რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

05 დეკემბერი, 2013

რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პირველი განხილვა მოეწყო. 2014 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი პროექტით წარმოდგენილია 22 მილიონ 715 ათასი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის მთიანი მოწულობა წინა წელთან შედარებით თითქმის 2 მილმიონი ლარითაა გაზრდილი. თუმცა ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა.

„საერთაშრისო გაჭვრივალობა-საქართველომ” 26 ნოემბერს გამოქვეყნა განცხადება და დადებითად შეაფასა მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციების დიდი ნაწილის გათვალისწინება, თუმცა ამავე დროს, ორგანიზაციას აქვს რამდენიმე შენიშვნა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, რომელთაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

  • ბიუჯეტის პროექტით, ერთი მილიონ 100 ათასი ლარია გამოყოფილი ფეხბურთის ხელშეწყობისა და დაფინანსებისათვის. ამ თანხის დიდი ნაწილით - 800 ათასი ლარით ხდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდი“ დაფინანსება, რაც ჩვენი აზრით, არ არის მიზანშეწონილი ხარჯი. საფეხბურთი კლუბის დაფინანსება არ წარმოადგენს თვითმმართველობის ექკსლუზიური უფლებამოსილებას მთუმეტეს მაშინ, როდესაც არ არის გამოკვლეული თუ რა სავარაუდო შედეგს მოიტანს ინვესტიციის ამ მიმართულებით ზრდა. ამავდროულად, თუკი გავითვალისწინებთ მუნიციპალიტეტის მწირ ფინანსურს რესურსებს, უმჯობესი იქნება, ეს თანხა მიიმართოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის აუცილებელი სამეურნეო საჭიროებების მოგვარებისაკენ. თუმცა თუკი საზოგადოების მოთხოვნას ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს, სასურველია ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს ააიპ „ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” დაფინანსება.

  • მიუხედავად მწვავე პრობლემისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება სოფელ ცაიშის ნაგავსაყრელზე არსებული მძიმე სიტუაციის გამოსასწორებლად. „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ“ 2013 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა კვლევა „ნარჩენების მართვის პრობლემები და პერსპექტივები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, სადაც დეტალურად არის აღწერილი მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელით გამოწვეული პრობლემები. ნაგავსაყრელი ღია ტიპისაა და არ არის უზრუნველყოფილი გარემოს დაცვისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, აბსოლუტურად იგნორირებულია გარემოსდაცვითი სტანდარტებიც. აღნიშნული კი ყოველდღიურად პირდაპირ საფრთხეს უქმნის სოფელ ცაიშის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  მიგვაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2014 წელის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს იმ მინიმალური ღონისძიებების დაფინანსება, რაც ნაწილობრივ მაინც შეამცირებს არსებულ რისკებს.  აღნიშნული საკითხის აბსოლუტური იგნორირება დაუშვებელია.

  • ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 30 ათასი ლარია გათვალისწინებული სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის. თუკი გავითვალისწინებთ მიმდინარე წლის გამოცდილებას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამის დაფინანსება უფრო სოლიდური უნდა იყოს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი 2013 წელს წყალდიდობითა და მეწყრით არაერთხელ მნიშვნელოვნად დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები მთავრობამ ზარალის დათვლის შემდეგ გამოყო და მოსახლეობის ნაწილს კომპენსაცია გადასცა კიდეც, თუმცა პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას და ადგილობრივმა თვითმმართველობამ მეტი რესურსი უნდა გამოყოს დაზარალებული ოჯახების დროულად დასახმარებლად.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა გეგმავს, რომ 2014 წელს 90 ათასი ლარი დახარჯოს „შშმ პირთა დაცვისა და რეაბილიტაციის“ პროგრამისათვის. ზუგდიდში 450-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია (ისინი ეტლის მეშვეობით გადაადგილდებიან). მათი თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა კი მოწყობილი არ არის. გამგეობისა და საკრებულოს შენობაში შეუძლებელია ეტლით შესვლა, შესასვლელში პანდუსი მოწყობილია, თუმცა აუცილებელი სტანდარტების დაცვის გარეშე. გაცილებით მძიმე მდგომარებაა სხვა საჯარო უწყებებში. მიგვაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს მინიმუმ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შშმ პირთა ეტლით თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

  • ბიუჯეტის პროექტით ასევე არ არის გათვალისწინებული „წყლის სისტემის რეაბილიტაცია ექსპლუატაციისა“ და „საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაციის“ სამუშაოები, მაშინ როდესაც ორივე მიმართულებით მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი პრობლემებია.

  • კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება ბიუჯეტის პროექტში ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამას, რომლისთვისაც 2013 წლისთვის გამოყოფილია 40 ათასი ლარი. როგორც აღმოჩნდა, ამ პროგრამის ბენეფიციარები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები არიან. ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტმა პროგრამით მოსარგებლეთა წრე უნდა გაზარდოს და გაითვალისწინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაღუპული სამხედროების ოჯახები და ამავე საომარ მოქმედებებში დაზარალებული ჯარისკაცები. ბუნებრივია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებას შედეგად ხარჯების ზრდა მოჰყვება, თუმცა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და დაზარალებული სამხედროები დახმარებას იღებდნენ არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსგან, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან.

  • 2013 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელზე პრემია ხუთჯერ გაიცა. ხუთივე შემთვევაში პრემიის გაცემა დაემთხვა რელიგიურ დღესასწაულს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე პრემიები გაიცემოდა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით1 – სათანადო დასაბუთების გარეშე; არ გაკეთებულა თუნდაც ზეპირი სახის განმარტება, თუ რა კონკრეტული დამსახურებისათვის მიიღო ამა თუ იმ საჯარო მოხელემ, ხშირ შემთხვევაში ხელფასის ოდენობის პრემია; ასევე, გაუმჭვირვალეა პრემიების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გამომდინარე აქიდან, მივმართავთ რეკომენდაციით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - გამგეობასთან ერთად მიმდინარე წელსვე შეიმუშავოს და განსაზღვროს პრემიებისა და სახლეფასო დანამატის გაცემის წესი, მეთოდოლოია და ოდენობა, რათა ახალი საბიუჯეტო წლისათვის აღნიშნული პროცედურა საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით იყოს განსაზღვული. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ეს იქნება პირველი, დადებითი პრეცენდენტი საქართველოში და იგი მნივნელოვნად შეუწყობს ხელს ბიუჯეტის ეკონომიას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინების შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული იქნება და იგი ყველა იმ აქტუალურ პრობლემას დაფარავს, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები პირველ რიგში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა, შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმივისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს. შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, პრიორიტეტი არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს.  


1მართალია კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული პრემიის გაცემის წესი, მაგრამ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თან უნდა დაერთოს, შესაბამისი დასაბუთება, როემლშიც მითითებლი უნდა იყოს ყველა ის გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 53, ნაწილი 1, 2. 4

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“