საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს

29 ოქტომბერი, 2015

 

27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი პაატა კიკნაველიძეა. პროექტი ცვლილებების შეტანას სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებში, ასევე „პოლიციის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონებში ითვალისწინებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2015 წლის 5 ივნისს, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების შემდგომ, პირველად გამოეხმაურა ცვლილებებს და აღნიშნული ინიციატივა ნეგატიურად შეაფასა. ჩვენი შეფასება ასევე წარედგინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეუძლია პოლიციას მიმართოს. შემოთავაზებული ცვლილებით უქმდება სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე უძრავი ნივთების უკანონო/არამართლზომიერი მფლობელების გამოსახლების შესაძლებლობა. კანონპროექტის მეორე მოსმენისას ცვლილება შევიდა ინიცირებულ ვარიანტში და გამონაკლისის სახით შესაძლებელი ხდება გამოსახლება პოლიციის მეშვეობით თუკი სახეზეა ბინაში ან სხვა მფლობელობაში თვითნებური შეჭრის დასაბუთებული ვარაუდი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების საჭიროება გამოწვეულია არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზებით, რაც, ავტორის თქმით, ახასიათებს არასასამართლო, მათ შორის, საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს, რომელიც შემოღებულ იქნა და მოქმედებს 2007 წლიდან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები დაუსაბუთებლად ზღუდავს კანონიერი მესაკუთრის უფლებას. კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის. ვფიქრობთ, რომ ეს თავის მხრივ იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე, და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უარყოფითი შედეგების რისკებს ვერ ამცირებს მეორე მოსმენის დროს განხორციელებული ცვლილებებიც.

წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2015 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც კანონპროექტის ავტორის მიერ განმარტებით ბარათში მოყვანილ მიზეზები და მათ საპასუხოდ ჩვენი არგუმენტებია მოცემული: რა საფრთხეებს შეიცავს კერძო საკუთრებიდან არამართლზომიერი მფლობელის გამოსახლების ინიციატივა

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“