თბილისის ახალი პეტიციების ვებ-გვერდი პოზიტიური ნაბიჯია
4 ივლისს თბილისის მერიის ინიციატივით ფუნქციონირება დაიწყო ვებ-გვერდმა ChemiTbilisi.com, რომლის საშუალებითაც თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ დაწერონ პეტიციები და მოითხოვონ შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ქალაქის მმართველობისაგან. პეტიციებისათვის განსაზღვრულია კონკრეტული დროის პერიოდი ხელმოსაწერად და საჭირო ხელმოწერების რაოდენობა; იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო ხელმოწერების რაოდენობა შეგროვდება ხელმოწერისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე, მერია, სავარაუდოდ, რეაგირებას მოახდენს პეტიციაზე.
ამჟამად, საიტზე განთავსებულია თორმეტიოდე პეტიცია, რომელთა უმრავლესობაზე 100-მდე მოქალაქეს აქვს ხელი მოწერილი. პეტიციები სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის შესახებაა – დაწყებული შუქნიშნების დამონტაჟებით და დამთავრებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის უკეთესი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მოთხოვნით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლები პეტიციის ხელმოსაწერად ვებ-გვერდზე დარეგისტრირდნენ. აღმოვაჩინეთ, რომ საიტი არის ძალიან კარგად შემუშავებული და გამოსაყენებლად იოლი. რეგისტრაციის გავლა ხდება სწრაფად და მარტივად; ChemiTbilisi.com მოგვაგონებს სხვა მსგავს პეტიციების ვებ-გვერდებს, როგორიცაა ობამას ადმინისტრაციის „ჩვენ, ხალხი“, როდესაც ვებ-გვერდზე ჩნდება იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი პეტიციას. საიტის მომხმარებლებს ასევე მარტივად შეუძლიათ საკუთარი პეტიციას მიაბან სურათები და ვიდეოები, ისევე როგორც გააზიარონ ისინი Facebook-ის, Twitter-ის და ელფოსტის საშუალებით.
მივიჩნევთ, რომ ChemiTbilisi.com არის თბილისის მერიის მიერ გადადგმული ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ჩვენმა ვებ-გვერდმა ChemiKucha.ge, რომელმაც ფუქციონირება 2011 წლის მარტში დაიწყო, აჩვენა, რომ თბილისის მაცხოვრებლები დაინტერესებულნი არიან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი თბილისის უკეთეს საცხოვებელ ადგილად გადაქცევის საქმეში. იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები წაახალისებენ და მოახდენენ სათანადო რეაგირებას ვებ-გვერდზე განთავსებულ პეტიციებზე, საიტი კი მცირე ხანში პოპულარული გახდება.
ChemiTbilisi.com არის წარმატებული პირველი ნაბიჯი, თუმცა, ჩვეულებისამებრ, გვაქვს რამოდენიმე რჩევა მის გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, არაა ნათელი, თუ რა კრიტერიუმით ხდება კონკრეტული პეტიციისათვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობის განსაზღვრა. ასევე არ ვიცით, თუ რა მოთხოვნები დააწესა მერიამ პეტიციებისათვის პასუხის გაცემასა და შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, არსებობს განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც მერიამ უნდა უზრუნველყოს პირველადი რეაგირება, მას შემდეგ რაც პეტიციაზე ხელმოწერების რაოდენობა მიაღწევს დადგენილ ბარიერს? ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ განმარტონ მსგავსი საკითხები, რათა თბილისის მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც ვებ-გვერდის გამოყენებით ხელს აწერენ ან თავად ქმნიან პეტიციას.