შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შეფასება

09 ივლისი, 2015

 

საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 8 ივლისს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვს როგორც კანონპროექტის შემუშავების პროცესთან, ასევე მის შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის: უსაფრთხოების სამსახურში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირება და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციათა დუბლირება, უსაფრთხოების სამსახურის დაბალი გამჭვირვალობის სტანდარტი და გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები, უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ფარგლები სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სტრუქტირებზე, ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის ფორმალური ფორმირება და ფარული თვალთვალი მიყურადების უცვლელი პრობლემებით. სწორედ ამ პრობლემების გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეფორმას დადებითად ვერ შეაფასებს.

ჩვენ გვინდა მივიღოთ ძლიერი უსაფრთხოების სამსახური, ძლიერი – ფუნქციების ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით და არა ძლევამოსილი – ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციითა და ტოტალური კონტროლის მექანიზმებით. ერთი სამსახურისათვის გამოძიების, პრევენციის, ანალიზის და სამართალდაცვის, ხშირად დუბლირებული, ფუნქციების მინიჭება სწორედ მის არაეფექტურობას განაპირობებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“