რას ფიქრობენ მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე?
კვლევის შედეგები და რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“
საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობების შესახებ, – ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსის ცენტრების“ (CRRC) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით მიღებული შედეგები. CRRC-მ საქართველოს 1918 მოქალაქე 2013 წლის 3-26 ოქტომბრის პერიოდში გამოკითხა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული რესპოდენტების 19% ძალიან ცუდად ერკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი მთავრობა – მუნიციპალიტეტი/მერია თუ საკრებულო. მოსახლეობის მხოლოდ 2% თვლის, რომ ძალიან კარგად იცნობს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ურთიერთობას არასაკმარის დროს უთმობენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ნაკლებად იყენებენ სოციალურ ქსელებს ან აწყობენ საჯარო შეხვედრებს იმისთვის, რომ საკუთარი მუშაობისა და აქტივობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდონ.
გამოკითხულთა მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ მისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის გამგებელი/მერი სრულად წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესებს. ამასთანავე, 14%-ს მიაჩნია, რომ იგივე თანამდებობის პირი საერთოდ არ წამოადგენს მოქალაქეთა ინტერესებს. საკრებულოს შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე სურათი მივიღეთ: გამოკითხულთა მხოლოდ 2% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეს არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანო ხალხის ინტერესებს გამოხატავს, ხოლო საპირისპირო მოსაზრება 14%-ს აქვს.
კვლევის შედეგები იმის ხაზგასმის საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობის პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული. კერძოდ: საკრებულოს წევრებს ელექტორატთან კომუნიკაცია აკლიათ და ისინი საკუთარი აქტივობების განხორციელებამდე ნაკლებად მართავენ საჯარო განხილვებს, არ არიან ორიენტირებულნი მოქალაქეების საჭიროებების გაგებაზე, არ დგამენ ნაბიჯებს იმისათვის, რომ კონკრეტული პრობლემების განხილვა-გადაწყვეტის დროს რიგითი ამომრჩევლის მოსაზრებები გაიზიარონ და ჩართონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 4% დასწრებია საკრებულოს სხდომას. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებების მიღება ექსკლუზიურად კოლეგიური ორგანოს წარმომადგენელთა უფლებამოსილებად რჩება თან ისე, რომ გადაწყვეტილებების შესახებ პოსტ ფაქტუმ აგებინებენ იმ ადამიანებს, რომელთაც ესა თუ ის სამართლებრივი აქტი თუ დადგენილება ეხებათ.
კვლევის შედეგების მიხედვით, პოზიტიურია ის, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას აპირებს – გამოკითხულთა 55%-მა უპასუხა, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. რესპოდენტთა მხოლოდ 4%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება საარჩევნო კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთებას, ამ დროს გამოკითხულთა 34% უპირატესობას კანდიდატების პატიოსნებას მიანიჭებს, 22% კი მათ განათლებას მიაქცევს ყურადღებას, თითქმის ამდენივე – 21% უპირატესობას მათ სამუშაო გამოცდილებაზე მიანიჭებს. რელიგია სასურველი კანდიდატის შემოხაზვისას მხოლოდ 2%-ისთვის არის გადამწყვეტი, პოლიტიკური კუთვნილება კი – რესპოდენტთა 7%-ისთვის.
საინტერესოა, რომ გამოკითხვის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების რაოდენობა მეტია, ვიდრე – უარყოფითად (არ სურთ მუნიციპალურ საკითხებში ჩართვა, არ ფიქრობენ, რომ მერი/გამგებელი და საკრებულო გამოხატავენ მოსახლეობის ინტერესებს), შესაბამისად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება და უზრუნველყოს გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა ფართო ჩართულობა; გასცეს ინფორმაცია მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესაბამისად; ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შენობების შესასვლელთან დადგმულ საინფორმაციო დაფაზე სისტემატურად უნდა გამოიკრას მოქალაქეთათვის სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს, ბიუჯეტის ხარჯვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით უზრუნველყოს და საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისათვის.