საქართველოს ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი სჭირდება – როგორი უნდა იყოს ის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა ქვეყანაში კომპანიების ბენეფიციარ, ანუ საბოლოო მესაკუთრეთა რეესტრის შექმნის საჭიროებაზე, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, საბოლოო ჯამში ვის ეკუთვნის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტები. ამასთანავე, ამგვარი რეესტრის შექმნა ევროკავშირთან დაახლოების და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულების შესრულების ნაწილია.
დღევანდელ მოცემულობაში რეესტრის შექმნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გაჩნდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირების რეჟიმების ამოქმედების შემდეგ, ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრები დასანქცირებულ პირთა და მათი ქონების კვალის მისაგნებად ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გადაიქცა.
საქართველოში, სადაც მთელი რიგი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და კომპანიების მფლობელობის კვალი რუსეთში მიდის და სადაც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სწრაფი ტემპებით იზრდება, დასავლურ სანქციებში მოყოლილი პირების მისაგნებად და რუსულ კაპიტალთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შემოღება აუცილებლობას წარმოადგენს.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს რეესტრი ქართულ რეალობაში? ქვემოთ შევეცდებით ამ კითხვას გავცეთ პასუხი.
ბენეფიციარი მესაკუთრე არის კონკრეტული ფიზიკური პირი – ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში ფლობს კომპანიის წილს ან აქტივს, ან აკონტროლებს და იღებს გადაწყვეტილებებს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ „კონტროლის“ კომპონენტი განასხვავებს ბენეფიციარ მესაკუთრეს კომპანიის მფლობელის სტანდარტული გაგებისგან.
საქართველოში არსებობს ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის ჩამოსაყალიბებლად. ამისთვის უნდა გაკეთდეს შემდეგი:
- შემოღებულ იქნას ბენეფიციარი მესაკუთრის ერთიანი სტანდარტი
დღეის მდგომარეობით, ბენეფიციარი მესაკუთრის ცნება სხვადასხვა ფორმით რამდენიმე კანონში გვხვდება:
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონით ბენეფიციარ მესაკუთრედ კომპანიის წილის მინიმუმ 25%-ის მფლობელი ითვლება.
- კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი ავალდებულებს ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, გაამჟღავნონ მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები. ბენეფიციარ მესაკუთრედ ბანკის მინიმუმ 10%-ის მფლობელი ითვლება.
- მაუწყებლობის შესახებ კანონი ავალდებულებს მაუწყებლებს, გაამჟღავნონ მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები. წილის ოდენობის ქვედა ზღვარი დაკონკრეტებული არ არის.
ამასთან, სამივე კანონით ბენეფიციარი მესაკუთრის ცნება მოიცავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მფლობელობას (კონტროლს), თუმცა ეს უკანასკნელი სხვადასხვანაირად არის განმარტებული.
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს რეესტრის შექმნა, საჭიროა ერთიანი სტანდარტის შემოღება. იდეალურ შემთხვევაში, წილის ფლობაზე არ უნდა არსებობდეს ქვედა ზღვარი, რათა პირი ჩაითვალოს კომპანიის ბენეფიციარ მესაკუთრედ.
- მოგროვდეს არსებული ინფორმაცია
საქართველოში ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ანდა გასაჯაროების გარკვეული პრაქტიკა უკვე არსებობს. ამ ინფორმაციის გასაჯაროება ევალებათ მაუწყებლებს, ბანკებს და მსხვილ კომპანიებს; საბოლოო მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნების გარეშე გროვდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვისაც.
თუმცა, თითოეულ ამ შემთხვევაში ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია ერთიანი რეესტრის მიღმა, სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი. ერთიანი რეესტრის შესაქმნელად საჭიროა ამ ინფორმაციის მოგროვება და გაერთიანება:
- მაუწყებლების შემთხვევაში – კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე
- ბანკების შემთხვევაში – ეროვნული ბანკის ვებგვერდზე
- მსხვილი კომპანიების შემთხვევაში – ანგარიშგების პორტალზე
- ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი დაშენდეს არსებულ ბიზნეს რეესტრზე
იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული სამეწარმეო რეესტრი, სადაც კომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოცულობისა და დეტალიზების ინფორმაციაა მოცემული, მიზანშეწონილია, რომ ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია სწორედ არსებულ რეესტრს დაემატოს და არ დაიხარჯოს რესურსი ახალი სისტემის შესაქმნელად. შესაბამისად, ერთიანი რეესტრის ჩამოყალიბების ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა ჩაიბაროს.
- დაინერგოს ღია მონაცემების ფორმატი და მათზე წვდომა
ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრებთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მოითხოვს, რომ მონაცემები ღია ფორმატში იყოს ხელმისაწვდომი.
საქართველოში არსებულ ბიზნეს რეესტრში კომპანიების მფლობელებისა და ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია მოცემულია დახურულ და სტატიკურ PDF ფორმატის ამონაწერებში, რის გამოც ბიზნეს რეესტრს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად: კომპანიების ძველი მფლობელების ან ფიზიკური პირების ძველი კომპანიების ძიება, ასევე, კომპანიებისა და ადამიანების ერთმანეთთან ბმულებით დაკავშირება.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის ჩამოყალიბების პროცესში, როდესაც კომპანიის ამონაწერებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაემატება, PDF ფორმატის ამონაწერებში მოცემული სრული ინფორმაცია, ბენეფიციარი მესაკუთრებიის ჩათვლით, ღია (მაგალითად: HTML) ფორმატშიც იყოს ხელმისაწვდომი.
აქვე აუცილებელია, რომ ბიზნეს რეესტრის მონაცემთა ბაზა სრულად გაიხსნას ე.წ. API-ის (აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის) მეშვეობით, რაც მისცემს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას, ტექნიკური დაბრკოლებების და ხარვეზების გარეშე მოიპოვონ მათთვის საინტერესო მონაცემები.
საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი კომპანიების მესაკუთრეობის გაუმჭვირვალობა, რომლებსაც არარეზიდენტი – უცხოური კომპანიები ფლობენ. სწორედ ამ გზით ფლობენ უცნობი პირები საქართველოში მთელ რიგ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებსა და კომპანიებს. შესაბამისად, ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნის პროცესში საბოლოო მესაკუთრეთა გამჟღავნების ვალდებულება ყველა არარეზიდენტ კომპანიაზე უნდა გავრცელდეს.
უფრო კონკრეტულად: ნებისმიერი უცხოურ კომპანიას, რომელიც საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არეგისტრირებს კომპანიას, ან ყიდულობს წილს არსებულ კომპანიაში, სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის წინაპირობად უნდა მოეთხოვოს მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრის გამჟღავნება, საჯარო რეესტრისთვის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენით. წარდგენილი ინფორმაცია უნდა აისახოს როგორც კომპანიის ამონაწერში, ისე ღია ფორმატში.
ბენეფიციარ მფლობელთა რეესტრის შემოღების პროცესში, თავიდან, უცხოური მფლობელის ან მეწილის მქონე ყველა კომპანიას უნდა მოეთხოვოს საბოლოო მესაკუთრის გამჟღავნების ერთჯერადი პროცედურის გავლა. თუმცა, ამის შემდეგ, შესაძლებელია, რომ ამ პროცედურის გავლა მხოლოდ რეესტრში ცვლილების შეტანის მოთხოვნის დროს იყოს საჭირო. ხოლო, იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებსაც იშვიათად შეაქვთ ცვლილება რეესტრში, წელიწადში ერთხელ მოეთხოვოთ საბოლოო მესაკუთრეზე უახლესი ინფორმაციის წარდგენა.
- გამჟღავნდნენ სააქციო საზოგადოებების მეწილეები
დღეის მდგომარეობით, საქართველოში სააქციო საზოგადოებების მფლობელთა შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. საჯაროა მხოლოდ სააქციო საზოგადოების მეწილეთა ვინაობა და წილების განაწილება უშუალოდ დაფუძნების მომენტისთვის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს). დაფუძნების შემდგომ მეწილეთა ცვილების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სუბიექტის (რეგისტრატორების) მიერ აღირიცხება, თუმცა არ არსებობს ბიზნეს რეესტრის სახის ერთიანი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა.
შესაბამისად, სააქციო საზოგადოებების მეწილეთა შესახებ ინფორმაცია უნდა აღირიცხოს და გასაჯაროვდეს ბენეფიციარ მფლობელთა ერთიანი რეესტრის ფარგლებში. აქვე აუცილებელია, რომ მიეთითოს ინფორმაცია აქციონერთა ხმის მიცემის უფლების შესახებაც, რადგან ბენეფიციარი მესაკუთრეობა მოიცავს კომპანიის კონტროლის კომპონენტსაც.
- დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტი
ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ამ სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტი (Beneficial Ownership Data Standard), რათა შესაძლებელი იყოს ინფორმაციის გაზიარება და გადაბმა იმავე სტანდარტით შექმნილ ბენეფიციარ მესაკუთრეთა უცხოურ რეესტრებზე.