საკრებულოს ფრაქციების ინიციატივების სიმცირე კახეთის მუნიციპალიტეტებში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგს. ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის ანგარიში.
ამჯერად დავინტერესდით, თუ რამდენი ფრაქცია ფუნქციონირებს კახეთის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და რამდენად ეფექტურად მუშაობენ ისინი. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს ფრაქციის დაარსებიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით.
საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ ფრაქციაში, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.
ფრაქცია არის გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის გარშემო გაერთიანებული საკრებულოს წევრთა ჯგუფი, რომელიც საქმიანობას წარმართავს თვითმმართველობის კოდექსის, საკრებულოს რეგლამენტისა და ფრაქციის წესდების შესაბამისად.
ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანი საკრებულოს წევრის იმ უფლებამოსილებების ეფექტიანი რეალიზებაა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის ინიცირების უფლებას, თანამდებობის პირთა თუ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას, მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის შესწავლას და ა.შ. მოიცავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს წევრები საკუთარ უფლებამოსილებას უსასყიდლოდ ახორციელებენ. თანამდებობრივ სარგოს იღებენ მხოლოდ შემდეგი თანამდებობის პირები: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
კვლევის შედეგად დადგინდა:
-
კახეთში არსებული 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში სულ 59 ფრაქცია ფუნქციონირებს;
-
თვითმმართველი ქალაქი თელავის, საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის საკრებულოებში მოქმედ ფრაქციებს საკრებულოში არც ერთი საკითხი არ დაუყენებიათ;
-
საკრებულოში ფრაქციების ინიცირებული საკითხების რაოდენობა მცირეა - 59 ფრაქციას სულ 14 ინიციატივა აქვს წარდგენილი საკრებულოში;
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია იმგვარად არის მოწოდებული, რომ ფრაქციების მიერ ინიცირებული საკითხების, განცხადებების, ანგარიშების და სხვა აქტივობების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ორგანიზაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მომზადებულ პასუხს სისტემური სახე არ მისცა, შესაბამისად, იძულებულები ვართ, საკრებულოდან მიღებული პასუხი ვალიდურად არ ჩავთვალოთ;
-
ფრაქციის თავმჯდომარეებს ფრაქციების ჩამოყალიბების დღიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 1 834 202,22 ლარი.
მუნიციპალიტეტები
თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოში 6 მოქმედი ფრაქციიდან მხოლოდ 3 ფრაქციის მიერ იქნა ინიცირებული სულ 12 საკითხი.
დანარჩენი 3 ფრაქციიდან ინიცირებული საკითხები არ ყოფილა.
ფრაქციის თავმჯდომარეებს ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 218 666 ლარი.
ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული 6 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 4, მათ შორის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებში სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბავშვებისთვის გადასახადის გაუქმების შესახებ, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები სოფლებში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დასუფთავების აქციის შესახებ. საინფორმაციო მასალების გამოცემისა და მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტის მოწვევის შესახებ.
ფრაქცია “ძლიერი სოფლის” მიერ ინიცირებული 2 საკითხიდან (მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის ავზების დაქლორვის და წყლის ხარისხის ლაბორატორიული შემოწმების და საბავშვო ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების შესახებ) საკრებულომ არც ერთი არ გაიზიარა.
ფრაქცია “სამართლიანობის” მიერ ინიცირებული 4 საკითხიდან დადებითად გადაწყდა მხოლოდ ერთი - ინფრასტრუქტურულ სამუშაოთა ინსპექტირების ჯგუფში საკრებულოს წევრის შეყვანის შესახებ.
არ დაკმაყოფილდა ინიციატივები ერთ-ერთ (სოფ.გარდისუბანი) სოფელში ტრანსპორტის შემაფერხებელი ბარიერის მოწყობის შესახებ, თელავი-გომბორის მაგისტრალური გზაზე პირუტყვის გადასაზიდი საგზაო ნიშნების დაყენების შესახებ, სოფლებში ქუჩებისთვის სახელების მინიჭების შესახებ.
-
თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოში სულ 2 ფრაქცია ფუნქციონირებს. ერთი 2014 წელს ხოლო მერე 2016 წელს შექმნილი. აქედან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხები. ანაზღაურების სახით კი ჯამში აღებული აქვთ 23 905 ლარი.
-
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების” მიერ 2014 წელს მოხდა დედოფლისწყაროელი სპორტსმენების (ხ. ქოქუაშვილის და მ. ჯანაშვილის) დაჯილდოების საკითხის ინიცირება. საკრებულომ ინიციატივა გაიზიარა.
-
2014 წელს ასევე დადებითად გადაწყდა ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ პოეტ ქ. ნათელაძის ლექსების კრებულის გამოსაცემად თანხის გამოყოფის შესახებ ინიციატივა.
-
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ფრაქციების თავმჯდომარეებს სულ ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 187 710 ლარი
სიღნაღის საკრებულოში სულ 6 ფრაქცია ფუნქციონირებს. შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 176 843 ლარი
საგარეჯოს საკრებულოში 8 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 259 200 ლარი
ყვარლის საკრებულოში 7 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 247 504 ლარი
ახმეტის საკრებულოში 9 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 262 305 ლარი
ლაგოდეხის საკრებულოში 9 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 199 305,3 ლარი
ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად გურჯაანის საკრებულოს მიერ გადმოგზავნილი წერილი არ იძლევა ინიციატივების ანგარიშების, განცხადებებისა და ფრაქციების სხვა სახის აქტივობებისგან გამიჯვნა/იდენტიფიცირების საშუალებას, შესაბამისად, არ გვაქვს საშუალება, საკრებულოს ფრაქციათა ინიციატივები ჩამოვწეროთ.
როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე. გარდა ხელფასის, პრემიისა და დანამატისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი და ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.
მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის რაიმე ზღვარი არა აქვთ დაწესებული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება კი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადი ხასიათისაა და ფრაქციის თავმჯდომარესა და მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებებს.
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდაზე, რათა ფრაქციის და მისი თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.