სახელმწიფომ მედიკამენტების დოტაციის ნაცვლად აქცენტი სოციალურად დაუცველებზე უნდა გააკეთოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფომ მედიკამენტების დოტაციის ნაცვლად აქცენტი სოციალურად დაუცველებზე უნდა გააკეთოს

23 თებერვალი, 2015

 

2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, სახელმწიფო დოტაციას მიმართავს, რათა ფასები შეინარჩუნოს და, რიგ შემთხვევებში, დაწიოს კიდეც.

ცხადია, მედიკამენტებზე ფასების ზრდის გაგრძელება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს დააწვება, თუმცა მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად დოტაციას არ უნდა მიმართოს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა სახის ჩარევა აქვს დაგეგმილი სამინისტროს მედიკამენტების ბაზარზე, რადგან ამას შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს როგორც ფარმაცევტული ბიზნესის, ასევე – ეკონომიკის სხვა სექტორებისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუმცა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ დოტაციის გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.

რა მოჰყვება დოტაციას?

თუ მთავრობა დოტაციით მედიკამენტების ფასის შენარჩუნების გზას აირჩევს, ვფიქრობთ, ეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი იქნება, რასაც არასახარბიელო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

1. ყველაზე ხშირად მოხმარებადი ამ მედიკამენტების ჯგუფებზე ფასების უფრო მაღალი ზრდის შემთხვევაში, ჩვენი გამოთვლებით, დოტაცია სახელმწიფოს, შესაძლოა ათეულ მილიონობით ლარი დაუჯდეს. მინისტრის ინფორმაციით, „არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც საშუალოდ 7-დან 10%-მდე.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარში მედიკამენტების ღირებულება 7.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (12.2%), ტკივილგამაყუჩებლები (17%), ანტიბიოტიკები (14.89%), ვიტამინები (14.6%), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები (20.31%), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (18.31%).

როგორც სამინისტროში აცხადებენ, არსებობს მათ მიერ შემუშავებული ასეთი მედიკამენტების მოკლე სია, რომელშიც 100-მდე მედიკამენტი შედის და გრძელი სია, სადაც დაახლოებით 300 მედიკამენტია. თუნდაც ას მედიკამენტზე ფასების შენარჩუნება – რომ აღარაფერი ვთქვათ, სამასზე, ან, მით უმეტეს, დაწევა და წარმოადგენს სრულიად არარაციონალურ და ფისკალურად სრულიად არამდგრად მიდგომას, ვინაიდან:

  • ეს ექვსი ჯგუფი ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებს მიეკუთვნება. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო არ აზუსტებს, თუ სადამდე უნდა გაიზარდოს ფასები, რომ დოტაციით ჩაერიოს, თუმცა, ცხადია, რომ, ეს უნდა იყოს იანვარში დაფიქსირებულ 7.3%-იან ზრდაზე მეტი, რაც, 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის დოლარის მიმართ გაუფასურებამ გამოიწვია.

2. აფთიაქები მიიღებენ სტიმულს, კიდევ უფრო გაზარდონ ფასები, რადგან სახელმწიფო ფასის ამ ზრდას თავისი დოტაციით მაინც დაფარავს, რაც ძალიან მომგებიანი იქნება აფთიაქებისთვის და მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ბიუჯეტს. როდესაც სახელმწიფო მყიდველის და გამყიდველის ურთიერთობაში ამგვარად ერევა, ეს გარდაუვლად გამოიწვევს ბაზრის გამრუდებას. როდესაც მყიდველის და გამყიდველის ურთიერთობაში სახელმწიფო თავისი დოტაციით არ ერევა, ფასი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ყალიბდება და გამყიდველმა იცის, რომ არსებობს ზღვარი, რომლის ზევითაც ფასის აწევა მის გაყიდვებზე აისახება და ის არ უნდა გაზარდოს. იმ შემთხვევაში კი თუ სახელმწიფო აფთიაქსა და მომხმარებელს შორის თავისი დოტაციით ჩაერევა, ეს ზღვარი ძალიან მაღლა აიწევს. მარტივად, რომ ვთქვათ, აფთიაქები მოსახლეობას წამლებს იმდენად არასდროს გაუძვირებენ, რამდენადაც სახელმწიფოს, რომელიც ფასის ზრდას თავისი დოტაციით აფინანსებს.

3. მოსახლეობაში შეიქმნება მოლოდინი და მოთხოვნა სხვადასხვა ფორმის დოტაციაზე. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის კვაზიფისკალურ დანაკარგებს, რასაც საბაზროზე დაბალ ფასად მომსახურების/საქონლის მიწოდება იწვევს.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლებას გასულ წლებში საბაზროზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდების და სხვადასხვა მომსახურების გაწევის სხვადასხვა ინიციატივა ჰქონდა, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა ამ კვაზიფისკალური დანაკარგების შემცირების ტენდენცია, როდესაც, შეიზღუდა სახელმწიფოს მხრიდან საბაზროზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდებისა თუ სხვადასხვა მომსახურების გაწევის მასშტაბი, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სოფლის მეურნეობისთვის იაფი სესხის პროგრამა (დღეს სოფლის მეურნეობის დაფინანსება ფონდი ქართუს დაფინანსებით ბანკების საშუალებით ხდება) და სხვა, რაც, რასაკვირველია, სრულიად სწორი მიდგომაა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების ჯგუფებზე ფასების შესანარჩუნებლად, ან, უარეს შემთხვევაში, ფასების დასაწევად განკუთვნილი დოტაციებით არა მხოლოდ დააბრუნებს წინა ხელისუფლების დროინდელ იმ მავნე მიდგომას, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაუფიქრებლად ხდებოდა საბაზროზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდება თუ სხვადასხვა მომსახურების გაწევა, არამედ სრულიად ახალ მასშტაბს შესძენს მას.

რეკომენდაციები

თუ მთავრობა გადაწყვეტს, დააწესოს შეღავათები მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შესაბამისი ქულების მიხედვით, ეს, ერთი მხრივ, შესაძლებელს გახდის სოციალური პრობლემას გადაჭრას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შექმნის იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში საბიუჯეტო რესურსი მიიმართება მოსახლეობის იმ ფენისკენ, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ:

  • მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის მედიკამენტებზე ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტისაგან დასაცავად, უმჯობესი იქნება თუ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გარკვეული სარეიტინგო ქულების მქონე მოსახლეობისთვის დააწესებს შეღავათს გარკვეული ჯგუფის წამლებზე. საქართველოს მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს წამლებზე ფასების ზრდის გადატანა დახმარების გარეშეც უნდა შეეძლოს – როგორც 2013 წლის ბოლოს ჩვენ მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ უჩვენა, მოსახლეობის ნახევარი მზად არის საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები დააფინანსოს – და ამდენად არარაციონალურია ისედაც მწირი საბიუჯეტო რესურსის იმ ადამიანების დახმარებაზე დახარჯვა, ვისაც ეს არ სჭირდება.

  • მედიკამენტებზე შეღავათების დაწესება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ყველაზე მარტივი განსახორციელებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იქნება. ეს არ მოითხოვს დამატებით ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან არსებობს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების (მთავრობის 218-ე და 165-ე დადგენილებები) ფარგლებში მედიკამენტებზე შეღავათების დაწესების გამოცდილება.

  • დოტაციებით მედიკამენტების ფასების შენარჩუნების გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დათვალონ ყველა პოტენციური დანახარჯი და დაიწყონ კონსულტაციები შესაბამისი საექსპერტო ცოდნის მქონე ორგანიზაციებთან ამგვარი გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგის განსახილველად.

Author: მიხეილ კუკავა