ENG

საპარტნიორო ფონდის პროექტები და ინვესტიციები 2011- 2014 წლებში

16 მაისი, 2014

 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდმა, შესაძლოა, რეორგანიზაცია განიცადოს და სახელმწიფო მმართველობაში არსებულ საქართველოს განვითარების ბანკის სახით ჩამოყალიბდეს. ამჟამად საპარტნიორო ფონდი თანაინვესტირებას ახორციელებს საშუალო და მსხვილმასშტაბიან პროექტებში, თუმცა მან ამ დრომდე ვერ შეძლო, მოეძებნა ინვესტორი ისეთი მსხვილი პროექტებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ნენსკრის ჰიდროელექტროსადგური და ანაკლიის ღრმა საზღვაო პორტი. 2014 წლის იანვარში საპარტნიორო ფონდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას მსოფლიო ბანკის შვილობილ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), რომელიც ნენსკრის ჰესის პროექტის სტრუქტურის შემუშავებასა და ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს (საპარტნიორო ფონდის პროექტების სრული სია იხილეთ ქვემოთ).

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) გაფორმებული სახელმწიფო-კერძო პარტნიორობების ტრანზაქციების საკონსულტაციო შეთანხმება წინგადადგმული ნაბიჯია. საპარტნიორო ფონდი ორ მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს: ონსა და ნენსკრას. თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ფონდის მიერ ორივე პროექტის წამოწყების წესმა საქართველოს გარემოსდაცვითი ჯგუფი მწვანე ალტერნატივა კრიტიკა დაიმსახურა, რადგან აღნიშნულ პროექტებს არც რაიმე სახის სათანადო  საჯარო კონსულტაციები და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასებები ახლდა თან. IFC-ისთან თანამშრომლობა ერთგვარი საწინდარია იმისა, რომ 210-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების, კულტურული მემკვიდრეობის, რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და დაბინძურების თავიდან აცილების, სამუშაო პირობების, მიწის შეძენისა და იძულებითი გადასახლების საკითხებში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. შეთანხმებას ხელი 2014 წლის იანვარში მოეწერა, იგი 1,389,845 აშშ დოლარის სამუშაოებს ითვალისწინებს და 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავა კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეკითხვებზე პასუხად განაცხადა: „IFC-ის მხარდაჭერის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ფონდისათვის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების დასრულებაში დახმარება უნდა იყოს (მათ შორის საჯარო კონსულტაციების პროცესის მხრივ). და, რაღა თქმა უნდა, პროცესიცა და დოკუმენტიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მსოფლიო ბანკის/ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალ სტანდარტებს. IFC იურიდიული, ფინანსური, გარემოსდაცვითი და .. დოკუმენტაციის მთელი პაკეტის მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი და პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაგვეხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ IFC-ის სოლიდური გამოცდილება აქვს მსოფლიო მასშტაბით  PPP-ის (სახელმწიფო/კერძო პარტნიორობა) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და მხარდაჭერის კუთხით, ჩვენ ველით, რომ პროექტი ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესატყვისი იქნება  და ამდენად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის" .

2014 წლის თებერვალში საპარტნიორო ფონდმა ქართულ კომპანიასთან ერთად ასევე წამოიწყო 6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წარმოების პროექტი, სამშენებლო მასალების ქარხანა ICES. ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (რომლის შემდეგაც ფონდის მენეჯმენტი მთლიანად გამოიცვალა) ფონდის მიერ პირველი წარმოწყებული პროექტია.

IFC-ისთან შეთანხმების გაფორმება საპარტნიორო ფონდის წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელობის საქმიანობა, რომელიც უკვე 19 თვეა, ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ აღნიშნული მიღწევებით შემოიფარგლება. საპარტნიორო ფონდს მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსები გააჩნია - ფონდის ფინანსური დირექტორის თანახმად, მის საკუთრებაში არსებულ მნიშვნელოვან აქტივებს შორისაა საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანია, მას აქვს დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარის  საერთო აქციები, 2,95 მლდრ აშშ დოლარის ოდენობის ჯამური აქტივები და თითქმის 50 მლნ დოლარი ყოველწლიურად ინვესტიციების თანადასაფინანსებლად.

საპარტნიორო ფონდმა სამი წლის განმავლობაში ოთხი პროექტი დაასრულა, ხოლო ექვს პროექტზე განაგრძობს მუშაობას. დასრულებულ ინვესტიციებს განეკუთვნება მეღორეობის ფერმა-სასაკლაო (რომელმაც ცოტა ხნის წინ მუშაობა შეაჩერა) და სამი სპა სასტუმრო. მიმდინარე პროექტებში შედის საწარმოო ქარხანა, ერთი თბოელექტროსადგური, ორი ჰიდროელექტროსადგური, ღრმა საზღვაო პორტი და კიდევ ორი მდიდრულ სპა სასტუმრო.

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ენერგეტიკის, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის მოქმედი მინისტრები, ასევე ოთხი ქართული ბანკის ოთხი უფროსი ხელმძღვანელი პირი, საბჭოს კი პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ - გიორგი ბაჩიაშვილი. 2013 წლის სექტემბერში ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელად გადავიდა და ამჟამად საინვესტიციო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავა წარმოადგენს.

დასრულებული პროექტები

„ჯეო აგროს“ მეღორეობის ფერმა - „კალანდა“ 

 

  • სტატუსი: გაიხსნა 2013 წლის ივნისში (პროექტი 2012 წლის დასაწყისში დაიწყო)
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 9 მლნ აშშ დოლარი; დღეის მონაცემებით ფონდის მონაწილეობა შეადგენს 1,3 მლნ აშშ დოლარის კონვერტირებად სუბორდინირებულ სესხს; თანაინვესტორია სს „ჯეო აგრო“ - 2,75 მლნ აშშ დოლარი; გაცემულია 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი საქართველოს ბანკიდან.
  • პროექტის აღწერა: 600 დედა ღორიდან (I ფაზა) 1500 დედა ღორამდე (II ფაზა - საქართველოს ფერმებში არსებული ღორების საერთო რაოდენობის 10 პროცენტი) გათვლილი მეღორეობის ფერმა და სასაკლაო. კალანდას“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში ბრიტანეთის მეღორეობის კომპანია შპს  ACMC Ltd.-მ გაიმარჯვა, რომელთანაც გაფორმდა კონტრაქტი ფერმისათვის სანაშენე სულადობის გენეტიკური სელექციის წესით გამოყვანილი ღორების მიწოდებაზე, ხოლო ფერმის ტექნიკურ უზრუნველოფას ამერიკული კომპანია Big Dutchman-ი ახორციელებს2014 წლის თებერვალში კალანდას ფერმაში ღორის ცხელება გავრცელდა და ღორების უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ფერმა სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაუკავშირდა, რომელმაც დანარჩენი ღორებიც დააძინა და დამარხა. ფერმა მას შემდეგ დახურულია. ამჟამად საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ბანკი ფერმის ხელახლა გასახსნელად სესხის გაცემას განიხილავენ.  
  • ადგილმდებარეობა: ოფელი კოდა, თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით
  • თანაინვესტორი: სს „ჯეო აგრო“, რომლის მესაკუთრეცაა სს კალანდა“, რეგისტრირებული დირექტორია ანრი ბაციკაძე. რეგისტრირებული აქციონერები: 50 პროცენტი ეკუთვნის სს „კობალს“ (მთლიანად უჩა ქართველიშვილის საკუთრება); 25 პროცენტი - ვალერი მალცევს (რუსეთის ფედერაცია); 12,5 პროცენტი - მამუკა ყაჯრიშვილს, ხოლო 12,5 პროცენტი - ​​ანრი ბაციკაძეს, საქართველოს სამეწარმეო რეესტრი.



სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“  

  • სტატუსი:  გაიხსნა 2013 წლის აპრილში (პროექტი 2011 წლის დეკემბერში დაიწყო)
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 5 მლნ აშშ დოლარია; ფონდის მონაწილეობა - 2,4 მლნ აშშ დოლარი  (პრიორიტეტული დაფარვის კონვერტირებადი სესხი).
  • პროექტის აღწერა:  38-ნომრიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალციხის ძველ ქალაქში მდებარე რაბათის ციხეში.
  • თანაინვესტორი: სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ მთლიანად Eurocom Investment-ის (წარმოშობით ქართველი ნოდარ გიორგაძის კუთვნილი სლოვაკეთში რეგისტრირებული კომპანია) მფლობელობაშია. 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, გიორგაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შემდგომში, გიორგაძემ სლოვაკეთის მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ Gino Paradise Besenova Resort-ს ავითარებს, რომელიც სლოვაკეთში აკვაპარკსა და 3 სასტუმროს მოიცავს. საქართველოში, გიორგაძემ განავითარა სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ და ჯინო ფერედაის“ აკვა პარკი თბილისის ზღვაზე, რომელიც 2013 წლის ივლისში გაიხსნა. ფონდის ფინანსური დირექტორის თქმით, გიორგაძემ საპარტნიორო ფონდისაგან აღებული სესხი სრულად დაფარა.

კურორტი საირმე

  • სტატუსი: გაიხსნა 2012 წ. (დაიწყო 2011 წ.)
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 11 მლნ აშშ დოლარი (მათ შორის თიბისი ბანკის სესხი); ფონდის მონაწილეობა - 1 მლნ აშშ დოლარი (კონვერტირებადი სესხი).
  • პროექტის აღწერა: 150-ნომრიანი სასტუმრო და სარეაბილიტაციო ცენტრი. საირმე საბჭოთა კავშირის პერიოდში მთის მინერალური წყლების კურორტი იყო. 2010 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ პარლამენტი ქუთაისში გადაინაცვლებდა, რომელიც საირმიდან 55 კილომეტრითაა დაშორებული, და რომ მთავრობა საირმის კურორტს გაარემონტებდა.
  • თანაინვესტორი: საირმის განვითარების კომპანია - ეკუთვნის მთლიანად თემურ კოხოძეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადვოკატირებისა და სამართლებრივი დახმარების კლინიკის (ALAC) იურისტების მიერ წარმოებული მოკვლევის თანახმად, 16 ადგილობრივი მიწის მესაკუთრე რაიონის პროკურორს ადანაშაულებდა, რომ ის გარიგებაში შევიდა საპარტნიორო ფონდის თანადამფინანსებელ ინვესტორ თემურ კოხოძესთან, რომელიც იმ ხანად რეგიონის წამომადგენელი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობიდან, და ზეწოლის გზით აიძულა  ისინი, საკუთარი მიწები უფასოდ დაეთმოთ სასტუმროს მშენებლობისთვის. 2010 წლის 13-იდან 23 დეკებრამდე, ათი დღის განმავლობაში, სულ მცირე 22-მა საირმელმა მიწის მესაკუთრემ კერძო საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ უფასოდ დათმობა დაარეგისტრირა (რეგისტრაცია მოხდა საჩუქრის, ან დათმობის სახით). ყველა ეს მიწის ნაკვეთი ერთმანეთის მომიჯნავეა. აღნიშნული მიწები, უმეტეს შემთხვევაში, მათ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებულ ერთადერთ ქონებას წარმოადგენდა. ნაციონალურმა მთავრობამ ყველა ეს ნაკვეთი შემდგომ  კოხოძის მფლობელობაში არსებულ საირმის განვითარების კომპანიას გადასცა. კოხოძემ განაცხადა, რომ მან გაერთიანებულ მიწებში 36,000 აშშ დოლარი (60,000 ლარი) გადაიხადა. მიწის მესაკუთრეები კი აცხადებენ, რომ მათ დაკარგული მიწებისა და ბიზნესისათვის არანაირი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ, რომ ისინი ადგილობრივმა პროკურორმა კახა სვანიძემ დაშინა და ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა აიძულა.
  • პოლიტიკური პარტიის შემოწირულობები: თემურ კოხოძე საქართველოში რამდენიმე წარმატებულ ბიზნესს ფლობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საწარმოა საავტომობილო სადილერო კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც მანქანების მომსახურებას ეწევა. 2010 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ერთი იურიდიული პირის მიერ ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულ თანხებზე 60,000 აშშ დოლარის (100,000 ლარის) ზედა ზღვარი დააწესა. სამართლებრივი აქტის ამოქმედების შემდეგ კოხოძემ ნაციონალურ მოძრაობას 303,000 დოლარზე მეტი (500,000 ლარი) შესწირა, რომელიც მისსავე კუთვნილ სხვადასხვა კომპანიაზე გადაანაწილა (თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, თეგეტა სამშენებლო ტექნიკა“, თეგეტა ლოჯისტიკსი“, თეგეტა მოტორსი“), რომ კანონი არ დაერღვია. 

სასტუმრო „როიალ ბატონი“ ყვარელში

  • სტატუსი: გაიხსნა 2013 წლის ივნისში (დაიწყო 2011 წლის დეკემბერში)
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 2,3 მლნ აშშ დოლარი; ფონდის მონაწილეობა - 1,15 მლნ აშშ დოლარი (პრიორიტეტული დაფარვის კონვერტირებადი სესხი), შპს „ვინივერია ჯგუფის“ მონაწილეობა - 1,15 მლნ აშშ დოლარი.
  • აღწერა: 32-ნომრიანი სასტუმრო ყვარელში, კახეთის რეგიონში  
  • თანაინვესტორი:  2011 წლის დეკემბერში, ფონდმა ყვარელში ილიას ტბაზე სასტუმრო „როიალ ბატონის“ასაშენებლად სესხი გასცა ქართულ შპს „ვინივერია ჯგუფზე“. ვინივერია ჯგუფის“ წილთა 70 პროცენტი გიორგი პირადაშვილს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე სასტუმროს ფლობს  რეგიონში, მათ შორის შატო მერეს“. „როიალ ბატონი“ 2013 წლის ივლისში გაიხსნა, ხოლო საპარტნიორო ფონდის სესხი სრულადაა დაფარული.

განვითარების პროცესში მყოფი პროექტები

გარდაბნის თბოელექტროსადგური

  • სტატუსი: მშენებლობა განახლდა 2014 წლის იანვარში, დასრულდება 2016 წელს (პროექტის პირველად დაიწყო 2012 წელს)
  • ფონდის მიერ გაწეული ჯამური ინვესტიციები:  220 მლნ აშშ დოლარი
  • პროექტის აღწერა: გარდაბნის თბოელექტროსადგური კომბინირებული ციკლის პირველი თბოელექტროსადგურია საქართველოში და მას 230 მეგავატი დადგენილი საწარმოო სიმძლავრე ექნება. 54 პროცენტიანი ეფექტურობის პირობებში არსებულ თბოლოელექტროსადგურებთან შედარებით იგი 40 პროცენტით ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. საპარტნირო ფონდის ინფორმაციით, იგი „საქართველოს ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნებისათვის ესოდენ საჭირო ზამთრის ენერგეტიკულ სიმძლავრეს უზრუნველყოფს."

პროექტს საფუძველი 2012 წლის გაზაფხულზე ჩაეყარა ენერგეტიკის სამინისტროში; მისი დაფინანსების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა ნიკა გილაურმა, რომელიც 2012 წლის ივნისში პრემიერ მინისტრის  (და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის) თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ 2012 წლის ივლისში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მანამდე, 2004 -დან 2007 წლამდე, გილაური ენერგეტიკის მინისტრად მსახურობდა. მშენებლობა 2013 წლის იანვარში დაიწყო და მას კერძო სექტორიდან თანაინვესტორი არ ჰყოლია, რის გამოც პროექტის მთელ ხარჯებზე პასუხისმგებელი საპარტნიორო ფონდი იყო. სამშენებლო კონტრაქტორი Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S.-ის სადგურის სააქციო კაპიტალის წილის შეძენაში დარწმუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ამჟამად პროექტს მთლიანად ფლობს საპარტნიორო ფონდი (49 პროცენტი) და მისი შვილობილი კომპანია - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (51 პროცენტი). აქციების განაწილების აღნიშნული სტრუქტურა წინააღმდეგობაში მოდის ფონდის მისიასთან, რომელიც კერძო სექტორის პროექტების თანადაფინანსებას გულისხმობს. ამ პროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 2013 წლის მარტში შემდეგი განცხადება გააკეთა: „საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებამ, სრულად დაეფინანსებინა ელექტროსადგურის პროექტი, გამოკვეთა ფონდის მმართველობის გაძლიერების აუცილებლობა; ამ მხრივ მისასალმებელია ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები. ხელისუფლებამ პროექტის განვითარების პარტნიორებთან უნდა იმუშაოს, რათა ახალი საინვესტიციო ფონდების მიერ ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოს გამჭვირვალე, ფისკალურად პასუხისმგებელი და მდგრადი გზით.“  ამის შემდეგ ფონდის ახალმა მენეჯმენტმა ფონდის იურიდიულ წესდებაში ცვლილებები შეიტანა, რითაც  ფონდის საინვესტიციო პრინციპები შეიზღუდა და შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

  • საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა საერთო ინვესტიციათა 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს; 
  • ინვესტიციების დაწყებიდან 3-7 წელში პროექტმა საინვესტიციო ფონდის გასვლის პირობები უნდა შექმნას;
  • საინვესტიციო ფონდის მიერ პროექტში დასაბანდებელი ინვესტიციების მაქსიმალური თანხა (როგორც ვალი, ისე სააქციო კაპიტალი), კერძო ინვესტორის სააქციონერო კაპიტალდაბანდებას არ უნდა აღემატებოდეს.

სამშენებლო მასალების ქარხანა ICES

  • სტატუსი: ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის თებერვალში მოეწერა; ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მშენებლობის ნებართვის დამტკიცებისთანავე დაიწყება (სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში). ფონდის მიზანია, ქარხანა 2015 წლის გაზაფხულზე ამუშავდეს.
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 6 მლნ აშშ დოლარი; ფონდის თანაინვესტიცია - 2,3 მლნ აშშ დოლარი (ასევე მოიცავს მიწას).
  • პროექტის აღწერა: სტანდარტული პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების წარმოება თბოიზოლაციისათვის. ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საქართველო ამგვარი პანელები უმეტესწილად თურქეთიდან შემოაქვს, ხოლო მათი ადგილზე წარმოებით იმპორტის ოდენობა 90 პროცენტით შემცირდება. ქარხნის წლიური მოცულობა 2,8  მლნ კვადრატული მეტრის პანელის წარმოებაზეა გათვლილიკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ნაწარმის 45 პროცენტი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დანარჩენი - ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში.
  • ადგილმდებარეობა: რუსთავის გზატკეცილი, თბილისი
  • თანაინვესტორის: „ინდუსტრიული მშენებლობები საინჟინრო გადაწყვეტილებები“ მთლიანად ალექსი მორჩილაძის საკუთრებაა. მორჩილაძე არის ასევე შპს „საქართველოს სამშენებლო ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 236095809) 30 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი და კიდევ 3 კომპანიის აქციონერი: 5 პროცენტიანი წილით შპს „გეოაგროკირში“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204998422); 24 პროცენტიანი წილით შპს კლიმატში“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 400046437) და 20 პროცენტიანი წილით შპს ევრაზია ტრანს სერვისში" (საიდენტიფიკაციო კოდი: 404983764). მორჩილაძე შპს Sea of Beauty-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 400092378) დირექტორია, მაგრამ ამ კომპანიის აქციონერთა შორის არ ფიგურირებს. პოლიტიკური პარტიის შემოწირულებები: არ აქვს.

ბორჯომი-ლიკანის საერთაშორისო კურორტი

  • სტატუსი: მშენებლობა წამოწყებულია, დასრულების თარიღი დადგენილი არ არის.
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 48,6 მლნ აშშ დოლარი; საპარტნიორო ფონდის წვლილი - 15,3 მლნ აშშ დოლარის სააქციონერო კაპიტალი; თანაინვესტორის წვლილი - 15,3  აშშ დოლარის სააქციონერო კაპიტალი; 8 მლნ აშშ დოლარის საბანკო სესხი; მიწის ნაკვეთის ღირებულება - 10 მლნ აშშ დოლარი.
  • პროექტის აღწერა: სასტუმროების საერთაშორისო ქსელის ოპერატორის Rixos-ის მართვაში არსებული 152-ნომრიანი სპა სასტუმრო და გასართობი ცენტრი. ფონდი წილების 50 პროცენტს ფლობს სს „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეშენალში“, რომელიც სპეციალური დანიშნულების იურიდიული პირია მდიდრული სპა სასტუმროს მშენებლობისა და განვითარების დასაფინანსებლად; ეს ფონდის უმსხვილესი ინვესტიციაა უძრავი ქონების პორტფელით.
  • ადგილმდებარეობა:  ლიკანი, ბორჯომი
  • თანაინვესტორი: 2006 წელს ფონდის პარტნიორმა „ყაზმუნაიგაზ-სერვის საქართველომ“ (KMG SG)(„ყაზმუნაიგაზ (KMG)-ის შვილობილი, რომელიც მთლიანად ყაზახეთის მთავრობას ეკუთვნის) მინერალური წყლების ისტორიული კურორტი შეიძინა, რომლის შემადგენლობაში შედის ეროვნული პარკის ტერიტორიის 38 ჰექტარი  და მინერალური წყლის მარაგები. 2006 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ KMG SG-ს ობიექტი 10 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა იმ პირობით, რომ ის კურორტს განავითარებდა. KMG ყაზახეთის მთავრობის ნახშირწყალბადების აქტივების მენეჯმენტს ახორციელებს; ეს მისი ერთადერთი პროექტია სასტუმროების სფეროში. ერთ-ერთი  მაღალი რანგის პირის თქმით, რომელიც ადრე ფონდში მუშაობდა, საქართველოს მთავრობის მიერ თავდაპირველად, 2006 წელს, ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულებები ძალზე ბუნდოვანი იყო და KMG GS-ის მიერ მხოლოდ მდიდრული სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა. ხელშეკრულებაში  მითითებული არ იყო სასტუმროს მშენებლობის დასრულების თარიღი. მრავალი წლის განმავლობაში ობიექტი მიტოვებული რჩებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2011 წლის მაისსა და 2012 წლის მარტში ეკონომიკის სამინისტროსადმი ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართვის მიუხედავად, ხელშეკრულების დეტალები არ გასაჯაროებულა. ფონდი თავდაპირველად აცხადებდა, რომ სასტუმრო 2013 წლის ზაფხულში გაიხსნებოდა Rixos-ის ბრენდით; მენეჯმენტს გახსნის ახალი თარიღი არ დაუსახელებია.

პროექტები თანაინვესტორის მოლოდინში

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური

  • სტატუსი: ფონდისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად,  წინასწარი სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორთან.
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 628 მლნ აშშ დოლარი; ფონდის მონაწილეობა დღემდე - 8,3 მლნ აშშ დოლარის სააქციონერო კაპიტალი (სამომავლოდ მოსალოდნელია სააქციონერო კაპიტალის  10 პროცენტამდე გაზრდა).
  • პროექტის აღწერა: 210 მეგავატი დაყენებული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური სვანეთში,  მდინარე ნენსკრაზე, რომელსაც 1,3 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავების პოტენციალი ექნება. ნენსკრა საპარტნიორო ფონდს 2011 წელს გადაეცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2012 წლის დეკემბრამდე ნენსკრას შემოთავაზებული სამშენებლო კონტრაქტორი ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Sinohydro იყო - კაშხლების მშენებელი უმსხვილესი კომპანია ჩინეთში. Sinohydro-ს სხვადასხვა ქვეყანაში  წარმოებულ კაშხლების მშენებლობის პროექტებს  კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, 2011 წელს Sinohydro-მ საჯაროდ  აღიარა, რომ ის სამშენებლო პროცედურები, რომლებსაც ის ბაკუნის კაშხლის მშენებლობისას იყენებდა მალაიზიაში (დასრულდა 2012 წელს), გულგრილობის გამოვლინება იყო. ბაკუნის კაშხალი  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - მალაიზიამ“ კორუფციის ძეგლად აღიარა. ობიექტზე მომუშავე ჯანმდაცვისა და უსაფრთხოების მუშაკები აცხადებენ, რომ არაერთხელ გააფრთხილეს Sinohydro-ს ხელმძღვანელობა, რომ კაშხლის მშენებლები ხარჯების შემცირებისა და მშენებლობის დაჩქარების მიზნით ცემენტს ჭარბი რაოდენობის წყალს ურევდნენ. ბაკუნი ყველაზე დიდი კაშხალია მალაიზიაში და ის მიწისძვრის ზონაში მდებარეობს. ადგილობრივი ლობისტური ჯგუფის Sarawak Report-ის ანგარიშში ციტირებულია  კაშხლების მშენებლობის ექსპერტების შეშფოთება, რომ ცემენტში ჭარბი ოდენობით წყლის გარევა მნიშვნელოვნად დაასუსტებს კაშხლის კონსტრუქციასა და სეისმომდგრადობას. საბოლოოდ Sinohydro-სთან მოლაპარაკებები შეწყდა, რადგან კონტრაქტორს  სახელმწიფო გარანტიის მიღება სურდა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად 2014 წლის იანვარში საპარტნიორო ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან“ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის სტრუქტურის შემუშავების საკითხებზე ფონდისთვის კონსულტაციის გაწევის მიზნით.

ანაკლიის (ლაზიკის) ღრმა საზღვაო პორტი  

  • სტატუსი: ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა 2014 წლის მაისში დასრულდება და პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღება. 
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარი; ფონდის მონაწილეობა - 1,6 მლნ აშშ დოლარის სააქციონერო კაპიტალი.
  • პროექტის აღწერა: ახალი ღრმა საზღვაო პორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც PANAMAX ზომის სატვირთო გემების მიღება შეუძლია. 2011 წლის დეკემბერში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდ განვითარების პროექტს - ლაზიკის საკურორტო ქალაქისა და პორტის მშენებლობას გეგმავდა ანაკლიაში   და რომ მშენებლობა საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით 2012 წლის დასაწყისში დაიწყებოდა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით გახსნა ქალაქ ლაზიკის პირველი შენობა, ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის სექტემბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კერძო საინვესტიციო ფონდი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდი) ანაკლიის ღრმა საზღვაო პორტის აშენებისთვის თანხების მოსაზიდად კონსორციუმს აყალიბებდა. ამი შემდეგ საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს პროექტი უკან დაუბრუნდა საპარტნიორო ფონდს, რომელსაც ახალი პორტისთვის საუკეთესო მდებარეობის, მოცულობისა და სხვა მახასიათებლების დასადგენად საერთაშორისო საკონსულტაციო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი წინა ბლოგი.

თბილისის ლოგისტიკის ცენტრი

  • სტატუსი: მიმდინარეობს თანაინვესტორის მოძიება
  • საერთო ღირებულება: 7 მლნ აშშ დოლარი (დაგეგმილი). 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თბილისის ლოგისტიკის ცენტრს“ საკუთარი ბიუჯეტიდან 0,9 მლნ აშშ დოლარი გამოუყო, რის შემდგომაც პროექტი სამართავად საპარტნიორო ფონდს გადაეცა. ფონდის მონაწილეობა: 2,3 მლნ აშშ დოლარის სააქციონერო კაპიტალი (რომელიც შემდეგ კომპანიებს შორის განაწილდა: „თბილისის ლოგისტიკის ცენტრი“ – 60,000 აშშ დოლარი, მისი შვილობილი შპს „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანია“ 770,000 აშშ დოლარი და თანაშვილობილი შპს „ქართული პროდუქტის, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანია“ - 1,5 მლნ აშშ დოლარი) .
  • პროექტის აღწერა: „თბილისის ლოგისტიკის ცენტრი“  თავდაპირველად კომპანიად 2011 წლის მაისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს, დაარსდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.  ULO სისტემის სამაცივრე მეურნეობის გასავითარებლად მთავრობამ მას გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიაში მდებარე 25 ჰექტარი მიწა გადასცა აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის შემადგენელი ნაწილის სახით. ნათია თურნავას თქმით, უკვე აღინიშნება ამ პროექტით ინვესტორების მაღალი დაინტერესება, რომლებიც ფონდს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“  განვითარების სხვადასხვა კონცეფციას სთავაზობენ.  ფონდი საუკეთესო ვარიანტს  არჩევს და 2014 წლის ივნის/ივლისისთვის შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.

სასტუმრო რედისონი წინანდალში

  • სტატუსი: დაფინანსების მოპოვების პროცესში; მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. პროექტს საფუძველი 2012 წლის აპრილში ჩაეყარა. გახსნის სავარაუდო ბოლო ვადაა 2015 წ.
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 16,8 მლნ აშშ დოლარი; თანაინვესტორის შპს „წინანდლის მამულების“ შენატანი 6 მლნ აშშ დოლარი; ფონდის წვლილი დღემდე 4 მლნ აშშ დოლარი; 8 მლნ აშშ დოლარი საბანკო სესხი.
  • პროექტის აღწერა: 104-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. წინანდლის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილის სახით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ წინანდლის ისტორიული ღვინის ქარხნის რემონტის ხარჯები დაფარა და ის მუზეუმად გადააკეთა; მუზეუმი იჯარით აქვს აღებული „სილკ როუდ გრუფს“. ღვინის ქარხნის მუზეუმი „რადისონ წინანდალს“ 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფნით უკავშირდება.
  • თანაინვესტორი: კომპანიის ერთ-ერთ აქციონერად „სილქ როუდ ჯგუფი“ მიიჩნევა. „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინების მიხედვით, Silk Road Group Holdings SA-ის მფლობელები არიან გიორგი რამიშვილი, ალექსეი თოფურია და დავით ფრანც ბორგერი. მაგრამ ჰოლდინგური კომპანიის ანონიმური ოფშორული სტრუქტურის გამო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება არ შეუძლია. საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო  „რედისონი“ წინანდალში მთლიანად შპკ „წინანდლის მამულებს“ ეკუთვნის, რომლის აქციებიც თანაბარწილად იყოფა  ჩახლართული სტრუქტურის მქონე ანონიმურ ოფშორულ ტრასტებზე. შედეგად, ვერც საპარტნიორო ფონდი დ ვერც საზოგადოება ადგენს, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ინვესტიცია და ვინ იღებს ამ სახელმწიფო თანაინვესტირების თანხებს. ჭეშმარიტი მფლობელების ვინაობის მიზანმიმართული დაფარვის გზით, რომელთა შორისაც  პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს პარტნიორები და ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ, აღნიშნული კორპორაციული სტრუქტურები კორუფციის საშიშროებას ან მის აღქმას წარმოშობს.
  • წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კორპორატიული რეესტრი და მალტის კორპორატიული რეესტრი, 2013 წლის აპრილი.

ონის ჰიდროელექტროსადგური

  • სტატუსი: მოსამზადებელი ეტაპი, ინვესტორების ძიების პროცესში
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 600 მლნ-დან 1 მლრდ აშშ დოლარამდე; ფონდის მონაწილეობა - 0,8 მლნ აშშ დოლარი (საავანსო გადახდა საბანკო გარანტიის პირობით);
  • პროექტის აღწერა: 300-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. აღნიშნული ჰესის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური გამოკვლევა 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდა. მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ ონში კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან ის სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსიის გამართვა არ ისურვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონში 6,2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, მიწისძვრის ეპიცენტრი ერთ-ერთი დაგეგმილი კაშხლის უშუალო სიახლოვეს დაფიქსირდა. მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, მის შემდეგ ონში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ყოველგვარი საჯარო მოლაპარაკება  შეწყდა. ფონდის მენეჯმენტის განცხადებით კი, ონის პროექტი ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზეა და საჯარო კონსულტაციების პროცედურა მაშინ ამოქმედდება, როდესაც და თუკი იქნება მიღებული გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების თაობაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხო კაშხლის მშენებლობა შესაძლებელია: სიმართლე გითხრათ, ეს ინფორმაცია გადაჭარბებულია. შესაძლებელია ისეთი კაშხლის აგება, რომელიც 9 ბალამდე სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს, ონში კი, ჩვეულებრივ, 5-7-ბალიანი მიწისძვრები ხდება ხოლმე. მიწისძვრის ზონაში კაშხლის მშენებლობა შეუძლებელი არ არის; ყველაფერი კაშხლის პროექტირებაზე და მშენებლობის ხარისხზეა დამოკიდებული“.

ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრი

  • სტატუსი: მშენებლობა შეჩერებულია, მიმდინარეობს თანაინვესტორების მოძიება
  • საერთო საინვესტიციო ღირებულება: 3,6 მლნ აშშ დოლარი (განხილვის პროცესში); ფონდის მონაწილეობა - 0,3 მლნ აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალი
  • პროექტის აღწერა: ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრი - 3000 კვადრატულ მეტრის ფართის სავაჭრო ცენტრი აზერბაიჯანის საზღვართან.
Author: ევა ანდერსონი