„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივები ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისთვის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივები ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისთვის

22 თებერვალი, 2021

 

2021 წლის იანვარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოფიციალურად წარადგინა 14 კონკრეტული ანტიკორუფციული ინიციატივა, რომელიც სასურველია აისახოს ქვეყნის განახლებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმაში. ინიციატივები ეფუძნება როგორც ჩვენ მიერ ადგილობრივი კონტექსტის სიღრმისეულ კვლევებს, ისე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

მიგვაჩნია, რომ განახლებულმა ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სტრატეგიამ პირდაპირ და სათანადოდ უნდა ასახოს კორუფციის მხრივ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევები, რომელთა შესახებაც სულ უფრო ხშირად საუბრობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. კერძოდ, სტრატეგიის დოკუმენტში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის კონკრეტულად მაღალი დონის კორუფცია და მასთან დაკავშირებული კორუფციის კომპლექსური ფორმები.

შესაბამისად, ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაშიც მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს სწორედ მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გზებს, რომელთაგან უპირველესია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კორუფციასთან მებრძოლი დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნა არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ მყისიერი შედეგის ყველაზე მოკლე დროში მოტანა შეუძლია.

გარდა ამისა, აუცილებელია რიგი რეფორმების განხორციელება, რაზეც სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა ფორმით აქვს ვალდებულება აღებული. მათ შორისაა:

  • კომპანიათა ბენეფიციარი მესაკუთრეების სრული გასაჯაროება;
  • კორუფციული დანაშაულის მხილებისა და მამხილებელთა დაცვის სისტემის პრაქტიკაში რეალური ამუშავება;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება;
  • ინტერესთა შეუთავსებლობის მართვის მექანიზმის ამუშავება;
  • სახელმწიფო შესყიდვების საინფორმაციო ბაზის სრული გახსნა (ღია ფორმატში გამოქვეყნება).

მიგვაჩნია, რომ მაღალი დონის კორუფციის პრობლემის პირდაპირი აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება კორუფციასთან ბრძოლის პროცესში. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა პრობლემის აღიარებაზე უარი თქვა, როდესაც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ წინა მოწვევის პარლამენტში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან” თანამშრომლობით დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული  საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია მიმდინარე წლის თებერვალში.

ამ კონტექსტში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია სწორად ასახავდეს კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევას, რათა შეიქმნას შესაბამისი რეფორმის გატარების წინაპირობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული ინიციატივები:

1. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა

კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევების მხრივ საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა არასათანადო რეაგირება მაღალი დონის კორუფციულ დანაშაულზე – ისეთ შემთხვევებზე, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირები ფიგურირებენ. ევროპის პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში „სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის ელიტური კორუფცია“ და რომ ქვეყანაში ჯერაც არ არსებობს „მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების მდგრადი გამოცდილება“. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი უფლებამოსილებებითა (საგამოძიებო უფლებამოსილება) და რესურსებით, რათა პირდაპირ უპასუხოს მაღალი დონის კორუფციის გამოწვევას. პარლამენტში უკვე წარდგენილია შესაბამისი კანონპროექტთა პაკეტი. მიგვაჩნია, რომ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეფორმის გატარების პროცესს.  

2. მამხილებელთა სისტემის გაუმჯობესება

ქვეყანაში ეფექტური ანტიკორუფციული სისტემის შესაქმნელად აუცილებელია მხილებისა და მამხილებელთა დაცვის გამართული და ქმედითი მექანიზმის არსებობა. ამ სფეროში რეფორმა საქართველოში 2015 წელს გატარდა. თუმცა, ბოლო ხუთი წლის ანალიზი აჩვენებს, რომ მხილების მექანიზმი დიდწილად ქაღალდზე რჩება და პრაქტიკაში მისი სრულფასოვანი ამოქმედება დღემდე ვერ მოხერხდა:

  • საჯარო სამსახურში არ არსებობს მხილების განცხადების იდენტიფიცირების რაიმე საერთო სტანდარტი ან მიდგომა, ასევე შიდა პროცედურებისა და წესების შესახებ მინიმალური სტანდარტები.
  • ძალოვან საჯარო დაწესებულებებს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) დღემდე არ აქვთ შემუშავებული მხილებისა და მამხილებელთა დაცვის სპეციალური კანონმდებლობა, რის გამოც მათი თანამშრომლები დაუცველნი არიან მხილების გამო შესაძლო შურისძიებისგან.
  • არ არსებობს პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც: შეაგროვებდა და გამოაქვეყნებდა მხილების შემთხვევებისა და მათზე რეაგირების სტატისტიკას, ასევე, მონაცემებს საჯარო მოხელეების ინფორმირებულობის შესახებ; შეიმუშავებდა მხილებასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს; მონიტორინგს გაუწევდა ასეთი სტანდარტების დანერგვას საჯარო დაწესებულებებში; ცხელი ხაზის მეშვეობით კონსულტაციას გაუწევდა დაინტერესებულ პირებს მხილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გააკონტროლებდა მხილების განცხადებების გამოძიების პროცესს; მიიღებდა და შეისწავლიდა მამხილებლებზე ზეწოლის შემთხვევებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ მხილების მექანიზმის პრაქტიკაში ასამუშავებლად:

  • ძალოვანი საჯარო დაწესებულებებისთვის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) შემუშავებულ და მიღებულ უნდა იქნეს მხილებისა და მამხილებელთა დაცვის სპეციალური კანონმდებლობა;
  • შემუშავებულ იქნეს მხილების შიდა მექანიზმების მინიმალური სტანდარტები და საჯარო დაწესებულებებს კანონით უნდა მოეთხოვოთ ამ მექანიზმების დანერგვა;
  • გამოვლინდეს პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც შეაგროვებს სტატისტიკას მხილების შემთხვევებისა და მათზე რეაგირების შესახებ და პროაქტიულად გაასაჯაროებს ამ ინფორმაციას. ასევე, განხილულ უნდა იქნეს მამხილებელთა დაცვის შესახებ ცალკე კანონის მიღების შესაძლებლობა.

3. ე.წ. მბრუნავი კარის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და აღსრულება

მიუხედავად კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, პრაქტიკულად არ ხდება კორუფციის იმ რისკების მართვა, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში გადანაცვლებას უკავშირდება. არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების ქმედითი მექანიზმები და განსაზღვრული არ არის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო ან ორგანოები. შედეგად, ბოლო წლებში გახმაურებული ამ ნორმების დარღვევის ყველა შესაძლო შემთხვევა რეაგირების გარეშე დარჩა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ:

  • კანონს დაემატოს შესაბამისი ტერმინების განმარტებები (ან შეიცვალოს შესაბამისი ნორმის ამჟამინდელი ფორმულირება), რათა აღმოიფხვრას ორაზროვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კატეგორიის შემთხვევებზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული შეზღუდვები.
  • კანონით მკაფიოდ განისაზღვროს უწყება, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ყოფილი თანამდებობის პირების მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას.
  • კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოების ყოფილ ხელმძღვანელ პირებზე იმ შემთხვევებში, სადაც ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკები არსებობს.

4. სააქციო საზოგადოებების მეწილეთა გამჭვირვალობა

დღეის მდგომარეობით, საქართველოში სააქციო საზოგადოებების მფლობელთა შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. საჯაროა მხოლოდ სააქციო საზოგადოების მეწილეთა ვინაობა და წილების განაწილება უშუალოდ დაფუძნების მომენტისთვის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს). დაფუძნების შემდგომ მეწილეთა ცვლილების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სუბიექტის მიერ აღირიცხება, თუმცა არ არსებობს ბიზნეს რეესტრის სახის ერთიანი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა.

სააქციო საზოგადოებების მეწილეთა შესახებ ინფორმაციის დაფარულობა აჩენს იმის რისკს, რომ მეწარმეებმა ან თანამდებობის პირებმა გამოიყენონ ეს ფარულობა არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ეს ინფორმაცია უნდა დარჩეს დახურული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ სააქციო საზოგადოებების მეწილეთა შესახებ ინფორმაცია აღირიცხოს ერთ სივრცეში და გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.    

5. ბენეფიციარული მესაკუთრეობის ღიაობის უზრუნველყოფა

ბოლო წლებში ბენეფიციარული მესაკუთრეობის ღიაობა საერთაშორისო დონეზე გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ანტიკორუფციული ინსტრუმენტი. ამ სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი საკანონმდებლო ნაბიჯები უკვე გადაიდგა როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე არსებობს ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტიც - Open Ownership Principles. საქართველოში ბენეფიციარული მესაკუთრეობის ღიაობა არ არის უზრუნველყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ოფშორული კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილნი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ:

  • სავალდებულო გახდეს ბენეფიციარ მფლობელთა ვინაობის გამჟღავნება ნებისმიერი იურიდიული პირისთვის და შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი ბენეფიციარ მფლობელთა რეესტრი.
  • კომპანიებს, რომლებსაც არ აქვს გამჟღავნებული მათი ბენეფიციარი მესაკუთრე/ები, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო შესყიდვებში, „საპარტნიორო ფონდის” პროექტებში ან სხვა სახელმწიფო პროგრამებში, მაგალითად COVID 19-თან დაკავშირებული საშეღავათო პროგრამებში, მონაწილეობის მიღების უფლება. შეზღუდვა ასევე უნდა შეეხოს ამ კომპანიების შვილობილ კომპანიებს.

6. პრივატიზაციის სრული ბაზის დამუშავებად ფორმატში პროაქტიულად გამოქვეყნება

დღეის მდგომარეობით, ხელმისაწვდომი არ არის და პროაქტიულად არ ქვეყნდება სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების შესახებ სრული ინფორმაცია. არსებობს privatization.ge, სადაც თავსდება ელექტრონული აუქციონის შედეგად გასხვისებული ქონების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია აუქციონში გამარჯვებული პირების შესახებ), თუმცა ვებგვერდზე ინახება მხოლოდ ბოლო 2 თვის მონაცემები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ პრივატიზაციის სფეროში კარგი და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით, სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” სრულად, პროაქტიულად და დამუშავებად ფორმატში (მაგ.: Excel), უნდა გამოაქვეყნოს პრივატიზაციის სხვადასხვა პროცედურით გასხვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან დაკავშირებული ინიციატივები

7. ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესება

2017 წელს ამოქმედდა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება იყო. თუმცა, მონიტორინგის პროცესის ზოგიერთი ხარვეზი ამჟამად ართულებს მონიტორინგის უმთავრესი მიზნების - ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და უკანონო გამდიდრების შემთხვევების გამოვლენის - მიღწევას. მონიტორინგის მიერ ბოლო წლებში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ მონიტორინგი თითქმის მთლიანად ფოკუსირებულია დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის სისრულის შემოწმებაზე და რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოვლენას. 2017-2019 წლებში საჯარო სამსახურის ბიურომ 1,347 დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად სულ 9 დარღვევა გამოავლინა, რომელიც გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მეთოდოლოგიამ ასევე მოიცვას ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოვლენის მეთოდები და მონიტორინგის რესურსების ნახევარი მაინც მიემართოს ამ მიმართულებით.

8. დეკლარაციების შერჩევის დამოუკიდებელი კომისიის არშექმნის შესაძლებლობის აღმოფხვრა

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის სერიოზული ხარვეზია დეკლარაციების შერჩევის კომისიის არშექმნის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ გროვდება კომისიის წევრობის მსურველთა საკმარისი რაოდენობა, საჯარო სამსახურის ბიუროს მხოლოდ ერთხელ შეუძლია გამოიყენოს 3 დღიანი დამატებითი ვადა. ხოლო, თუ ამის შემდეგაც ვერ შეგროვდა საკმარისი განცხადება, კომისია არ შეიქმნება. ამ ხარვეზის გამო 3 წლის განმავლობაში კომისია 2-ჯერ ვერ შეიქმნა. აუცილებელია, გამოირიცხოს კომისიის არშექმნის ყველანაირი შესაძლებლობა; ასევე, მისი არშექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ შესარჩევ დეკლარაციათა 5% უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. დღესდღეობით, ეს არ ხდება, რის შედეგადაც, მაგალითად 2018 წელს, როდესაც ვერ შეიქმნა კომისია, დეკლარაციების 10%-ის ნაცვლად შემოწმდა მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 5%. კომისია ვერც 2020 წლისთვის შეიქმნა.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ:

  • გამოსწორდეს მონიტორინგისთვის დეკლარაციების შერჩევის დამოუკიდებელი კომისიის არჩევის წესთან დაკავშირებული ხარვეზები, რათა გამოირიცხოს კომისიის არშექმნის შესაძლებლობა;
  • იმ შემთხვევაში, თუკი კომისია მაინც ვერ შეიქმნება, კომისიის მიერ შესარჩევ დეკლარაციათა 5% უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

9. ქონებრივი დეკლარაციის ფორმისა და შინაარსის ძირეული გაუმჯობესება

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის იმ გამოცდილებამ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წლების განმავლობაში დააგროვა, გვაჩვენა, რომ დეკლარაციაში შესული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეიქმნას სრული სურათი კონკრეტული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ საჭიროა დეკლარაციის ფორმის განახლება და შინაარსის გავრცობა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა სპეციალური კვლევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს დეკლარანტთა წრე, მოხდეს დეკლარაციის შინაარსის გავრცობა და დეტალიზება, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ამომწურავი გასაჯაროება, დეკლარაციის შევსების პროცესის გამარტივება, მათ შორის პასუხების სტანდარტიზებითა და ავტომატიზების გზით.

10. ქონებრივი დეკლარაციების ღია ფორმატში გამოქვეყნება

ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია ქვეყნდება PDF ფორმატში, რაც ზღუდავს ამ ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში დამუშავების შესაძლებლობას. აუცილებელია, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაცია გროვდებოდეს სტრუქტურირებულად და ქვეყნდებოდეს დამუშავებად (ე.წ. ღია მონაცემთა) ფორმატში, რაც შესაძლებელს გახდის მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში დამუშავებას და გაამარტივებს მონიტორინგის პროცესს როგორც საჯარო სამსახურის ბიუროსთვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია გამოქვეყნდეს ღია მონაცემთა, დამუშავებად ფორმატში (მაგ: CSV ან Excel).

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინიციატივები

11. სახელმწიფო შესყიდვების სრული მონაცემთა ბაზის ღია მონაცემთა ფორმატში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზა დამუშავებად, ე.წ. „ღია მონაცემთა“, ფორმატში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. სისტემის გაციფრულების 10 წლის თავზეც კი დაინტერესებულ მხარეებს არ აქვთ მარტივი და პირდაპირი წვდომა შესყიდვების შეჯამებულ, ნედლ მონაცემებზე. არსებული სისტემა გვანახებს მხოლოდ ცალკეული შესყიდვის შესახებ ინფორმაციას და მისგან შეუძლებელია რაიმე სახის ზოგადი სტატისტიკის და შეჯამებული მონაცემების ამოღება. ეს კი, თავის მხრივ, უდიდესი ბარიერია სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მოწყვეტილნი არიან შესყიდვების შესახებ შეჯამებულ (ე.წ. აგრეგირებულ) მონაცემებს და ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი, აკადემიური თუ კომერციული მიზნებისთვის მათ გამოყენებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ საბოლოოდ გაიხსნას სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მასში არსებული ინფორმაცია ღია მონაცემთა ფორმატში ხელმისაწვდომი გახდეს. ამ მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს „ღია კონტრაქტების მონაცემთა სტანდარტის“ (Open Contracting Data Standard - OCDS) სრული დანერგვითა და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის“ (API) ჩაშენებით.

12. ქვეკონტრაქტებისა და ქვეკონტრაქტორი მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გამჭვირვალობის მაღალი დონით გამოირჩევა, ქვეკონტრაქტორები რჩება იმ გამონაკლისად, რომელზეც თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ქვეყნდება. ამრიგად, ქვეკონტრაქტორების გამოყენება რჩება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დაფარულ მხარედ, სადაც მაღალია ყველა იმ მავნე პრაქტიკის არსებობის ალბათობა, რომელთა თავიდან აცილებასაც ემსახურება შესყიდვის გამჭვირვალე ტენდერები. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული გამჭვირვალობის სტანდარტი სრულად გავრცელდეს ქვეკონტრაქტორ მიმწოდებლებსა და მათთან დადებულ ქვეკონტრაქტებზე. ქვეკონტრაქტირების შესახებ სრული ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო შესყიდვების პლატფორმაზე.

13. კორუფციული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებისთვის წვდომის შეზღუდვა სახელმწიფო შესყიდვებზე

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ბევრი მნიშვნელოვანი დადებითი მხარის მიუხედავად,  სისტემა  ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას. დღეს მოქმედი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი კომპანიებისადმი არასაკმარისად მკაცრი მიდგომაა. დღესდღეობით, ასეთი პრობლემების პრევენციის გზა მხოლოდ „შავი სიაა“, რომელში მოხვედრილ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. თუმცა, „შავ სიაში“ შემავალი კომპანიის მფლობელებს შეუძლიათ, სხვა კომპანია დააფუძნონ და ისე მიიღონ შესყიდვებში მონაწილეობა ან „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიით ქვეკონტრაქტორები გახდნენ. ასევე პრობლემურია სახელმწიფო შესყიდვებში იმ კომპანიებისა და პირების მონაწილეობა, რომლებიც წარსულში კორუფციაში იქნენ მხილებულნი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ:

  • დაწესდეს სავალდებულო აკრძალვა იმ კომპანიებისა და კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კორუფციულ დანაშაულში არიან მხილებულნი;
  • სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს აეკრძალოთ, ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული ან იმყოფებიან „შავ სიაში“.

14. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება სარეზერვო ფონდებზე

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებზე. ასეთი გამონაკლისის არსებობა ზრდის კორუფციის რისკს საჯარო რესურსების განკარგვის პროცესში. ჩვენი მოსაზრებით, არ არსებობს მიზეზი, რაც გაამართლებდა კანონიდან ასეთი სრული გამონაკლისის არსებობას სარეზერვო ფონდებთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც არსებობს შესყიდვის არაერთი მოქნილი მექანიზმი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი გავრცელდეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე.