ENG

სახელმწიფო აუდიტის სამსახური: 2013 წელს ჩატარებული აუდიტები (ნაწილი II)

21 ივლისი, 2014

/ძირითადი პრობლემები, რეკომენდაციები/

ვაგრძელებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013 წელს ჩატარებული აუდიტების ფარგლებში გამოყოფილი ძირითადი პრობლემების და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვას. როგორც პირველ ანგარიშში აღვნიშნეთ, 2013წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თითქმის ორჯერ მეტი ფინანსური შესაბამისობის და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტი ჩაატარა, ვიდრე 2011-2012 წლებში. ერთად, რაც მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გასაზრდელად. ქვემოთ წარმოგიდგენთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თბილისში, ქუთაისსა და ფოთში ჩატარებული 14 აუდიტის ძირითად მიგნებებს. ჩატარებული 14 აუდიტიდან გამოვყოფთ თბილისის გამწვანების პროგრამის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ფოთის გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოვლა-შენახვისა და გამწვანების აუდიტს.

1. თბილისის გამწვანების პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

აუდიტის პერიოდი 2009-2011 წლები. (დაწვრილებით იხ. ქვემოთ)

პრობლემები:

1. აქტივებზე ზრუნვა. შეიქმნა 3.2 მილიონი ლარის აქტივი (სარწყავი სისტემა), რომლის გამოყენება არ მომხდარა და არც ბუღალტრულად აღრიცხულა შემოსავალში.

1.1. დიღმის ტყე-პარკის და ტექსელის სახელობის სკვერში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებით 458.1 ათასი ლარის სამუშაოებიდან შესრულებული და შესაბამისად, ანაზღაურებულია მხოლოდ 68 ათასი ლარის სამუშაოები. დანარჩენი სამუშაოს შეუსრულებლობის გამო სისტემას არ უმუშავია.

2.სახელმწიფო შესყიდვები. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და რკინიგზელთა სახლის სკვერის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში გაიმარჯვა კონკურენტებთან შედარებით არარეალურად დაბალი ფასების წარმომდგენმა კომპანიამ. ვადების დარღვევით შესრულდა 97 ათასი ლარის სამუშაოები, არ შესრულებულა 248.3 ათასი ლარის სამუშაოები, რომლებზეც ვაჭრობის დროს დაბალი ფასები იყო მითითებული. კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება.

2.1. 2010 წელს მერიასა და შპს ‘’კედართან’’ გაფორმებული 199.7 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების მიხედვით შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების მოცულობა არ ემთხვევა ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას: შეუსრულებელია 89 ათასი ლარის სამუშაოები.

2.2. არაგონივრულად, მაღალი ფასნამატით, შესრულებული სამუშაოები: მერიამ გააფორმა 14 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მერიისთვის საქონლის მიწოდება განხორციელდა 50-150%-იანი ფასნამატით, რამაც 878.8 ათასი ლარი შეადგინა. 2009-2011 წლებში ქალაქის გამწვანების მომსახურების შესყიდვის დროს არ ხდებოდა შიდა ან საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების დონის შესწავლა.

5. ხეების მოჭრა-ფორმირების ხარჯების შეუსაბამობები: თბილისის რაიონებიდან მიღებული მონაცემების შედარების საფუძველზე ირკვევა, რომ რაიონების მიერ გაწეული ერთი ხის მოჭრის ხარჯი რიგ შემთხვევებში 2-3-ჯერ აღემატება მერიის მიერ გადახდილ თანხებს: 2009-2011 წლებში მერიის დაკვეთით ქალაქის ტერიტორიაზე მოჭრილია 5.065, ხოლო თბილისის რაიონული გამგეობების მიერ - 13,096 ძირი ხე.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი (დაწვრილებით იხ. ქვემოთ)

აუდიტის პერიოდი: 2012 წლის 1 იანვარი – 2012 წლის 31 დეკემბერი

აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა შემდეგი პრობლემების გამო:

1. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად არამიზნობრივად დაიხარჯა 334.1 ათასი ლარი.

2. ვერ იქნა ათვისებული, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტისთვის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ 2010 წელს გამოყოფილი 3 მილიონი ევრო, რის გამოც ვალდებულების გადასახადის სახით 2011-2012 წლებში გადახდილია 85,000 ლარი.

3. საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შედეგად, კერძო საკუთრებაში, დამატებითი პირობის გარეშე გაიცა 199.1 ათასი ლარის ღირებულების ავტონომიური რესპუბლიკის ქონება და არამიზნობრივად დაიხარჯა 135.1 ლარი.

4. სახელშეკრულებო პირობების არაკანონიერად განსაზღვრის გამო, ბიუჯეტში დროულად ვერ იქნა მობილიზებული 104 ათასი ლარი.

5. ადგილი ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებს.

6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას გამოვლინდა საკვალიფიკაციო მონაცემების არასამართლიანად განსაზღვრის ფაქტები.

7. შიდა კონტროლების სისუსტეები: სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემა სათანადოდ არ ფუნქციონირებს.

3. თვითმმართველ ქალაქ ფოთის გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის და ქალაქის გამწვანების ღონისძიებების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში (დაწვრილებით იხ. ქვემოთ)

აუდიტის პერიოდი 2009 წლის იანვარი- 2011 წლის დეკემბერი

პრობლემები:

1. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა-პროგნოზირება. ბიუჯეტში კონკრეტულ პროგრამაზე თანხები იდება წინასწარი ანალიზის გარეშე, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული თანხა, შესყიდვების არაკონკურენტულ გარემოში განხორციელებისას, გამოყენებული იქნება არაეკონომიურად.

2. სატენდერო კრიტერიუმები. ფოთის მერიის სატენდერო კომისიის მიერ არასწორადაა შერჩეული შეფასების მეთოდი, რამაც გამოიწვია ტენდერში იმ კომპანიის გამარჯვება, რომელსაც სამუშაოებზე მაღალი ფასები ჰქონდა მითითებული. სხვა შემთხვევაში, მერია შეძლებდა 109 ათასი ლარის დაზოგვას.

3. შემოსავლის დამალვის საფრთხე. 2010 წელს შეძენილი ტურისტული ავტობუსის 46.8 ათასი კმ გარბენიდან აღრიცხულია მხოლოდ 15.1 ათასი კმ-ის გავლა. ავტობუსი გადაეცა შპს ‘’ინფრასტრუქტურა 2008-ს’’, რომელიც კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს და თავისი საქმიანობისათვის ტურისტული ავტობუსი არ საჭიროებდა. გამოითქვა ვარაუდი შემოსავლის დამალვის რისკის შესახებ, რაც 31.7 ათას კმ-ზე შეადგენს 15.9 ათას ლარს.

4. კლიმატის გაუთვალისწინებლობით მიღებული ზარალი. ადგილობრივი კლიმატის გაუთვალისწინებლობის გამო, 33.3 ათასი ლარის ღირებულების ყვავილები დარგვიდან მოკლე დროში განადგურდა. ასევე განადგურდა 10 ათასი ლარის ღირებულების პალმების უმრავლესობა.

1. თბილისის გამწვანების პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

აუდიტის პერიოდი 2009-2011 წლები.

პრობლემები:

1. აქტივებზე ზრუნვა. 2008 წელს განხორციელდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე გზის გამყოფი ზოლების სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა (3,277.9 ათასი ლარი), თუმცა სარწყავ სისტემას სამუშაოების დასრულების შემდეგ არ უმუშავია. სარწყავი სისტემა ბუღალტრულად შემოსავალში აღრიცხული არ არის.

1.1. დიღმის ტყე-პარკის და ტექსელის სახელობის სკვერში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებით 458.1 ათასი ლარის სამუშაოებიდან შესრულებული და ანაზღაურებულია მხოლოდ 68.0 ათასი ლარის სამუშაოები. დანარჩენი სამუშაოს შეუსრულებლობის გამო სისტემას არ უმუშავია.

2.სახელმწიფო შესყიდვები. 2010 წელს მერიამ გამოაცხადა ტენდერი თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და რკინიგზელთა სახლის უკან მდებარე სკვერის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით არარეალურად დაბალი ფასები ჰქონდა დაფიქსირებული. გამარჯვებულმა კომპანიამ ვადების დარღვევით შეასრულა 97 ათასი ლარის სამუშაოები, არ შესრულებულა 248.3 ათასი ლარის სამუშაოები, რომლებზეც ვაჭრობის დროს დაბალი ფასები იყო მითითებული. კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება.

2.1. 2010 წელს აეროპორტის ტრასის შუა ზოლში მწვანე ნარგავებისათვის სამაგრების მოწყობის სამუშაოებზე შპს ‘’კედართან’’ გაფორმდა 199.7 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება. სამუშაოები მოიცავდა რკინის ბოძების დაბეტონებას და მასზე მწვანე ნარგავების და სამაგრებელი საშუალებების მოწყობას. 2012 წელს განხორციელებული საკონტროლო აზომვებით გამოვლინდა, რომ შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების მოცულობა არ ემთხვევა ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მერიის მიერ დაკვეთილი ხარჯაღრიცხვებიდან შეუსრულებელია 89 ათასი ლარის სამუშაოები.

2.2. არაგონივრულად მაღალი ფასნამატით შესრულებული სამუშაოები:2009-2011 წლებში ქალაქის გამწვანების ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვის დროს არ ხდებოდა შიდა ან საერთაშორისო ბაზარზე ფასების არსებული დონის შესწავლა. აღსანიშნავია მერიის მიერ გაფორმებული 14 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მერიისთვის საქონლის მიწოდება განხორციელდა 50-150%-იანი ფასნამატით, რამაც 878.8 ათასი ლარი შეადგინა.

5. ხეების მოჭრა-ფორმირების ხარჯების შეუსაბამობები: თბილისის რაიონებიდან მიღებული მონაცემების შედარების საფუძველზე ირკვევა, რომ რაიონების მიერ გაწეული ერთი ხის მოჭრის ხარჯი რიგ შემთხვევებში 2-3-ჯერ აღემატება მერიის მიერ გადახდილ ფასებს: 2009-2011 წლებში მერიის დაკვეთით ქალაქის ტერიტორიაზე მოჭრილია 5,065 ხე, ხოლო გადაბელილ-ფორმირებულია 4,489 ხე - თანხით 790 ათასი ლარი. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ მოჭრილია 13,096 ძირი ხე, გადაბელილია 21,403 ძირი, თანხით 4,376 ათასი ლარი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2012 წლის 1 იანვარი – 2012 წლის 31 დეკემბერი

აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა შემდეგი პრობლემების გამო:

1. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად არამიზნობრივად დახარჯულია 334.1 ათასი ლარი.

2. 2013წ. 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი სტრუქტურების არაეფექტური მუშაობის შედეგად ვერ იქნა ათვისებული ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ 2010 წელს აჭარის მყარი ნარჩენების პროექტისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ევრო, რის გამოც ვალდებულების გადასახადის სახით 2011-2012 წწ. გადახდილია 85,000 ლარი.

3. საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შედეგად კერძო საკუთრებაში დამატებითი პირობის გარეშე გაიცა 199.1 ათასი ლარის ღირებულების ავტონომიური რესპუბლიკის ქონება და არამიზნობრივად დაიხარჯა 135.1 ლარი.

4. სახელშეკრულებო პირობების არაკანონიერად განსაზღვრის გამო ბიუჯეტში დროულად ვერ იქნა მობილიზებული104,0 ათასი ლარი.

5. ადგილი ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებს.

6. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას გამოვლინდა საკვალიფიკაციო მონაცემების არასამართლიანად განსაზღვრის ფაქტები.

7. შიდა კონტროლების სისუსტეები: სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემა სათანადოდ არ ფუნქციონირებს. მაგალითად, ადგილი აქვს ხელშეკრულების ვალდებულებებზე არასათანადო კონტროლის ფაქტებს და სხვ.

3. თვითმართველი ქალაქი ფოთის გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის და ქალაქის გამწვანების ღონისძიებების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

აუდიტის პერიოდი 2009 წლის იანვარი-2011 წლის დეკემბერი

პრობლემები:

5. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა-პროგნოზირება. ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანალიზმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ხდებოდა დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების კორექტირება, რაც მიუთითებს ბიუჯეტის არასწორ პროგნოზირებასა და დაგეგმვაზე. ადგილობრივ ბიუჯეტში კონკრეტულ პროგრამაზე თანხები იდება წინასწარი ანალიზის გარეშე, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული თანხა შესყიდვების არაკონკურენტულ გარემოში განხორციელებისას გამოყენებული იქნება არაეკონომიურად.

6. სატენდერო კრიტერიუმები. ფოთის მერიის სატენდერო კომისიის მიერ არასწორადაა შერჩეული შეფასების მეთოდი, რადგან ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნას ‘’სამუშაოს შესრულების ვადები და კალენდარული გეგმა’’ მინიჭებული აქვს მაღალი კოეფიციენტი. აღნიშნულმა გამოიწვია ტენდერში იმ კომპანიის გამარჯვება, რომელსაც სამუშაოებზე მაღალი ფასები ჰქონდა მითითებული. შედეგად, ფოთის მერიამ ვერ შეძლო 109.0 ათასი ლარის დაზოგვა.

7. გარემო ფაქტორების იგნორირება. მერიის შესაბამისმა სამსახურმა ვერ გაითვალისწინა ფოთის გზებზე არსებული მდგომარეობა, როდესაც ახდენდა ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამუშაოების 25 დღეში დასრულების თაობაზე. სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა 215 დღეში. მათი გადადების ძირითად მიზეზს კი წარმოადგენდა წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

8. შემოსავლის დამალვის საფრთხე. 2010 წელს ფოთის მერიამ შეიძინა 2 საქალაქო და 1 ტურისტული ავტობუსი 308 ათას ლარად. ტურისტული ავტობუსი გადაეცა შპს ‘’ინფრასტრუქტურა 2008-ს’’, რომელიც კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს და თავისი საქმიანობისათვის ტურისტულ ავტობუსსს არ საჭიროებდა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანხმად, ავტობუსმა, შეძენიდან 2012 წლის 26 მარტამდე. სულ 46.8 ათასი კმ გაიარა, საიდანაც აღრიცხულია მხოლოდ 15.1 ათასი კმ-ის გავლა. არსებობს ავტობუსის გაქირავებით მიღებული შემოსავლის დამალვის რისკი, რაც 31.7 ათას კმ-ზე შეადგენს 15.9 ათას ლარს.

9. კლიმატის გაუთვალისწინებლობით მიღებული ზარალი. 2011 წელს მერიამ 150 ათასი ლარის ღირებულებით გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან გამწვანების სამუშაოებზე. ყვავილები შერჩეულ იქნა ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინების გარეშე, რის გამოც 33.3 ათასი ლარის ღირებულების ყვავილები დარგვიდან მოკლე დროში განადგურდა. ასევე 10 ათასი ლარის ღირებულების პალმების უმრავლესობა გახმა.

რეკომენდაციები:

1. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს შესყიდვების განხორციელებისას სათანადო კალკულაციის წარმოება, რომლის საშუალებითაც შესყიდვების სავარაუდო ფასი მაქსიმალურად მიუახლოვდება საბაზრო ფასს და შემცირდება სახსრების არაეკონომიურად გამოყენების ფაქტები.

2. სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირდეს სამუშაოს შესრულების ობიექტური ვადები და განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი.

3. გზის სამუშაოების დაგეგმვისას პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამართვაზე, რათა ახლადდაგებული გზის საფარის აღების საჭიროება არ წარმოიშვას.

4. ფოთის მერიამ სასურველია განსაზღვროს ავტობუსების გამოყენების სფერო და მოახდინოს მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

5. ფოთის მერიამ შესასყიდი მცენარეების შერჩევისას გაითვალისწინოს ქალაქის კლიმატური პირობები და ნიადაგის თავისებურებები.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი

აუდიტის პერიოდი 2013 წლის 1 იანვარი- 2013 წლის 30 ივნისი

აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა შემდეგი პრობლემების გამო:

1. შესყიდვები. სამინისტროს მიერ ციფრული სმენის აპარატების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული იქნა ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა არანაკლებ 200 ერთეულის სმენის აპარატის მიწოდებას, გაცემასა და მორგებას ( თანხით - 100 ათასი ლარი.) ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. დოკუმენტების ანალიზიდან ირკვევა რომ, ვინაიდან სამინისტროს რაოდენობრივად მითითებული ჰქონდა ‘’არანაკლებ 200 ერთეული’’, აღნიშნულმა კომპანიას საშუალება მისცა მინიმალური რაოდენობის აპარატები მიეწოდებინა. სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, თუ რატომ არ განსაზღვრა აპარატების კონკრეტული რაოდენობა შესყიდვის საწყის ეტაპზე, რაც შესაძლოა ნაკლები საბიუჯეტო სახსრებით მეტი შედეგის მიღების საშუალებაყოფილიყო. ამასთან ბენეფიციარებისთვის აპარატების მორგება მოხდა ნაკისრი ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით.

2. ბუღალტრული ანგარიშგება. სამინისტროს ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები სრულყოფილად და სათანადოდ არ ასახავს სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2013 წლის 1 იანვარი – 2013 წლის 30 ივნისი

პრობლემები:

სამინისტროს აპარატმა თანამედროვე ტიპის ხილის საშრობი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის განსახორციელებლად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით, შპს არმა-კაპიტალისგან 60%-ის წინასწარ გადახდით შეიძინა ხილის საშრობი დანადგარი და მოთხოვნილ პირობებთან მისი შესაბამისობის შემოწმების გარეშე ბანკს დაუბრუნა საბანკო გარანტია. საქონლის მიღებიდან 13 დღეში გაირკვა, რომ საქონელს ხარვეზი ჰქონდა. სამინისტრომ მომწოდებელს ორი სასამართლო პროცესი მოუგო, მაგრამ თანხა 2013წ. 30 ივნისის მდგომარეობით ვერ დაიბრუნა. აუდიტის შეფასებით ეს შიდა კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2013 წლის 1 იანვარი – 2013 წლის 30 ივნისი

აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა შემდეგი პრობლემების გამო:

1. ქობულეთის #1 საჯარო სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ,29 მარტის შეთანხმებით, განხორციელდა ცვლილებასახურავის გადახურვასთან დაკავშირებით, რაც 17%-ით უფრო ძვირი ჯდება. აღნიშნულმა გაძვირებამ გააუარესა შემსყიდველის მდგომარეობა, რითაც დარღვეულ იქნა კანონი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ .

2. სამინისტრომ 13,800 ლარად გაუფორმა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ციური თევდორაძეს. სამინისტრომ არ განმარტა თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ეს პიროვნება. ასევე, ანგარიშწორების დროს არ მომხდარა 2.8 ათასი ლარის ოდენობის საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154–ე მუხლი.

3. სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებისათვის დამტკიცებულ ლიმიტს ზემოთ გაცემულია 7.9 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, რომელზეც აუდიტის მიმდინარეობის დროს სათანადო დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

4. 2012 წლის 6 თვის მონაცემებთან მიმართებაში შრომის ანაზღაურება გაიზარდა 103,7 ათასი ლარით. მნიშვნელოვანი ცვლილება ზრდის კუთხით შეეხო შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულ პრემიის ხარჯებს: გაიზარდა 54.4 ათასი ლარით და შეადგინა 228,2 ათასი ლარი.

5. სამინისტროს აპარატის ხარჯების დაზუსტებულ გეგმაში არ არის ასახული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული 36.1 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება.

რეკომენდაციები:

აღნიშნული ხუთი პრობლემიდან აუდიტის სამსახურმა მხოლოდ სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში სათანადო წესით უნდა ასახოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფინანსური აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2013 წლის 1 იანვარი - 2013 წლის 30 ივნისი

აუდიტორმა გამოთქვა პირობითი მოსაზრება შემდეგი პრობლემების გამო:

1. 2013 წლის 6 თვის კვარტალური ბალანსის მიხედვით, დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი ნაცვლად 2,147.3 ათასი ლარისა შეადგენს 2,107.2 ათას ლარს, ანუ დაზუსტებული ბიუჯეტი საბალანსო მონაცემებში 40 ათასი ლარით არის შემცირებული.

2. ბალანსის მიხედვით მივლინების საკასო ხარჯი შეადგენს 44.5 ათას ლარს, ფაქტიურმა ხარჯმა კი 25.9 ათასი ლარი შეადგინა. დარჩენილი 18.5 ათასი ლარი ავანსად გაცემულია დამტკიცებული ფორმების შეუსაბამოდ.

3. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს, აპარატის უფროსის ბრძანების შესაბამისად, ზედმეტი ოდენობით დაერიცხა საშვებულებო თანხა , რამაც შეადგინა 1064.51ლარი, რაც არ დაბრუნებულა.

რეკომენდაციები:

1. უმაღლესი საბჭოს შესაბამისმა სამსახურმა მოახდინოს საბალანსო მონაცემების კორექტირება და ბუღალტრული ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის დადგენილი წესითა და ინსტრუქციებით.

3. შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს გამოუყენებელი საშვებულებო პერიოდისთვის გაცემული 1064.51 ლარის საბალანსო მონაცემებში ასახვა და შესაბამისი ქმედებების გატარება

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2012 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 30 ივნისი

აუდიტორმა გამოთქვა პირობითი მოსაზრება შემდეგი პრობლემების გამო:

1. წარმომადგენლობითი ხარჯები: ადგილი აქვს მთავრობის აპარატის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის ფაქტებს: ვიზიტებისას არ არის აღრიცხული მონაწილე პირთა შემადგენლობის სახელობითი მონაცემები.შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ღონისძიების მონაწილე პირთა იდენტურობა, რაც თავის მხრივ არ იძლევა საშუალებას დადგინდეს წარმომადგენლობითი ხარჯების აღრიცხვის სისწორე, ეკონომიურობა და მიზანშეწონილობა.

2. სუსტი შიდა კონტროლის სისტემა:

2.1. აუდიტის პერიოდში მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისათვის საწვავი გაიცემოდა წინასწარ განსაზღვრული ნორმების გარეშე და გაცემული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში ხარჯებად აღიარება ფაქტობრივად გაცემული რაოდენობით ხდებოდა.

2.2. არასათანადო კონტროლი იყო დაწესებული წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევაზე, რაც გამოიხატება ღონისძიების ორგანიზების დროს დამსწრე და მონაწილე დელეგატების აღრიცხვის სისტემის არარსებობით.

3. შტატგარეშე თანამშრომლები: შტატგარეშე მომსახურეების მიერ აუდიტის პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტის სახით ვერ იქნა წარმოდგენილი.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აუდიტის პერიოდი: 2013 წლის 1 იანვარი - 2013 წლის 30 ივნისი

პრობლემები:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მონაწილე პირთა მიერ გადახდილი 394.9 ათასი ლარი არასწორად იქნა აღრიცხული.

2. საზღვარგარეთ მივლინების მუხლით, არამიზნობრივად გაიხარჯა 0.9 ათასი ლარი.

რეკომენდაციები:

1. საბიუჯეტო შემოსულობების აღრიცხვის უზრუნველყოფის მიზნით დაისვას საკითხი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების სრულყოფის შესახებ

2. საჯარო სექტორში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა უზრუნველყოფდეს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებას

10. ბათუმის განათლების, კულტურის, სპორტის და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2011 წლის იანვარი - 2012 წლის დეკემბერი

აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა შემდეგი პრობლემების გამო:

1. შიდა კონტროლი და არსებული პრობლემები. სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების ხარჯვაზე არასაკმარისი კონტროლია განხორციელებული. ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული დამტკიცებული პროგრამის ხარჯები და მოთხოვნები, არ ხდება შესრულებული სამუშაოების სრული აღრიცხვა, რაც შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

2. ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობა. ბათუმში, ახალი ბულვარიდან მდ.ჭოროხამდე, ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის ბილიკის მოწყობის სამუშაოების (3.1 მილიონი ლარი) შესრულებაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენის მიუხედავად, მომწოდებელს (შპს ზიმო) პირგასამტეხლო არ დააკისრეს.

2.1. ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, არქიტექტურული ძეგლის მოწყობის სამუშაოების ვადა ობიექტური გარემოებების არსებობის მტკიცებულებების გარეშე გაგრძელდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით შემსრულებელს არ დაეკისრა 81,575.2 ლარის გადახდა. ამასთანავე, ძეგლის შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების რეალობასთან შესაბამისობა ეჭვის საფუძველს იძლევა. პირგასამტეხლო არ იქნადაკისრებული სხვა შემთხვევაშიც.

3. საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა. ბათუმში დამონტაჟებული ყინულის მოედნის დაშლა-გადატანის სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 740, 877.14 ლარი, რაც ბათუმის მერიის მიერ ღონისძიებების არასწორ დაგეგმვაზე და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვაზე მიუთითებს.

რეკომენდაციები:

1. ბათუმის საკრებულოს შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯების აღდგენა ბიუჯეტში . ხოლო შემდგომში ანალოგიური ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა განახორციელოს ხელშეკრულების შესაბამისად.

2. ბათუმის საკრებულოს შესაბამისმა სამსახურმა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს დაურიცხაობასთან დაკავშირებით. სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება განხორციელდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

3. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვა უნდა მოხდეს ქალაქის განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით.

4. შესაბამისი სამსახურების მიერ დაგეგმვის ეტაპზე განისაზღვროს მშენებარე ობიექტის ადგილმდებარეობა და რეალური გაანგარიშების საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, რაც სამშენებლო სამუშაოების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის შექმნის საფუძველი იქნება.

5. ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელობის მიერ განხორციელდეს სათანადო კონტროლი სხვადასხვა ღონისძიებისათვის პროგრამების დაგეგმვაზე, სრულფასოვნად შესრულებასა და საბიუჯეტო სახსრების კანონის შესაბამისად ხარჯვაზე.

11. შპს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2010 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 31 დეკემბერი

აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა შემდეგი პრობლემების გამო:

1. 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქარხანას ერიცხებოდა 25,414, 703 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები. საბუღალტრო ჩანაწერების არასწორად წარმოების გამო ძირითადი საშუალებების ღირებულება შემცირებულია 7 ,672, 401 ლარით.

2. 2010 წელს ქარხნის საწესდებო კაპიტალიდან გატანილია 17, 342,820 ლარის ღირებულების ქონება, რაც ქარხნის სრულყოფილად მუშაობისათვის მაღალი რისკის შემცველია.

3. 2010-2011 წლების ანგარიშგებების არასრულყოფილად წარმოების გამო საზოგადოებას 2013 წელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სანქცია 55,192.2 ლარის ოდენობით.

12. ქუთაისის გამწვანების ღონისძიებების აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 1 იანვარი 2009 წ. – 31 დეკემბერი 2011წ.

პრობლემები:

1. ტენდერების ნაჩქარევად და არასრულყოფილად მომზადება–ჩატარება. სატენდერო კომისიის მიერ არასწორად ხდებოდა ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის ქულების მინიჭება და გამარჯვებულის გამოვლენა.

2. შეუსაბამობა შესრულებულ სამუშაოსა და გადახდილ თანხას შორის. 2009 წელს კიკვიძის სახელობის სკვერის კაპიტალური სამუშაოების შესრულებისას გაიზარდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, იმავე დროს შემცირდა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა (აღნიშნული სამუშაოებისათვის ნაცვლად 87.9 ათასი ლარისა, უნდა გადაეხადათ 79.3 ათასი ლარი).

3. ზედმეტად გადახდილი თანხა. დავით აღმაშენებლის გამზირზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებისათვის შპს “ელბამ” შეასრულა 610.9 ათასი ლარის სამუშაოები, ხოლო მერიამ აუნაზღაურა 622.7 ათასი ლარი. ქუთაისის მერიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. პირველად, დასაბრუნებელ თანხად მითითებულ იქნა 6.7 ათასი ლარით ნაკლები. აუდიტის რეკომენდაციით, მხოლოდ დამატებით სარჩელში იქნა მითითებული 6.7 ათასი ლარის დაბრუნების მოთხოვნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმწოდებელს დააკისრა აღნიშნული თანხის გადახდა.

აუდიტის სამსახურმა გასცა ზოგადი სახის რეკომენდაცია, რომ ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, სასურველია ქუთაისის მერიამ გაატაროს ღონისძიებები თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასევე, უზრუნველყოს თანამშრომელთა მიერ განხორციელებული საქმიანობის სამოქმედო დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.

13. ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის

შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

აუდიტის პერიოდი 2009წ. იანვარი- 2011წ. დეკემბერი

პრობლემები:

1. მომსახურების რეალური ღირებულების განუსაზღვრელობა. 2009-2011 წლებში ქ.ქუთაისის მერიამ შუქნიშნების მოვლა-პატრონობის შესყიდვა განახორციელა ისე, რომ არ მომხდარა მომსახურების რეალური ღირებულების დათვლა. გასაწევი მომსახურებისთვის შედგენილი არ არის ხარჯთაღრიცხვები. აღნიშნულ პერიოდში ამგვარად 180.0 ათასი ლარის ღირებულების მომსახურება განხორციელდა.

2. ზედმეტად ანაზღაურებული თანხა. კომპანიებს, რომლებიც გზის საფარის შეკეთებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, შესაბამისი სამუშაოებისთვის დაფიქსირებული აქვთ მაღალი თანხა. ამასთანავე, გაუთვალისწინებელი ხარჯები ისეა მოთხოვნილი და ანაზღაურებული, რომ არ არის გაშიფრული. შედეგად, ბიუჯეტიდან კომპანიებს ზედმეტად აუნაზღაურდათ 32.9 ათასი ლარი, მაგ., შპს ‘’წყალტუბოგზასერვის’’-ს, რომელიც გზის საფარის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა, ბიუჯეტიდან ზედმეტად აუნაზღაურდა 30,4 ათასი ლარი.

3. სუსტი კონტროლის მექანიზმები. ქუთაისის მერიაში შესყიდვებთან დაკავშირებით დანერგილი კონტროლის მექანიზმები ფუნქციონირებს არასრულყოფილად, რის გამოც ადგილი აქვს დარღვევებს საბიუჯეტო ციკლის თითქმის ყველა ეტაპზე -- ბიუჯეტის დაგეგმვიდან შესრულებამდე.

4. ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში. მერიის მხრიდან არ ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიანი/მოკლევადიანი დაგეგმვა, რის გამოც ვერ ხერხდება საჭირო ფინანსური რესურსების წინასწარ გათვლა.

5. საგარანტიო ვადები. 2009-2010 წლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული საგარანტიო ვადები, რის გამოც მერია პასუხისმგებლობას ვერ აკისრებს მომწოდებლებს სამუშაოს ჩაბარების შემდგომ წარმოქმნილ ხარვეზებზე.

6. დაუსაბუთებელი ცვლილებები ბიუჯეტში. ქუთაისში არ ხორციელდება ქუჩების კატეგორიებად დაყოფა მათი აღდგენის საჭიროებისა და ფუნქციიდან გამომდინარე, რის გამოც ხშირია სარეკონსტრუქციო ქუჩების დაუსაბუთებული ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში.

7. ტენდერები: ხარჯეფექტურობის კრიტერიუმი. ქუთაისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია, რომელსაც შესასრულებელ სამუშაოებზე მაღალი ფასები ჰქონდა მითითებული. გამარჯვების შემთხვევაში სხვა კომპანია იმავე მოცულობის სამუშაოებს 14.0 ათასი ლარით ნაკლებად შეასრულებდა.

8. სანქციების გამოუყენებლობა. მერიას ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მომწოდებლებზე არ აქვს გამოყენებული საჯარიმო სანქციები, რაც ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული. 2011 წელს არ არის დარიცხული 24.2 ათასი ლარის ჯარიმა.

9. ექსპერტიზის დასკვნების არარსებობა. მერიის მიერ შესრულებული სამუშაოები ისეა მიღებული, რომ მომწოდებლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნები არ წარმოუდგენიათ.

14. ქუთაისის მერიის ქონების პრივატიზება და სარგებლობით გაცემის შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის პერიოდი: 2009 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 1 იანვარი

პრობლემები:

1. მერიის მიერ ჩატარებული ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პრობლემები: მერიის მიერ ჩატარებული ქონების პრივატიზების აუქციონების შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ ვრცელდებოდა, რის შედეგადაც 127 აუქციონიდან კონკურენცია დაფიქსირდა მხოლოდ 13-ზე. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან აუქციონების ჩატარება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მერიაში არ ჩატარებულა ელექტრონული აუქციონები, რამაც აუქციონის პროცესის ნაკლებად გამჭვირვალედ ჩატარება განაპირობა.

1.1. პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელებულ პრივატიზება: შპს-მ, რომელსაც პირდაპირი მიყიდვის გზით გადაეცა ქუთაისში ტერიტორიები, არ შეასრულა საპრივატიზაციო პირობების ნაწილი, რაზეც მერიამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა (შპს-ს არ გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება).

2. მყიდველის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობა: 2008 წელს ქუთაისის მერიამ ქუთაისში აუქციონის გზით გაყიდა შენობა-ნაგებობა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს ერთი წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია. ამ პირობის დარღვევის მიუხედავად, მერიამ მყიდველს არავითარი სანქცია არ დაუწესა.

2.1. კერძო კომპანიებმა, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ინვესტიციები, დაარღვიეს მერიასთან დადებული ხელშეკრულების პირობები . ზოგიერთი ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციას არ ფლობს.

3. კონტროლი აქტივებზე. მერია ვერ ახორციელებს კონტროლს საკუთარ ქონებაზე, მაგ.:

3.1. მერია არ ფლობს ინფორმაციას, რომ შპს „თეგეტა მოტორსი“, რომელსაც 2002წ. ათი წლის ვადით მოვლის უფლებით გადაეცა გამწვანების გაზონი ქუთაისში, ვადის გასვლის მიუხედავად კვლავ იყენებს ამ ტერიტორიას და სამი წლის მანძილზე არც საიჯარო გადასახადს იხდიდა; ქუთაისის მერიის საკუთრებაში რიცხული ყოფილი ქვესადგურის შენობის გამოყენება ხდება ისე, რომ მერიამ არ იცის ვინ სარგებლობს შენობით. ეს და სხვა არაერთი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ მერია არ ახორციელებს სათანადო კონტროლს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

3.1.მოიჯარეების მიერ იჯარის გადაუხდელობის ან დაგვიანებით განხორციელებული გადახდის) აღასაკვეთად მერიას 65 შემთხვევაში ხელშეკრულებით არ დაუწესებია საჯარიმო სანქციები.

3.2. 88 მოიჯარიდან ხელშეკრულებით მხოლოდ 38-ს მოთხოვეს საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც ართულებს კონტროლს იჯარის დროულ გადახდაზე.

Author: მიხეილ კუკავა