სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს

17 თებერვალი, 2021

 

სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.

დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია “ქართული ოცნებიდან” 2017 წელს გახდა. იგი შპს “დაგის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია. “დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა.

შპს“დაგის” 56 მოგებული ტენდერიდან 25 სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 37 გამარტივებული შესყიდვიდან 17 შემთხვევაში შემსყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები არიან.

დათო ადამიას საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, შესყიდვებში მონაწილეობს მხოლოდ შპს “დაგი”. შპს-მ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ჯამში 3,301,213 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო, საიდანაც 2,635,441 ლარის კონტრაქტები სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. შპს  „დაგიმ“ 42 ტენდერში გაიმარჯვა, ამათგან 22-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში  (კონტრაქტების ჯამური ღირებულება - 1,570,154 ლარი). 22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისაგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო  (ხელშეკრულებების ღირებულება - 1,065,287 ლარი).

შპს “დაგის” ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.