საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სისტემა დახვეწას საჭიროებს
უკანასკნელ პერიოდში მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, საკრებულოს წევრებისთვის კონკრეტული საქმიანობის განხორციელების სანაცვლოდ დანიშნული ანაზღაურებების შესახებ, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და გაურკვევლობა გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებას არ იღებს თუ ის კონკრეტულ თანამდებობაზე არ არის დანიშნული. გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ვალდებულებები აქვთ მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოს წევრებს ამომრჩევლების წინაშე და რა გამოწვევებია მათი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების ნაწილში.
საკრებულოს წევრთა ვალდებულებები და მათ შესასრულებლად დადგენილი განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში
საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც პროპორციული სიით და მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრებისაგან შედგება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს წევრის ვალდებულებაა შეხვდეს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში, წარუდგინოს ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკრებულოს კომისიების და ფრაქციათა თავმჯდომარეებისა) ვალდებულებაა, კანონით დადგენილი ზემოხსენებული მოთხოვნები სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ, ანაზღაურების გარეშე განახორციელონ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო შეეცადა ამ პირების ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ხარჯები მაინც აენაზღაურებინა, (ტრანსპორტი, კომუნიკაციის ხარჯები).
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ახლად შეკრებილი საკრებულოების ნაწილმა მიიღო დადგენილება „საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”. თანხების გაცემის კრიტერიუმების დადგენა და თანხების ოდენობა თვით საკრებულოების უფლებამოსილებაა, რის გამოც სხვადასხვა საკრებულოთა მიერ განსაზღვრული თანხები არასტანდარტულია. ძნელია გაიგო თუ რა კრიტერიუმით იქნა უფლებამოსილების განხორციელებისათვის გასაწევი ხარჯები დადგენილი.
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობები
ფოთი |
სენაკი |
ქედა |
სამტრედია |
|
საკრებულოს თავმჯდომარე |
600 ლარი |
0 |
230 ლარი |
500 ლარი |
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები) |
550 ლარი |
0 |
230 ლარი |
500 ლარი |
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
500 ლარი |
0 |
230 ლარი |
500 ლარი |
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
500 ლარი |
0 |
230 ლარი |
500 ლარი |
საკრებულოს სხვა წევრი |
700 ლარი |
400 ლარი |
450 ლარი |
500 ლარი |
უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯები ფოთში, სამტრედიასა და ქედაში უნაზღაურდებათ საკრებულოს იმ წევრებსაც, (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე) რომლებიც ხელფასს ისედაც იღებენ. სენაკის მუნიციპალიტეტში კი უფლებამოსილების განხორცილებისათვის ანაზღაურებას საკრებულოს მხოლოდ რიგითი წევრები (გარდა თანამდებობის პირებისა) იღებენ.
გარდა ზემომოყვანილისა საინტერესოა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალითი, სადაც მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილულ იქნა „საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ" დადგენილების პროექტი. დადგენილების პროექტით ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი 500 ლარი ცალკე პუნქტებადაა ჩაშლილი, კერძოდ:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 ლარი
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისათვის - 100 ლარი
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის - 250 ლარი, აქედან:
გ.ა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარი
გ.ბ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისათვის - თითოეული გასვლისთვის 50 ლარი, მაგრამ არაუმეტეს შავი შეხვედრისა თვეში
დ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის - 50 ლარი
გაუგებარია თუ რატომ უნდა მიიღოს საკრებულოს წევრმა თანხა ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, საკრებულოს სხდომებში ან საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა საკრებულოს წევრს ავალებს, რომ ეს უფასოდ, ანაზღაურების გარეშე განახორციელოს. ასევე, არ არის ნათლად წარმოდგენილი თუ კონკრეტულად რა ხარჯი ანაზღაურდება ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის გამოყოფილი თანხებით, ეს არის მგზავრობის ხარჯები თუ ჰონორარი საკრებულოს წევრის მიერ გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ.
დადგენილების პროექტში ასევე წერია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ამომრჩევლებთან შეხვედრის ნამდვილობა უნდა დაადასტუროს მინიმუმ 3 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი აქტით, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელისმომწერი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. თუმცა დადგენილებებში არ არის წარმოდგენილი თუ როგორ შეიძლება გადამოწმდეს საკრებულოს წევრის, როგორც ამომრჩევლებთან შეხვედრის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ აქტზე დატანილი 3 ამომრჩევლის ხელმოწერის ნამდვილობა.
ჩვენი რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით საკრებულოს წევრებს უნდა აუნაზღაურდეთ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრისთვის გაწეული საწვავისა და ამომრჩეველთან კომუნიკაციის ხარჯები, მაგრამ დაუშვებელია საკრებულოს წევრს მიეცეს ანაზღაურება საკრებულოს სხდომებზე, კომისიებში მუშაობისა და მუნიციპალიტეტის შენობაში ამომრჩეველთა მიღების სანაცვლოდ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამომრჩეველი თვითონ, საკუთარი ხარჯებით მიდის ადმინისტრაციულ დაწესებულებაში. ასევე:
-
აუცილებელია ჩამოყალიბდეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ერთიანი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების დაზოგვისკენ;
-
უნდა შემუშავდეს საკრებულოს წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების სიზუსტის დადგენის ეფექტური მექანიზმები;
-
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების დროს იყვნენ მაქსიმალურად დამოუკიდებლები. თუმცა საბიუჯეტო ხარჯვის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკრებულოს საბიუჯეტო კომისიებმა პრაქტიკულად განახორციელონ საბიუჯეტო ზედამხედველობის ფუნქციები, რაც მათ კანონით აქვთ დაკისრებული.
-
მომავალში, საბიუჯეტო ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია თვითმმართველობებში შეიქმნას შიდა აუდიტის სამსახურები (დღეს შიდა აუდიტის სუბიექტები მხოლოდ აჭარის თვითმმართველობებში მოქმედებს), რაც თვითმმართველობებს დაეხმარება ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებული პრობლემების ადრეულ გამოვლენაში.