რას (არ) აკეთებს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რას (არ) აკეთებს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო?

18 ნოემბერი, 2019

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო სათანადოდ არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს - საბჭოს შექმნიდან დღემდე არ გამოუჩენია მნიშვნელოვანი ძალისხმევა რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაძლიერებლად და ამ საკითხებზე მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მოკვლეული და წარმოდგენილი გარემოებები განაპირობებენ არსებითი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას, რათა საბჭოს მუშაობის ეფექტიანობა გაიზარდოს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის ზოგადი მიმოხილვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტში ჯერ გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს, შემდეგ კი გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოყალიბება.

საქართველოს პარლამენტის საბჭო ვალდებულია შექმნას და განავითაროს გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობა, განიხილოს შესაბამისი სტრატეგიები, აკონტროლოს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობა, ჩაატაროს ქალთა გასაძლიერებელი ღონისძიებები და აამაღლოს ზოგადი ცნობიერება გენდერულ საკითხებზე.

2014 წლის 16 მაისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოს  დაევალა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან სისტემური და კოორდინირებული მუშაობა.

2014 წელს დააარსებული საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს 10 წევრისგან შედგებოდა და უფლებამოსილი იყო შეემუშავებინა და განეხორციელებინა სამოქმედო გეგმა, ჩაეტარებინა აჭარის კანონმდებლობის გენდერული ანალიზი საკანონმდებლო ინიციატივების წარსადგენად, მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიება, ეწარმოებინა კვლევები და წარედგინა რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

2012-2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი 2016 წლის მაისში დამტკიცებული სამოქმედო გეგმა იყო, სადაც გენდერული თანასწორობის საბჭოს 2016-2018 წლების ვალდებულებები და საქმიანობა გაიწერა.

2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ კი - 2017 წლის 16 მარტს, უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევის პირობებში, გენდერული თანასწორობის ახალი საბჭო დაკომპლექტდა, მოგვიანებით კი 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეიქმნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარის უმაღლესი საბჭოსგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასა და ღია წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლა, თუ რამდენად შესრულდა 2016-2018 წლების გეგმა და რა ეტაპზეა 2019-2020 წლების გეგმის განხორციელება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ 2016-2018 წლის სამოქმედო ანგარიშში გაწერილი 28 ვალდებულებიდან შეასრულა მხოლოდ 6, აქედან 4 - არასრულად. 2016 წლიდან მოყოლებული საბჭოს არ წარუდგენია არანაირი კვლევა, რომელიც მიეძღვნებოდა რეგიონში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წელს წამოაყენა გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვის საკითხი აჭარის კანონმდებლობაში, საფუძვლიანი მუშაობა მოცემული ინიციატივის მისაღებად და განსახორციელებლად ამ დრომდე არ დაწყებულა.

რაც შეეხება 2019-2020 წლების გეგმას, დოკუმენტით გათვალისწინებული 28 საქმიანობიდან ამ დრომდე შესრულებულია მხოლოდ 2.

2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა: სრულად და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების მიმოხილვა

2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, გენდერული თანასწორობის საბჭოს 11 ამოცანის შესასრულებლად უნდა განეხორციელებინა 28 სხვადასხვა სახის საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობდა აჭარაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლებას, ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერულ ბიუჯეტირებას, გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის შემუშავებასა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას.

2017-2018 წლების საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, საბჭომ 4 სხდომა მოიწვია და 16 ღონისძიება ჩაატარა. აქედან, სამოქმედო გეგმით გაწერილი 28 საქმიანობიდან საბჭომ მხოლოდ 6 შეასრულა, მათ შორის 4 -  არასრულად.

 

პოლიტიკურ პარტიებთან გენდერული თანასწორობის საკითხების განსახილველად და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ქალი კანდიდატების მოსამზადებლად შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება იმ საქმიანობათაგანია, რომლებიც საბჭომ 2016-2018 წლის სამოქმედო გეგმიდან ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 2017 წლის 24 ივლისს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმდჯომარის, ნინო ჩხეტიასა და ორგანიზაციის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ინიციატივით, ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩატარდა. ამ ღონისძიების ორგანიზება ვერ ჩაითვლება საბჭოს მხრიდან ვალდებულების შესრულებლად - ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება არ კმარა. ამასთან, საბჭოს მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგები არ დაუგეგმავს.

რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ქალთა რაოდენობის ზრდის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას, გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წელს წამოაყენა ინიციატივა კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” შესატანი ცვლილებების თაობაზე. მოცემული ინიციატივა გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება, რაც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ პოლიტიკური იზოლაციის აღმოფხვრას, თუმცა აღნიშნული ინიციატივა უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმაში გაწერილ კიდევ ერთ ვალდებულებას - ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის შექმნას, 2017 წლის 26 ივნისს, საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული ფართის გამოყოფის თხოვნით. მიუხედავად სამინისტროს წერილში აღნიშნული მზაობისა, ფართი ამ დრომდე არ შერჩეულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლის 23 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე, საერთაშორისო ფონდის რეკომენდაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ შესთავაზა თანამშრომლობა აჭარის მთავრობის, სამინისტროების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკის გავრცელება, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და გენდერული ბიუჯეტირების განხორციელება. აქედან გამომდინარე, გადაწყდა უწყებათშორისო კომისიის შექმნა. აღნიშნული კომისია 2018 წლის 13 აპრილს დააარსდა, თუმცა საბჭოს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად ქმედითია ეს კომისია, ან შეიკრიბა თუ არა ის საერთოდ.

2017 წლის 7 ივლისს, გენდერული თანასწორობის საბჭომ ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორპსთან”, აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობებთან და ა(ა)იპ „ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციასთან” არსებულ ქალთა ოთახებთან. მემორანდუმის მიზანია ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და კვლევების გზით გენდერული თანასწორობის ინტიტუციური მექანიზმების გაძლიერება და მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის დეკემბერში გამართულ ქალ მეწარმეთა ფართომასშტაბიან შეხვედრაზე საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული მემორანდუმის მიზნების შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს რეგიონში ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” გაუგებარია, რა იგულისხმა საბჭოს წარმომადგენელმა: უმაღლესი საბჭოს აპარატს ამ ინიციატივებისა თუ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია არ მოუწოდებია.

2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა

გენდერული თანასწორობის საბჭომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, 2018 წლის 25 დეკემბერს, ახალი სამოქმედო გეგმის განხილვა მოაწყო.

2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც ძველ, ასევე ახალ ამოცანებს:

 

საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად და გასაძლიერებლად უმაღლეს საბჭოში დააარსებულია გენდერული თანასწორობის საბჭოს საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი, რომელშიც შედიან საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე. ამასთან, აჭარის მთავრობაში გენდერული თანასწორობის საბჭოს მრჩევლის პოზიცია შექმნილია.

ამავდროულად, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად საბჭოს დაგეგმილი აქვს ტრენინგები, გასვლითი შეხვედრები და საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც ნინო ჩხეტიამ 2019 წლის 6 ივნისის სხდომაზე ისაუბრა. მიუხედავად ამისა, მოცემული გეგმის შესრულება დღემდე არ დაწყებულა. 

რაც შეეხება განათლებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გენდერულ საკითხებზე, საბჭოს თქმით, მოცემულ ამოცანასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელია აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, გენდერული თანასწორობის საბჭომ კი მათი საქმიანობის მონიტორინგი უნდა აწარმოოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” უცნობია, მოცემული მიზნების მისაღწევად მიმართა თუ არა საბჭომ დასახელებულ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით - ინფორმაცია ამის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოდან არ მიგვიღია.

2019 წლის დასასრულამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა საბჭოს იმ ამოცანებზე მუშაობა, რომელთა შესრულების ვადას 2019 წელი წარმოადგენს, არც დაუწყია - საბჭოს ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია და არც ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებია.

საბჭოს პასიურობა სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის ფაქტებზე აჭარაში

განსაკუთრებით ხაზგასასმელია გენდერული თანასწორობის საბჭოს პასიურობა ბოლო წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გენდერული ნიშნით მომხდარი ძალადობისა და შევიწროების ფაქტებთან დაკავშრებით.

საბჭო საკუთარი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტების დროული გამოძიების მოწოდებებით არა მხოლოდ განცხადებებს უნდა ავრცელებდეს, არამედ პროაქტიულად უნდა მუშაობდეს ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად.

გთავაზობთ 2017-2019 წლებში აჭარის რეგიონში გენდერული ნიშნით შევიწროებისა და ბავშვთა პროსტიტუციის შესახებ გავრცელებული ცნობების მოკლე მიმოხილვას. გენდერული თანასწორობის საბჭო არცერთ დასახელებულ ფაქტს არ გამოხმაურებია:

  • 2017 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა თავისი მეცნიერ-ხელმძღვანელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამავე წლის 3 იანვარს აჭარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და საქმე ქუთაისის პროკურატურას გადაეცა. შემთხვევას ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი გამოეხმაურა და სხვადასხვა უწყებას რეკომენდაციებით მიმართა.
  • 2017 წელსვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო  ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი სავარაუდო სექსუალური შევიწროების გამოძიება - დაზარალებული მე-11 კლასის მოსწავლე იყო, რომლის თქმითაც, 70 წლის მათემატიკის მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა.
  • 2018 წელს აჭარის ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი ბათუმში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვაზე, მათ შორის იძულების გზით. საგამოძიებო რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველები ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოვლენილ ფაქტებს ყურადღებას არ აქცევენ, რაც პრობლემისადმი სახელმწიფოს მხრიდან, სულ მცირე, არასათანადო რეაგირებაზე მიანიშნებს.
  • 2019 წელს კი ისევ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტმა თავისი პროფესორი, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან”, ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. მახარაძემ, რომელსაც უნივერსიტეტში ხელშეკრულება შეუწყვიტეს, დატოვა ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, თუმცა დეპუტატის მანდატი შეინარჩუნა. შემთხვევას არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ გამოეხმაურნენ.

ეს ფაქტები პირდაპირ კავშირშია იმ პრობლემებთან და ამოცანებთან, რომელთა გადაჭრასაც აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო უნდა ცდილობდეს. სამწუხაროდ, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად, აღნიშნულ ინფორმაციას არც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გამოხმაურებია, რომლის ვალდებულებაც სწორედ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებაა. ერთადერთხელ, აღნიშნული კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ გამოთქვა მოსაზრება ბათუმში გენდერული ნიშნით ჩაგვრის ფაქტზე, რაც ეხებოდა შავი ზღვის სანაპიროზე ქალი მაშველების საქმიანობის დაწყების ნეგატიურ შეფასებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.

დასკვნა და რეკომენდაციები

მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო პასიური და არაეფექტურია: 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა საბჭომ ვერ შეასრულა, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას იმაზე, რომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაც, შესაძლოა, ვერ განხორციელდეს, რადგან ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებული უნდა იყოს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს:

  • დროულად და ეფექტიანად განაგრძოს მუშაობა 2019-2020 წლების გეგმის განსახორციელებლად;
  • ეფექტიანად აამუშავოს უწყებათაშორისო კომისიის პლატფორმა სამუშაო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად;
  • აქტიურად გამოეხმაუროს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვან გოგონათა პროსტიტუციაში ჩართვის ფაქტებს და მიმართოს შესაბამისი რეკომენდაციებით საგამოძიებო ორგანოებს;
  • გააძლიეროს პროაქტიული მუშაობა საზოგადოებაში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად, საჯარო დისკუსიების, შეხვედრების, კამპანიების მეშვეობით, რაც შეიძლება კარგი საშუალება აღმოჩნდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობის გასაღრმავებლად.