თბილისის განვითარების ფონდის კონკურსი შეკითხვებს ბადებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თბილისის განვითარების ფონდის კონკურსი შეკითხვებს ბადებს

14 აპრილი, 2015

 

5 მარტს თბილისის განვითარების ფონდმა ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებებს ფონდი ხუთი დღის განმავლობაში, 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით იღებდა. პროექტის სავარაუდო ღირებულებად სამასი ათასი (300.000) ლარი დასახელდა. კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წარედგინათ: (1) თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ კონცეპტუალური ხედვა, ტექსტისა და სხვა ვიზუალური მასალის გამოყენებით, (2) შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გრაფიკი და (3) პროექტის ბიუჯეტი. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წარსულში განხორციელებული უნდა ჰქონოდათ კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქმშენებლობის სფეროებში სულ მცირე ხუთი პროექტი. კონცეფცია კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის განვითარების ფონდს ექვს თვეში უნდა წარუდგინოს.

როგორც 13 მარტის სხდომის ოქმშია აღნიშნული, კონკურსში წარმოდგენილ იქნა ერთადერთი კონკურსანტის, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ საკონკურსო წინადადება. ეს კომპანია საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად 20 მარტს გამოაცხადა.

ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის შესახებ

კომპანია „გეოგრაფიკი“ 1998 წელს დაარსდა. კომპანია სივრცითი მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის სფეროში მოღვაწეობს. “გეოგრაფიკის” ვებ-გვერდის თანახმად, ქალაქგეგმარების მიმართულებით ამ კომპანიას რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მთაწმინდის „ზედა უბნის“ რეკონსტრუქცია და თბილისის ისტორიული ნაწილის გეოსაინფორმაციო სისტემა. tendermonitor.ge-ს მონაცემებით, 2011 წლის იანვრიდან 2014 წლის დეკემბრამდე „გეოგრაფიკმა“ მონაწილეობა მიიღო 63 ტენდერში, რომელთაგან გაიმარჯვა 39-ში და წააგო 20-ში, ხოლო დანარჩენი 4 ტენდერი შეწყვეტილი იყო.

„გეოგრაფიკის“ დირექტორია გიორგი გოცირიძე, რომელიც ასევე კომპანიის 50%-იან წილს ფლობს. დანარჩენი 50%-ის მფლობელია მალხაზ ხურციძე. ორივეს კავშირები აქვთ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ჯამბულ ებანოიძისა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით გიორგაძის 2010 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გოცირიძეს და ხურციძეს ამ მაღალჩინოსნებთან ერთად ეკუთვნით მიწის ნაკვეთი გუდაურში, რომლის ფართობიცაა 220 ათასი კვადრატული მეტრი. ამასთან ერთად, დავით გიორგაძეს იმავე დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი მეუღლე, დარეჯან ქართველიშვილი, „გეოგრაფიკის“ ადმინისტრაციული ასისტენტი იყო. 2012 წელს, მალხაზ ხურციძემ 60,000 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას. 2014 წლის 25 ივნისს, მისი პარტნიორი გიორგი გოცირიძე საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრად დაინიშნა.

ცხადია, ამ კავშირების არსებობა კანონდარღვევას არ წარმოადგენს. თუმცა, ჩვენი აზრით, თბილისის განვითარების ფონდის კონკურსი შეკითხვებს ბადებს ორი მთავარი მიზეზის გამო:

  • უპირველეს ყოვლისა, საკონკურსო ვადები საეჭვოდ მოკლე იყო იმისთვის, რომ მონაწილეებს სრულყოფილად შეესრულებინათ ისეთი  მრავალმხრივ კომპლექსური დავალება, როგორიცაა თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბება და შესაბამისი ბიუჯეტისა და სამუშაო გრაფიკის შედგენა. ამ მოსაზრებას ამყარებს კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობაც.

  • რადგან საკონკურსო განაცხადი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო, კონკურსში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას უცხოელი ექსპერტები, რომელთაც სხვა ისტორიული ქალაქების რეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ.

ამ გარემოებების გამო, მიგვაჩნია, რომ კონკურსი არ ჩატარებულა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და ის ვერ უზრუნველყოფდა სახელმწიფო სახსრების რაციონალურ ხარჯვას. ამგვარად, ჩნდება ეჭვი, რომ „თბილისის განვითარების ფონდს“ წინასწარ ჰყავდა შერჩეული კომპანია ამ სამუშაოების შესასრულებლად და კონკურსის ჩატარება მხოლოდ ფორმალობა იყო.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“