სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება

18 სექტემბერი, 2020

 

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზა დამუშავებად ფორმატში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. სისტემის გაციფრულების 10 წლის თავზეც კი დაინტერესებულ მხარეებს არ აქვთ მარტივი და პირდაპირი წვდომა შესყიდვების შეჯამებულ მონაცემებზე. საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოავლინონ პოლიტიკური ნება და გამონახონ შესაბამისი რესურსები, რათა საბოლოოდ გაიხსნას სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და მასში არსებული ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

რა იგულისხმება შესყიდვების ინფორმაციის „საბოლოო გახსნაში“? საქართველოს შესყიდვების სისტემა ხომ სრულად ელექტრონული და გამჭვირვალეა? დიახ, ეს დიდწილად ასეა, თუმცა, საქმე იმაშია, რომ არსებული სისტემა გვანახებს მხოლოდ ცალკეული შესყიდვის შესახებ ინფორმაციას და მისგან შეუძლებელია რაიმე სახის ზოგადი სტატისტიკის და შეჯამებული მონაცემების ამოღება. ეს კი, თავის მხრივ, უდიდესი ბარიერია სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მოწყვეტილნი არიან შესყიდვების შესახებ შეჯამებულ (ე.წ. აგრეგირებულ) მონაცემებს და ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი, აკადემიური თუ კომერციული მიზნებისთვის მათ გამოყენებას. 

რატომ არის საჭირო შესყიდვების ღია მონაცემებზე წვდომა

შესყიდვების ღია მონაცემებზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც შესყიდვების სისტემის ზოგადი განვითარების, ისე კორუფციის რისკების შემცირებისთვის:

საჯარო სექტორი – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ღია მონაცემთა ფორმატში ხელმისაწვდომობა წაადგება შემსყიდველებს, რომლებიც მარტივად შეძლებენ საკუთარი შესყიდვების შეფასებას, პრობლემების აღმოჩენას და რიცხვებზე დაფუძნებული მიზნების დასახვას. შესყიდვების ღია მონაცემებში ხელმისაწვდომობა ასევე გაუმარტივებს მონაცემთა დამუშავების საქმეს თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

კერძო სექტორი – ღია მონაცემების გამოყენებით კერძო სექტორს შეეძლება შესყიდვებთან დაკავშირებული ახალი კომერციული სერვისების შექმნა, მაგალითად ე.წ. ბიზნეს ანალიტიკური მომსახურება, რაც გააღვივებს ბიზნესის ინტერესს სახელმწიფო შესყიდვების მიმართ.

სამოქალაქო საზოგადოება – შესყიდვების ღია მონაცემების გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მარტივად მოიპოვონ და გააანალიზონ შეჯამებული მონაცემები, შეაფასონ შემსყიდველი საჯარო დაწესებულებების საქმიანობა და გამოავლინონ სისტემური პრობლემები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. ასევე, ღია მონაცემების გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს, შექმნას შესყიდვების მონიტორინგის მექანიზმები (მაგალითად, პრობლემური შესყიდვების გამოვლენა რისკფაქტორების მიხედვით), რომელთა გამოყენებით გამარტივდება შესაძლო კორუფციული ან სხვა ტიპის დარღვევების გამოვლენა.

გარემოებები

შესყიდვების ელექტრონული სისტემა საქართველოში 2010 წელს შეიქმნა და იმ დროისთვის იგი მსოფლიოში უპრეცედენტო და საუკეთესო იყო თავისი გამჭვირვალობითა და ავტომატიზებით, რაც ზრდიდა ეფექტიანობას და ამცირებდა კორუფციის რისკებს.

მას მერე ციფრული შესყიდვების სისტემები მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა, ამან გლობალური მოძრაობის სახე მიიღო და გაჩნდა უკეთესი სისტემებიც, მაგალითად – უკრაინის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა. საქართველომ ვერ მოახერხა საკუთარი სისტემის იმ ტემპით განვითარება, რომ მოწინავე ადგილი შეენარჩუნებინა მსოფლიო ასპარეზზე.

ღია მონაცემთა ვიზუალიზაციის ვებგვერდი - vod.spa.ge

შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ღია მონაცემთა ფორმატში გამოქვეყნების ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე რამდენიმე წელია რეფორმათა არაერთი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში აქვს აღებული. თუმცა, მიზანი მიუღწევლად რჩება – შესყიდვების მონაცემთა სრული ბაზა დამუშავებად ფორმატში ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ვალდებულების შესრულების ბოლო წარუმატებელი მცდელობა „ღია მონაცემთა ვიზუალიზაციის ვებგვერდი – vod.spa.ge“ იყო (იხ. სურათი #1). ვებგვერდზე მუშაობა 2019 წლის ივნისში დასრულდა. მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ვებგვერდი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა, რითიც იგი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდოდა. თუმცა, ვებგვერდის პრეზენტაცია მხოლოდ ვიწრო წრეში მოხდა და დღეის მდგომარეობით, როგორც ჩანს, იგი მიტოვებულია.

სურათი #1 – სახელმწიფო შესყიდვების ღია მონაცემთა ვიზუალიზაციის ვებგვერდი - vod.spa.ge

vod.spa.ge-ს, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდისგან განსხვავებით, გააჩნია ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია:

1. აგრეგირებულ მონაცემთა დამუშავებად ფორმატში გადმოწერის ფუნქცია, რის გარეშეც პრაქტიკულად შეუძლებელია შესყიდვების მონაცემების ეფექტიანი დამუშავება.

მაგალითისთვის: სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე შეიძლება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული თითოეული ტენდერისა და გაფორმებული კონტრაქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა; თუმცა, შეუძლებელია იმავე სიმარტივით იმის ნახვა, მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში მთლიანობაში რა თანხა დახარჯა მერიამ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ან საშუალოდ რამდენმა პრეტენდენტმა მიიღო მერიის ამ ტენდერებში მონაწილეობა. ასეთი ტიპის შეჯამებული ინფორმაციის ავტომატური ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელით ამის გაკეთება კი არარეალისტურია, რადგან ცალ-ცალკე უნდა დაჯამდეს ასობით ან ათასობით მონაცემი. vod.spa.ge-ის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის ამოღება სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.  

2. API (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) – რისი გამოყენებითაც შესაძლებელია ვებგვერდთან პროგრამული ბმის გაკეთება და შესყიდვების მონაცემთა გამოყენებით სხვადასხვა (კომერციული თუ არაკომერციული) სერვისების შექმნა. შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში API-ის ჩაშენება საუკეთესო პრაქტიკად ითვლება. ასეთი სისტემა დაინერგა უკრაინაში და დღესდღეობით ის ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ, რადგან მონაცემების რეალურ დროში წვდომამ ბიზნეს მომსახურებებისა და მონიტორინგის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ღია მონაცემთა ვებგვერდ vod.spa.ge-ის პრობლემები

იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს ვებგვერდი vod.spa.ge, იგი ვერ უზრუნველყოფს შესყიდვების მონაცემებთან ღია და სრულ წვდომას, რაშიც იგულისხმება აგრეგირებულ და სტრუქტურირებულ მონაცემებთან წვდომა რეალურ დროში და დამუშავებად ფორმატში. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი პრობლემების გამოსწორება:

არ ხდება მონაცემების განახლება რეალურ დროში – ვებგვერდზე არსებული მონაცემთა ბაზა 2019 წლის აგვისტოს შემდეგ არ განახლებულა. აუცილებელია, რომ განახლება ხდებოდეს რეალურ დროში (და არა პერიოდულად), მინიმუმ დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე პლატფორმა გამოუსადეგარი ხდება, მაგალითად, დამხმარე ბიზნესსერვისების შესაქმნელად.

ვებგვერდი არ მოიცავს შესყიდვების სრულ ბაზას – vod.spa.ge-ზე არ არის ასახული, მაგალითად, გამარტივებული შესყიდვების ბაზა, რაც შესყიდვებზე დახარჯული საერთო თანხის დაახლოებით მესამედია. მასზე ასევე არ არის ასახული კონსოლიდირებული ტენდერები. აუცილებელია, რომ ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ყველა სახის შესყიდვა აისახოს ღია მონაცემების ვებგვერდზე.

ვებგვერდი არაა ტექნიკურად გამართული – მაგალითად, მას არ გააჩნია https სერტიფიკატი, რის გამოც მასზე წვდომა შეზღუდულია. აუცილებელია, რომ ღია მონაცემთა ვებგვერდს გაეწიოს ყველა საჭირო ტექნიკური მომსახურება, რათა მან იმუშაოს შეფერხებების გარეშე.

ვებგვერდის შესახებ არავინ იცის – მას მერე, რაც vod.spa.ge-ის შემქმნელმა გუნდმა („მსოფლიო ბანკი“) 2019 წლის ზაფხულში შესყიდვების სააგენტოს გადააბარა ვებგვერდი, არ მომხდარა მისი საჯარო პრეზენტაცია; არ გატარებულა მის შესახებ რაიმე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები; შესყიდვების სააგენტომ მის 2019 წლის წლიურ ანგარიშშიც კი არ ახსენა ეს ვებგვერდი.

არ არსებობს ვებგვერდის განვითარების გეგმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ღია მონაცემთა ვებგვერდის განვითარების გეგმა. შესაძლებელია ისეთი საინფორმაციო ველების დამატება (მაგალითად, შესყიდვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა), რაც შექმნის მონაცემების დამუშავებისა, დახარისხების, მათზე წვდომისა და ვიზუალიზაციის ახალ შესაძლებლობებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიცია

ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომენტარისთვის მივმართეთ. ამ უწყების ოფიციალური პოზიციით:

საქართველოს საჯარო შესყიდვების მონაცემების, პროცედურების, ინსტრუმენტებისა თუ სხვა ბიზნეს-პროცესების სრულყოფაზე, ეფექტიანობაზე და გამჭვირვალობაზე ზრუნვა ჩვენი სააგენტოს პრიორიტეტად რჩება. ამჟამად, შეზღუდული რესურსების გამო, ჩვენი ყურადღება და რესურსებიც კონცენტრირებულია AA/DCFTA [ფარგლებში] აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სისტემაში აღსრულებაზე.

რაც შეეხება, Open Data / OCDS [ღია მონაცემთა სტანდარტი] მიმართულებას… ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობას. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროს დავიწყებთ ახალი ინიციატივის განხორციელებას…[1]

რეკომენდაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოხატოს პოლიტიკური ნება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს – გამონახოს შესაბამისი რესურსები, რათა სახელმწიფო შესყიდვების სრული ბაზა უახლოეს მომავალში დამუშავებად ფორმატში გახდეს ხელმისაწვდომი.

 

[1] კომუნიკაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 11 სექტემბერი 2020.