მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ შემდგომ ცვლილებებს საჭიროებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ შემდგომ ცვლილებებს საჭიროებს

18 ივნისი, 2014

მამხილებელთა ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში, რადგანაც ისეთი დარღვევების გამოვლენის ეფექტიანი საშუალებაა, რომელთა აღმოჩენა სხვაგვარად ძნელია.

მხილებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა ქვეყანაში მამხილებელთა დაცვის მთელი რიგი მექანიზმები მოქმედებს. ასეთია მამხილებელთა დაცვის შესახებ ცალკეული კანონის მიღება, დაცვის მექანიზმების გავრცელება საჯარო და კერძო სექტორებზე, პოტენციური მამხილებლის მიერ ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა მექანიზმის შექმნა, ანონიმურობის დაცვა, აგრეთვე  კომპენსაციის გაცემა იმ შეთხვევაში, თუ მამხილებელს განსაკუთრებული ზიანი მიადგა. საქართველოს კანონმდებლობაში 2009 წელს შეტანილი ნორმები მამხილებელთა დაცვის შესახებ საკმაოდ შეზღუდული იყო და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლის აპრილში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, რადგანაც, მანამდე არსებული ნორმებისგან განსხვავებით, ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა მხილების დეფინიციის გაფართოება, ანონიმურობის დაცვა და მხილების განმხილველი ორგანოების რიცხვის გაზრდა. ასეთი ცვლილებები სათანადო გარემოს ქმნის საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლისთვის.

დადებითი ცვლილებები მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად:

  • გაუმჯობესებული დეფინიცია - კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს მხილების გაფართოებულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც მხილებად ითვლება განაცხადი არა მხოლოდ ჩადენილი, არამედ მოსალოდნელი დარღვევის შესახებ. ასევე, მამხილებელი შესაძლოა იყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომელი.

  • კეთილსინდისიერების პრეზუმფცია - ცვლილებების თანახმად მხილება ითვლება კეთილსინდისიერად, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება.

  • განმხილველი ორგანოები - კანონის წინა ვერსიით გათვალისწინებულ განმხილველ ორგანოებს დაემატა სახალხო დამცველის აპარატი, პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები. ამასთან ერთად, მამხილებელს შეუძლია მიმართოს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

  • გაფართოებული დაცვა - კანონი ახლა უკვე იცავს არა მხოლოდ მამხილებელს, არამედ მის ახლო ნათესავებსაც.

  • ანონიმურობის დაცვა - კანონი ითვალისწინებს ანონიმურობის გარანტიას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამხილებელს თავად სურს თავისი ვინაობის გამჟღავნება.

რეკომენდაციები

კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მამხილებელთა დაცვის მექანიზმები საქართველოში, თუმცა შესაძლებელია შემდგომი პროგრესის მიღწევაც რამდენიმე დამატებითი ცვლილების გზით:

  • დაცვის გავრცელების სფერო: რადგანაც მამხილებელთა დაცვის შესახებ ცალკე კანონი არ არსებობს და ეს საკითხი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ კანონით რეგულირდება, დაცვის მექანიზმების მოქმედება  მხოლოდ საჯარო მოხელეებზე ვრცელდება. შედეგად, კანონი არ იცავს კონტრაქტორებს, მოხალისეებს, დროებით თანამშრომლებს და რიგ სხვა პირებს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დაცვის სფერო რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს. მსგავსი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით მუშაობს დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და განაში.

  • ვის მიეწოდება ინფორმაცია: ცვლილებების თანახმად, მამხილებელს შეუძლია მიმართოს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას სახალხო დამცველის, პროკურორის, გამომძიებლის, ან შიდა განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის შემდეგ. ასეთი შეზღუდვა შესაძლოა პრობლემური გახდეს  ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხილების შინაარსი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გახმაურებას მოითხოვს, ან თუ განმხილველი ორგანო  მხილებაზე რეაგირებას აგვიანებს.

  • კომპენსაცია: საერთაშორისო პრაქტიკა ყველაზე მძიმე შემთხვევებში დაზარალებული მამხილებლისთვის კომპენსაციის გაცემას გულისხმობს (თუ მან სამსახური დაკარგა ან სხვა სახის ზარალი განიცადა). ასეთი შესაძლებლობის გათვალისწინება საჯარო სამსახურში კორუფციის გამოვლენის ალბათობას გაზრდის.

Author: თამარ გზირიშვილი