საეჭვო შესყიდვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საეჭვო შესყიდვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

04 ივლისი, 2023

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები შპს “როუდ პლიუსი” და  შპს “ბილდინგ გრუპ 17” ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ.

კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 22,108,948 ლარის ტენდერები მიიღეს. აქედან 12,129,286 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის.

შპს “როუდ პლიუსი”

შპს “როუდ პლიუსი” 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი თავად ზაზა ანთიაა.

კომპანია 2021 წლიდან დღემდე 46 ტენდერში მონაწილეობდა და 16 შემთხვევაში გაიმარჯვა. მიღებული თანხების ჯამური ოდენობა 10,043,113 ლარია, საიდანაც 3,715,316 ლარი ზუგდიდის მერიაზე მოდის.

შპს “როუდ პლიუსს” 16 მოგებული ტენდერიდან 8-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 3 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო.

 

შპს “ბილდინგ გრუპ 17”

2017 წელს რეგისტრირებული შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ზაზა ანთიას დედა, აზა ჩიხლაძეა, სატენდერო დოკუმენტაციას კი ხელს აწერს სწორედ ზაზა ანთია, როგორც მინდობილი პირი.

შპს “ბილდინგ გრუპ 17” ტენდერებში 2018-2021 წლებში მონაწილეობდა, ჯამში 74 ტენდერიდან 32-ში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 12,005,725 ლარი შეადგინა, საიდანაც 8,333,860 ლარის ხელშეკრულებები ზუგდიდის მერიაზე მოდის. შპს “ბილდინგ გრუპ 17”-მა ზუგდიდის მერიისგან ასევე 60,110 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ს 32 მოგებული ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 ტენდერში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, შპს “როუდ პლიუსისა” და შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ის ჩართულობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის  ნიშნებს.