საქართველო და OGP – მეტი ამბიცია ღიაობისთვის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველო და OGP – მეტი ამბიცია ღიაობისთვის

30 სექტემბერი, 2014

 

24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტი ჩატარდა, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფებოდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. 2014 წლის აგვისტოში საქართველო ორი წლის ვადით აირჩიეს OGP-ის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრად, ხოლო მანამდე ქვეყანამ OGP-ის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც ამ გლობალური პლატფორმის ძირითადი ღირებულებების – გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ამ მიზნით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება – ეროვნულ დონეზე განხორციელებას ისახავს მიზნად. საქართველოს ერთგულებას ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების მიმართ პრემიერმა ღარიბაშვილმაც გაუსვა ხაზი საკუთარ გამოსვლაში. გვსურს გაგაცნოთ ინფორმაცია საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები პრემიერმინისტრის მიერ კონფერენციაზე გამოთქმულ განცხადებებზე.

1. საქართველოს მიერ მეორე სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები

„ღია მმართველობის ძირითადი ღირებულებები – გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია – ეს არის საკვანძო ღირებულებები ჩვენი მთავრობისათვის.“

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს 2014-2015 წლის ახალი სამოქმედო გეგმა მის წინამორბედთან შედარებით მართლაც უფრო მეტ კონკრეტულ ვალდებულებასა და უფრო მეტი საჯარო უწყების პასუხისმგებლობას მოიცავს: გეგმაში წარმოდგენილია 26 ვალდებულება, რომელზეც პასუხისმგებელია 16 საჯარო უწყება. გეგმა ეხმიანება OGP-ის ყველა ძირითად ღირებულებას, თუმცა გვსურს, ქვემოთ ყურადღება მის რამდენიმე სისუსტეზე გავამახვილოთ. მაგალითად, სამოქმედო გეგმა შეიცავს რიგ ვალდებულებებს, რომელთა კავშირი OGP-ის ძირითად ღირებულებებთან არ არის ნათელი. 26 ვალდებულებიდან, 10 ეხება საჯარო სერვისების მიწოდებასა და საჯარო უწყებების მართვის შიდა სისტემების გაციფრულებას, ხოლო 3 ვალდებულება ეხება ეროვნული არქივის მონაცემების მეტ გამჭვირვალობას. ეს, თავისთავად, სასარგებლო ვალდებულებებია, თუმცა ღია მმართველობის მიზნებისთვის, უმჯობესი იქნებოდა მეტი აქცენტი ახალი საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოქალაქეთათვის საჯარო სერვისებით სარგებლობისას მეტი არჩევანის მიცემაზე გაკეთებულიყო.

საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნებასა და მოქალაქეთა ჩართულობისთვის ერთიანი ელექტრონული პლატფორმების შექმნას, რაც ღია მმართველობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წარმოადგენს, საქართველოს ახალ სამოქმედო გეგმაში მხოლოდ 4 ვალდებულება ეხება.

2. მთავრობის ანგარიშვალდებულება

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ.“

ირაკლი ღარიბაშვილი

მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით აღებული ზოგიერთი ვალდებულება, თემების აქტუალობის მიუხედავად, მოკლებულია ამბიციას. კერძოდ, ისინი მეტისმეტად ტექნიკური და პროცესზე ორიენტირებულია. მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვალდებულება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტის მიერ მიღებული რეკომენდაციების მიღებასა და hr.gov.ge-ს შემდგომ განვითარებას. თუმცა გეგმა არ შეიცავს კონკრეტულ ინდიკატორებს საზოგადოებისთვის ამ მიზნით მიღწეული შედეგების სარგებლიანობის გასაზომად. 

უმჯობესი იქნებოდა, რომ მთავრობის ეს და სხვა ვალდებულებები ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავებასთან, OGP-ის ფორუმის მუშაობის გაუმჯობესებასთან, საარჩევნო პროცესებზე მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასთან და საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უფრო მეტად ყოფილიყო ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე და ამ სფეროებში ახალი ინიციატივების, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვაზე.

3. საზოგადოებრივი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

„ჩვენმა მთავრობამ მიაღწია იმას, რომ უპრეცენდენტოდ გაიზარდა ღიაობისა და სამოქალაქო მონაწილეობის დონე, რაც წარმოადგენს OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებას. მთავრობის თითქმის ყველა პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივა გადის ფართო, ინკლუზიური და სერიოზული საჯარო კონსულტაციების პროცესს.“

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით ხელისუფლებამ უფრო ქმედითი რეფორმები უნდა გაატაროს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხის განხილვაში ხელისუფლებამ საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყო (მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინ), სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას (მაგალითად, მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადება) მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეიქმნა. ეს მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომ საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების ინსტიტუციონალიზიაცია ჯერ არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მიერ OGP-ის წინა სამოქმედო გეგმით აღებული და არშესრულებული ვალდებულება, პარლამენტის მიერ საკანონმდებლო აქტებზე მოქალაქეთა კომენტარების ანალიზისა და რეაგირების უზრუნველყოფაზე, აღარ არის წარმოდგენილი ახალ სამოქმედო გეგმაში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუშლის მოქალაქეებს ქვეყნის კანონების საკუთარ საჭიროებებზე მორგებაში და გაართულებს მათ კავშირსა და თანამშრომლობას პარლამენტთან. გარდა ამისა, პარლამენტი არცერთ ვალდებულებაში არ გვევლინება როგორც წამყვანი საჯარო უწყება და მისი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს როლი მინიმალურია. ეს კი თავის მხრივ არ პასუხობს OGP-ის ძირითად პრინციპებს, რომელთაგან საკანონმდებლო ღიაობა ერთ-ერთი უმთავრესია და ამ საკითხზე OGP-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. 

4. მთავრობისა გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა და ღიაობა

„ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდა ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მუდმივად ინფორმირებული ეყოლებოდა საზოგადოება თავისი საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით, ჩემი მინისტრები ღია მმართველობის ეგიდით ატარებენ ყოველთვიურ პრესკონფერენციებს.“

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო სასარგებლო იქნება მთავრობის მხრიდან მთავრობის სხდომების ოქმების/ჩანაწერების გამოქვეყნება, რადგან მთავრობის სხდომები, როგორც წესი, დახურულია და მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა ამ სხდომებზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

5. ინფორმაციის თავისუფლება

„ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ცვლილება განხორციელდა ინფორმაციის თავისუფლების კუთხით. ჩვენ გაცილებით უფრო მაღლა ავწიეთ ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებს დავაკისრეთ ახალი ვალდებულებები, რომ მათ პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია.“

ირაკლი ღარიბაშვილი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, რომელიც მთავრობის დადგენილებით ყველა სამთავრობო უწყებისთვის გახდა სავალდებულო 2013 წლის 1 სექტემბრიდან, მართლაც მისასალმებელი ინიციატივაა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულება გავრცელდეს ხელისუფლების სხვა შტოებზეც (მაგალითად, პარლამენტი, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, დამოუკიდებელი მარეგულირებლები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია).

გარდა ამისა, საჭიროა საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ფორმატში გამოქვეყნება საერთო სტანდარტად იქცეს და შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს იმას, თუ როგორ ასრულებს სხვადასხვა უწყება ამ ვალდებულებას და, ზოგადად, ინფორმაციის თავისუფლების კანონის მოთხოვნებს. ამჟამად მთავრობა ამ სფეროში ცალკე კანონის მიღებაზე მუშაობს, რომელიც ზემოთ აღნიშნული ორგანოს შექმნასაც ითვალისწინებს. ამ კანონის მიღებისა და განხორციელების პროცესის ანალიზს ჩვენ შემდგომ ბლოგებში შემოგთავაზებთ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პირველ რიგში – პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ზემოაღნიშნული გამოწვევების გადაჭრას და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო აქტიურად ჩაერთონ OGP-ის ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“