ გამოიყენეს. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მარეგულირებელი აქტი (ფინანსთა მინისტრის ბრძანება #771) განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის სხვადასხვა ფორმას, კერძოდ:

1.ქონების რეალიზაციას აუქციონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით 2. ქონების რეალიზაციას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 3.ქონების რეალიზაციას მესამე პირის მეშვეობით; 4. ქონების უსასყიდლოდ განაწილებას; 5. ქონების განადგურებას; 6. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემას.

აღნიშნული ექვსი ფორმიდან სამი ქონების სხვადასხვა წესით რეალიზაციას წარმოადგენს. არც სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი და არც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მარეგულირებელი აქტი სათანადოდ არ განსაზღვრავს რა შემთხვევებშია შესაძლებელი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ განაწილება და სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ქონების ჩამომრთმევ ორგანოს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც სრულიად აშკარა რისკებთან არის დაკავშირებული.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დარიგებულ მობილურ ტელეფონებს არ ახლდა სრული დოკუმენტაცია, რაც აბრკოლებდა მათ რეალიზაციას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს (ქონების ჩამომრთმევი ორგანო) და მომსახურების სააგენტოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ემოქმედათ და ნარჩენი ღირებულებით რეალიზაციის პრინციპის (რაც მოითხოვს ნივთის შეფასებას) ანალოგიით, აერჩიათ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის არა ფინანსთა სამინისტროსთვის მომგებიანი ფორმა (უსასყიდლოდ გადაცემა), არამედ ამ ქონების რეალიზაციის სამი სხვადასხვა ფორმიდან ერთ-ერთი, რათა მომხდარიყო ქონების იმ ღირებულებით რეალიზება, რაც მას სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის მომენტში ჰქონდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაკარგავდა აღნიშნული ქონების რეალიზებით მისაღებ შემოსავალს. ამგვარად, შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა მინისტრმა ტელეფონების განკარგვისას სათავისოდ გამოიყენეს კანონის არსებული ჩანაწერი და ამით გარკვეული ზარალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

უნდა აღინიშნოს, რომ განხილული ქმედებისგან მაქსიმალური დაზღვევა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შემოღებით, იმპლემენტაციით და ამ სტანდარტებთან კანონმდებლობის (მათ შორის სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მარეგულირებელი აქტის) ჰარმონიზებით იქნებოდა შესაძლებელი, რის განხორციელებაც მთავრობა ახლო მომავალში, სამწუხაროდ, არ აპირებს.

Author: მიხეილ კუკავა