„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონი – ინფორმაციის დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფრთხე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონი – ინფორმაციის დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფრთხე

03 თებერვალი, 2015

 

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილოს, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მოქმედ კანონს ჩაანაცვლებს. კანონპროექტი, რომლის ინიციატორი და ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია, პირველი მოსმენით პარლამენტმა 2014 წლის 31 ივლისს მიიღო (72 მომხრე, 7 წინააღმდეგი).

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს საზოგადოებრივი ურთიერთობები სახელმწიფო საიდუმლოების სფეროში. ამის მიუხედავად, კანონპროექტი შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო, მათ შორის – ევროპულ, სტანდარტებს და, ამ თვალსაზრისით, მოქმედ კანონთან შედარებით მდგომარეობას აუარესებს.

1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა

1.1. ინიცირებული ცვლილება

კანონპროექტით ფართოვდება იმ ნორმატიული აქტების წრე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებას. დღეს მოქმედი კანონით მხოლოდ ის ნორმატიული აქტები შეიძლება მიეკუთვნებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომელიც აწესრიგებს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შიგა საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით. წარმოდგენილ კანონპროექტში ტერმინი „შიგა საქმიანობა“ ამოღებულია.

ჩვენი შენიშვნა

ვინაიდან ნორმატიული აქტები სავალდებულო მრავალჯერად ქცევის წესს განსაზღვრავს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს მათთვის სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსის მინიჭების საკითხი. მოქმედი კანონით მხოლოდ ის ნორმატიული აქტები შეიძლება გასაიდუმლოვდეს, რომლებიც აწესრიგებს მათ შიგა საქმიანობას. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ამ დანაწესს აღარ შეიცავს. შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად აფართოებს იმ ნორმატიული აქტების წრეს, რომლებიც შეიძლება გასაიდუმლოვდეს.

ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს ინტერესებთან დაკავშირებული შესაბამისი უწყებების ნორმატიული აქტები, რომლებიც მათ საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ოპერატიულ-სამძებრო და სადაზვერვო საქმიანობის სფეროში აწესრიგებენ და არ შეეხება მათ შიგა საქმიანობას, არ უნდა მიეკუთვებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, ვინაიდან როგორია ამ სფეროების სამართლებრივი რეგულირება და რამდენად შეესაბამება ამ სფეროებში მოქმედი ნორმატიული აქტები კანონს, საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესის საგანია და მათი ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირში არის ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ მმართველობასთან.

2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვება

2.1. ინიცირებული ცვლილება

კანონპროექტით რეგულირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვება ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას და შეიცავს მოქმედ კანონთან შედარებით ბუნდოვან, არაზუსტ რეგულაციებს. მაგალითად, კანონპროექტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს შეიძლება უარი უთხრან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე, თუკი „შემოწმების პროცედურის განხორციელების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე საიმედოობისა და სანდოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით ის საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.“

მოქმედი კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე უარის თქმის საფუძვლებს, უფრო კონკრეტულ და მკაფიო საფუძველს შეიცავს. კერძოდ, „პირს შეიძლება უარი უთხრან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე თუ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცესში გამოვლინდა მის მიერ უცხოეთის სახელმწიფოების და ორგანიზაციების მართლსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის ხელშეწყობის ან მოქალაქეთა ისეთ გაერთიანებაში მონაწილეობის ფაქტები, რომლის საქმიანობაც აკრძალულია სასამართლო წესით ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, ან თუ გამოვლინდა პირისათვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები.“

ჩვენი შენიშვნა

კანონპროექტით შემოთავაზებული „საიმედობისა და სანდოობის დაბალი ხარისხი“, (რომელმაც მომავალში შეიძლება შექმნას საფრთხე) იძლევა სახელმწიფო ორგანოების მიერ საკითხის გადაწყვეტისას ძალიან ფართო დისკრეციას და ზრდის უფლების ბოროტად გამოყენების რისკს. მაშინ როდესაც მოქმედი კანონი შეიცავს კონკრეტულ კრიტერიუმს: პირი არ უნდა უწყობდეს ხელს უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მართლსაწინააღდეგო საქმიანობას და არ უნდა მონაწილეობდეს ისეთი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელის კანონით ან სასამართლოთი არის აკრძალული.

2.2. ინიცირებული ცვლილება

კანონპროექტის თანახმად, შეცვლილია ასევე სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების შემოწმების პროცედურის და შეტყობინების ვადები.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტი არ შეიცავდა იმ ვადაზე მითითებას, რომლის განმავლობაშიც სამართალდამცავ ორგანოს უნდა შეემოწმებინა პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიზნით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით პირველი მოსმენისთვის აღნიშნული ვადა კანონპროექტის მე-19 მუხლით განისაზღვრა 3 თვით. პირველი მოსმენის შემდეგ აღნიშნულმა ნორმამ გადაინაცვლა 22-ე მუხლში და მისი პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, განისაზღვრა 3 თვით, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით შემოწმების ვადა შეადგენს 1 თვეს.

ჩვენი შენიშვნა

პირის შემოწმებისათვის დადგენილი „სანდოობისა და საიმედოობის“ ბუნდოვანი კრიტერიუმი და შემოწმების სამჯერ გაზრდილი ვადა აუარესებს პირის ინფორმაციაზე ხელმისაწდომობას, ზრდის ისედაც დახურული სისტემის დაუსაბუთებლად ჩაკეტვის რისკს და ასევე სამართალდამცავი ორგანოს მიერ საკითხის სუბიექტური საფუძვლით გადაწყვეტის ალბათობას.

3. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის გადაწყვეტილების გასაჩივრება

3.1. ინიცირებული ცვლილება

„სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის დასაიდუმლოების გასაჩივრებას. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეს ინფორმაციის განსაიდუმოების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს თანამდებობის პირს, რომელმაც მიანიჭა ინფორმაციას საიდუმლოობის გრიფი. თანამდებობის პირმა მოქალაქის მოტივირებული წინადადება აუცილებლად უნდა განიხილოს და ერთი თვის განმავლობაში აცნობოს მოქალაქეს დასაბუთებული წერილობითი პასუხი.

რაც შეეხება კანონპროექტს, საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები მე-13 მუხლითაა განსაზღვრული, რომელიც ამჟამად მოქმედი კანონის მსგავს რეგულაციებს შეიცავს, თუმცა მოქმედი კანონისგან განსხვავებით არ ავალდებულებს თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი პასუხის გაცემას. ამ ვალდებულების კანონიდან ამოღების შემთხვევაში თანამდებობის პირს ეძლევა უფლება მოქალაქის საჩივარზე უპასუხოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე – ცნობად მიაწოდოს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი.

ჩვენი შენიშვნა

როგორც ვხედავთ, კანონპროექტი მოქმედი კანონისაგან განსხვავებულ წესს ადგენს: ერთი მხრივ თავად განმცხადებლისგან ითხოვს მოტივირებულ წინადადებას თუ რატომ უნდა განსაიდუმლოვდეს ინფორმაცია და მეორე მხრივ, თავად თანამდებობის პირს არ ავალდებულებს უარის შემთხვევაში მიაწოდოს პირს დასაბუთებული წერილობითი პასუხი.

ინფორმაციის დასაიდუმლოების აუცილებლობის და განსადუმლოების დაუშვებლობის მტკიცება, პირველ რიგში, სახელმწიფო ორგანოს ვალდებულება უნდა იყოს და არა – პირის, რომელიც ითხოვს ინფორმაციის განსაიდუმლოებას. შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაცია მოქმედ კანონთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან აუარესებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობების გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“