შეკრებების თავისუფლების ფაქტობრივი გაუქმება - რეპრესიულ მექანიზმად ქცეული კანონი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შეკრებების თავისუფლების ფაქტობრივი გაუქმება - რეპრესიულ მექანიზმად ქცეული კანონი

04 ნოემბერი, 2025

“ქართული ოცნების” მიერ შეცვლილი კანონები ფაქტიურად აუქმებს  საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას.  რეპრესიული წესები ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებთან.

“ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში.

ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარს ატარებდა  და  მიზნად ისახავდა ერთი მხრივ  დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას.

უკანასკნელი ორი  წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 148 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 66 პირი წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო 54 პირს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი. გარდა ამისა, ათასობით ადამიანს დაეკისრა 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა.

აღსანიშნავია რომ ყველა ეს რეპრესიული ცვლილება “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, სხვა პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და აკადემიურ წრეებთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო.

წარმოგიდგენთ იმ ძირითად ცვლილებებს, რომელიც შევიდა კანონდებლობაში და რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით სარგებლობა.

2024 წლის 13 დეკემბრის და 2025 წლის 6 თებერვლის ცვლილებები

ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს  კანონში.

ცვლილებებით კანონში სამართალდარღვევად განმოცხადდა ისეთი ქმედებები, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა დასჯადი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებები და  10-ჯერ გაიზარდა არსებულ დარღვევებზე ჯარიმები, კერძოდ, ცვლილებები მოიცავდა შემდეგს:

„პრევენციული დაკავების“ მექანიზმის შემოღება - შესაძლებელი გახდა პირის დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ამ ცვლილებებით უხეშად ილახება სამართლის ძირითადი პრინციპი, რომ პირი არ შეიძლება დაისაჯოს ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა  პრევენციული დაკავების წესის შემოღება. კომისია თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ ეს მექანიზმი არღვევს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან პრევენციული დაკავება ჩვეულებრივ გათვალისწინებულია მხოლოდ მძიმე დანაშაულებისთვის და არა მცირე ადმინისტრაციული დარღვევებისთვის.

სანქციების გამკაცრება (ჯარიმების გაზრდა და ადმინისტრაციული პატიმრობა)  - ცვლილებებმა 10-ჯერ და 20-ჯერ  გაზარდა ჯარიმის ოდენობა. კერძოდ, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო, პატიმრობა - 15 დღემდე ვადით. ამ ქმედების  „ორგანიზატორს” კი ემუქრება  15 000 ლარიანი ჯარიმა ან 20 დღემდე პატიმრობა. მანამდე არსებული წესით, ჯარიმა მონაწილისთვის 500, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარი იყო.

ამ ქმედების განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთხელ უკვე დაედო სახდელი, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით; ხოლო, თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

სანქცია გამკაცრდა ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვისაც, რისთვისაც სახდელის სახით დაწესდა მართვის მოწმობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერება და მძღოლის დაჯარიმება 1 000 ლარით. უწინ ამ ქმედებისთვის მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. რეპრესიული კანონით 20-ჯერ გაიზარდა ჯარიმები  ფასადებზე წარწერებისა და პლაკატების გაკეთებისთვის. მინიმალური ჯარიმა 50 ლარიდან 1 000 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 2 000-დან 3 500 ლარამდე გაიზარდა.

ახალგაზრდების შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობამ მათი მშობლების პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიწვიოს: ცვლილებით განისაზღვრა, რომ თუკი აქციაზე მყოფი არასრულწლოვანი წესებს დაარღვევს, დაჯარიმდება მისი მშობელი. კერძოდ, დადგენილ იქნა 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით ჯარიმა არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკის გამოყენებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

აქციაზე მარტივი დაცვითი საშუალებების გამოყენება იკრძალება: სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა 2000 ლარით განისაზღვრა. აქციის დროს ადამიანები სახეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იფარავენ. ფაქტიურად ადამიანს ეკრძალება დაიცვას თავი პოლიციის მიერ ცრემლსადენი და მხუთავი გაზის გამოყენების შემთხვევაში, რაც  იმას ნიშნავს, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი შედეგი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის უფრო მეტად დაზიანება იქნება. ეს ცვლილება აქტიურად აამოქმედა “ქართულმა ოცნებამ” და მშვიდობიანი აქციების დროს ადამიანებს მხოლოდ იმიტომ აჯარიმებენ და აკავებენ, რომ სამედიცინო პირბადე უკეთიათ ან სიცივისგან შარფით იცავენ თავს. აღსანიშნავია, რომ სახის დაფარვის სრულად აკრძალვა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამაც. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ სახის ნიღბებისა და სხვა სახის საფარველების აკრძალვა შეკრებებზე წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. კომისიამ აღნიშნა, რომ სახის დაფარვას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ლეგიტიმური მიზანი, მათ შორის რეპრესიებისგან დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებების გამოხატვა და, რაც მთავარია, ცრემლსადენი გაზისა და სხვა საპოლიციო ზომებისგან თავდაცვა.

ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენების აკრძალვა: ამ შემთხვევაშიც ჯარიმა 2 000 ლარით განისაზღვრა. გაუგებარია, რა ტიპის საშუალებაზეა აქ საუბარი და ვინ განსაზღვრავს, რამდენად “მკვეთრია” გამოსხივება. ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ეს აკრძალვა იმის გამო, რომ ის ზედმეტად ბუნდოვანია და სამართალდამცავ ორგანოებს გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს. კომისიის აზრით, დებულება არ განსაზღვრავს, რა ითვლება „მკვეთრ გამოსხივებად“ ან რა დონეზე მიიჩნევა ის ხელშემშლელად. პროტესტის მონაწილეებისთვის რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა არის აკრძალული. კომისია ხაზს უსვამს, რომ ასე ფართოდ ფორმულირებული აკრძალვები შეიძლება გამოყენებულ იქნას შერჩევითად, რაც ძირს უთხრის სამართლებრივ სიცხადეს და არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას.

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს იზღუდება სცენის და მსგავსი კონსტრუქციების მოწყობა:   აიკრძალა, მაგალითად, კარავის გაშლა, სცენის მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება პროტესტი ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

დახურულ სივრცეში, შენობაში მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აქციის ჩატარების აკრძალვა: აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შემოღებას წინ უსწრებდა საგანმანათლებლო სივრცეებში არსებული პროტესტები და “ქართულმა ოცნებამ” ამ საკითხის დარეგულირებაც გადაწყვიტა.

იზღუდება სპონტანური აქციების მოწყობა. ე.წ. “სპონტანური” შეკრებისას შემოღებულ იქნა ხელისუფლებისათვის შეტყობინების ვალდებულების შემოღება - თუ შეკრება ან მანიფესტაცია, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო, დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება, აქციის ორგანიზატორებს მაინც აქვთ ვალდებულება გააფრთხილონ მუნიციპალიტეტი. ეს წესი მოქმედებს მაშინ, თუ აქცია ტრანსპორტის სავალ ადგილზე იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

ამგვარი წესი ფაქტობრივად სრულად აუქმებს სპონტანური პროტესტის კანონიერად ჩატარების უფლებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან. ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა კანონის ეს მოთხოვნა. კომისიის განმარტებით, სპონტანური შეკრებები არ უნდა დაექვემდებაროს შემზღუდავ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რადგან ისინი დემოკრატიული საზოგადოებების მახასიათებელია და ხშირად გადაუდებელ მოვლენებზე რეაგირების შედეგად იქმნება.

მუნიციპალიტეტის მაგივრად, აქციის დროს ტრანსპორტის  სავალი ნაწილის გახსნისა და მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს,  დასჯადი ხდება  აქციის მონაწილეების მიერ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნაც. აქამდე მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნა ისჯებოდა.  საუბარია ნებისმიერ დაბრკოლებაზე მაგალითად, სცენის კონსტრუქციის მოწყობამ შეიძლება შექმნას ასეთი დაბრკოლება, რაც  დამკვიდრებული პრაქტიკაა არაერთ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც. გამოხატვის  ფორმის განსაზღვრა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.  ამ უფლების ჩამორთმევით „ქართულ ოცნებას” სურს დაამყაროს სრული კონტროლი აქციის ფორმაზე და გაუმართლებლად შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება 6 000 ლარიანი ჯარიმით ან  60 დღიანი  პატიმრობით დასჯადი გახდა;

სამართალდამცავის  „ლანძღვა-გინებისათვის” პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4 500 ლარიდან 6 000 ლარამდე გაიზრდა. მანამდე მოქმედი კანონით, დასჯადი იყო პოლიციელის შეურაცხყოფა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ცვლილებებით კი ნებისმიერი შეურაცხყოფა და „ლანძღვა-გინება” სამართალდამცავის მისამართით, რომელიც “მის საქმიანობას უკავშირდება”, დასჯადი გახდა.

გამკაცრდა სასჯელი ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ მას არანაირი  შედეგი არ მოჰყვა. აღნიშნული ქმედება  3 წლამდე პატიმრობით გახდა დასჯადი. აღსანიშნავია, რომ ეს დანაშაული თავისუფლების აღკვეთას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზება 2015 წელს „ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა, თუმცა ამ ქმედებისთვის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იყო გათვალისწინებული.

2025 წლის 2 ივლისის ცვლილებები

მიუხედავად ზემოთ აღწერილი რეპრესიული ცვლილებებისა, “ქართულმა ოცნებამ”  ვერ შეძლო პროტესტის ჩახშობა. გაზრდილი ოდენობის ჯარიმების გადახდაში მოქალაქეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

არაერთ პირი რამდენიმეჯერაც დაჯარიმდა თუმცა მათ უარი განაცხადეს ჯარიმის გადახდაზე.

იურისტები ეხმარებოდნენ დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმის გასაჩივრებაში და შინაგან საქმეთა სამინისტოში იმდენი საჩივარი შევიდა, რომ განხილვის ვადები რამდენიმე თვით გახანგრძლივდა.

ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა პროტესტის მოსპობის მიზნით ჯარიმის გადაუხდელობისთვის პატიმრობა შემოეღო და იმისათვის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გადატვირთულიყო, გასაჩივრება პირდაპირ სასამართლოში გახდა შესაძლებელი.

„ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 2 ივლისს შემდეგი  ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

  • გზის გადაკეტვისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის  განისაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით;
  • პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობაც არანაკლებ 30 დღით პატიმრობით დასჯადი გახდა;
  • შეიცვალა ასევე ჯარიმების გასაჩივრების წესიც. თუ სახდელის სახედ ჯარიმა ან  პატიმრობაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში  გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში გახდა შესაძლებელი. მაგალითად, თუკი გზის გადაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ჯარიმის ჯერ შსს-ში და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრება და პროცედურულად ჩერდებოდა მთელ ამ პროცესში დაკისრებული ჯარიმის აღსრულება, შეცვლილი წესის მიხედვით, გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში გახდა შესაძლებელი.

2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებები

“ქართული ოცნების” წევრებმა 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის თანახმადაც პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული წესით პატიმრობა, ხოლო განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით პატიმრობაა გათვალისწინებული  ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან დროებითი კონსტრუქციის, მაგალითად კარვის მოწყობა.

ცვლილებებით არა მხოლოდ აქციების წესის დარღვევისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა/თავისუფლების აღკვეთა, არამედ სამართალდამცავის მებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის.

ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს:

ჯარიმა გაუქმდა და 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება აქციის მონაწილე, ხოლო 20 დღიანი პატიმრობით აქციის ორგანიზატორი შემდეგ შემთხვევებში:

  • აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა
  • ხალხისა და  ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნა
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა
  • დროებითი კონსტრუქციის (მაგ. კარვის ან სცენის) მოწყობა
  • შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით აქციის სხვაგვარად ჩატარება შესაძლებელია.

იგივე ქმედების განმეორებითი ჩადენა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, სასჯელის სახით დადგენილია  - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, თუ ქმედება არაერთგზისაა ჩადენილი 2 წლამდე ვადით, ხოლო თუ ორგანიზატორმა ჩაიდინა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - 4 წლამდე ვადით.

ჯარიმა გაუქმდა და 60 დღემდე ვადით  ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება აქციის მონაწილე შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ მან მონაწილეობა მიიღო იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით უნდა შეწყვეტილიყო;
  • ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
  • ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

იგივე ქმედების განმეორებითი ჩადენა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს - გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, თუ ქმედება არაერთგზისაა ჩადენილი 2 წლამდე ვადით, ხოლო თუ ორგანიზატორმა ჩაიდინა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია - 4 წლამდე ვადით.

თუკი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნას პირი მესამედ არ დაემორჩილა, იგი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით და თუ ქმედება არაერგზისია - ორ წლამდე ვადით. აღსანიშნავია რომ ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

ვისი მოთხოვნის ან განკარგულების დაუმორჩილებლობა ისჯება -

  • სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის;
  • სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის;
  • აღსრულების პოლიციელის;
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის;
  • არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის.

არასრულწლოვნის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და იგი დაისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ანდა 1 წლამდე პატიმრობით, თუკი ქვემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განმეორებით ჩაიდენს, ესენია:

  • შეკრებაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
  • ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
  • სახის დაფარვა ნებსიმიერი საშუალებით
  • ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
  • დროებითი კონსტრუქციის მოწყობა;
  • მონაწილეობის მიღება შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა;
  • ძალოვანი უწყების წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობა.

ვის ეხება გამონაკლისები:

ცვლილებებით ჯარიმის გადახდა მხოლოდ ორსულ ქალს, 12 წლამდე ასაკის ბავშვის დედას, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაეკისრება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პირს პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა და სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციისა (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები განისაზღვრება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესება,  პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდა იყო ხელისუფლების მცდელობა მისთვის კომფორტული - შიშის გარემო შეექმნა  და დაესაჯა  საზოგადოების აქტიური წევრები, რათა ამ გზით, დაესრულებინა მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღა.

აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიათან ერთად მწვავედ გააკრიტიკა  Amnesty International-მა, როგორც „ახალი დრაკონული კანონები, რომელსაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“.

“ქართული ოცნების” მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები არის საერთო სურათისა და იმ დიქტატორული კანონების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს. ამ ცვლილებების მიზანი არა საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და მოქალაქეების დაშინებაა. ცალსახაა, რომ ქართული ოცნება უწყვეტ პროტესტს საფრთხედ აღიქვამს და კანომდებლობის ასეთი სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრებაც ზუსტად ამ კონკრეტულ მიზანს - აქციების ჩახშობას ემსახურება.