უკანონო გათავისუფლებები საჯარო სამსახურში: სასამართლოს გზით აღდგენილი უფლებები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უკანონო გათავისუფლებები საჯარო სამსახურში: სასამართლოს გზით აღდგენილი უფლებები

27 ივლისი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლიდან უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა სხვადასხვა ინსტანციაში 60-ზე მეტი პროცესი მოიგეს, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი სასამართლომ უკანონო გათავისუფლებულად მიიჩნია და სამსახურში აღადგინა. ამ ბლოგპოსტში მოკლედ აღვწერთ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დახმარებით გათავისუფლებულმა საჯარო მოსამსახურეებმა თავიანთი შრომითი უფლებები აღიდგინეს.

პრობლემის სიმწვავე

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში დაწყებული საკადრო ცვლილებები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. 2013 წლის მარტში ჩატარებული ჩვენი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან 5 ათასზე მეტი მოსამსახურე გაათავისუფლეს, მათგან 2,300 (45%) – საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც გონივრულ ეჭვებს ბადებდა, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეები საკუთარი ნებით არ ტოვებდნენ სამსახურს.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა 2013 წლის მარტში მიიღო კანონი, რომლითაც გაამკაცრა სასჯელი პირის იძულებაზე, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, ეს მანკიერი ტრადიცია 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. მაგალითად, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მონაცემებით, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით თბილისის მერიიდან 155 მოსამსახურე გათავისუფლდა, აქედან 115 – პირადი განცხადების საფუძველზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგმეს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ეს ფაქტები და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდეს. საჯაროობის და გამჭვირვალობის კუთხით პრობლემები იყო კონკურსებისა და ატესტაციების ეტაპზეც, როდესაც შესაბამის კომისიებში მონაწილეობის უფლება შეგვიზღუდეს და ატესტაციების/კონკურსების დაკვირვების საშუალება უმეტესწილად ლიმიტირებულად, მხოლოდ გასაუბრებების ეტაპზე მოგვეცა. მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში გასაუბრების დროს არ იყო დაშვებული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რაც კონკურსანტების მიმართ დისკრიმინაციული და განსხვავებული მოპყრობის დამატებით რისკებს ქმნიდა.

საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის პრობლემებზე საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითა უზენაესმა სასამართლომაც, რომელიც ქარელის გამგეობის უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს ეხებოდა:

„საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ცვლილებას საქართველოს პირობებში თან სდევს დაწესებულების საჯარო მოსამსახურის მხრიდან მასიურად გამოვლენილი ნება გათავისუფლების შესახებ“ სასამართლოს განცხადებით „საჯარო სამსახურის ფუნქციონირების პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ნეპოტიზმი, თანამდებობათა ვიწროპარტიული და კორუფციული მიზნებისათვის გამოყენება.“

ნეპოტიზმის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების შემუშავების მიზანს ემსახურებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ნეპოტიზმის შესახებ მუხლის დამატებას და დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტებას ითვალისწინებდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორედ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე არის მიზანშეწონილი. სამწუხაროდ, პარლამენტმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის არსებული რედაქცია საკმარისად უზრუნველყოფს ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენს წინადადებას მხარი არ დაუჭირა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აპირებს, მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ნეპოტიზმის პრევენციისათვის საჭირო ცვლილებების ადვოკატირება.

მოგებული საქმეები

გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

2013 წლის იანვარში მოტყუებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის ორ მთავარ სპეციალისტს. სამსახურის უფროსმა გამგებელთან შეხვედრის შემდგომ დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. უფროსის თქმით, ეს ფორმალობა იყო და სინამდვილეში არც ერთი მათგანი სამსახურს არ დატოვებდა, პირიქით, გამგეობა დაინახავდა მათი მხრიდან განცხადების დაწერის გამო თანამშრომლობის სურვილს, რაც ახალი ხელმძღვანელობისათვის მათი სამსახურში დატოვების მოტივაცია გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო მოსარჩელეთა მხრიდან უშუალო ხელმძღვანელისათვის პირადი განცხადების წარდგენა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა საჯარო მოსამსახურეების განზრახ შეცდომაში შეყვანა, რაც გახდა საკმარისი საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნო მათი გათავისუფლების ბრძანება. მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება სააპელაციო და შემდგომ უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრა, რომლებმაც უცვლელი დატოვეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდგომ ორივე საჯარო მოსამსახურე ძველ თანამდებობაზე აღდგა.

გათავისუფლება რეორგანიზაციის საბაბით

შრომის კოდექსის მიხედვით, რეორგანიზაციის დროს მოსამსახურის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწვევს შტატების შემცირებას. თუმცა საქართველოში საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ხდება რეორგანიზაციის საბაბით. სინამდვილეში კი რეორგანიზაციას ფორმალური სახე აქვს, შტატები არ მცირდება და რეალური მიზანი ხელმძღვანელობისთვის არასასურველი საჯარო მოსამსახურის გათავისუფლებაა.

2013 წლის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტებმა სასამართლო წარმომადგენლობა 9 საჯარო მოსამსახურეს გაუწია, რომლებიც ქუთაისის მერიიდან მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა. სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლებების დროს ადგილი ჰქონდა პროცედურების დარღვევას, რეორგანიზაციის დროს არ მომხდარა შტატების შემცირება და არ ჩატარებულა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. შედეგად, 9 გათავისუფლებულიდან 8 საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო. მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილებების მაღალ ინსტანციებში გასაჩივრების მიუხედავად გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა და 8 მერიის თანამშრომელი დაუბრუნდა თანამდებობას.

2014 წლის დეკემბერში რეორგანიზაციის საფუძვლით სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტიდან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების შედეგად, საქალაქო სასამართლომ სამივე თანამშრომელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, 2 მათგანის სამსახურში აღდგენა მოხდა მორიგების გზით საქმის სააპელაციო ეტაპზე განხილვის სტადიაზე, ხოლო ერთი საქმის წარმოება ამჟამად მიმდინარეობს.

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებულმა ორმა მოქალაქემ მოგვმართა, რომლებიც ასევე რეორგანიზაციის საფუძვლით დაატოვებინეს თანამდებობა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოში ვერ დაასაბუთეს ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას შტატების შემცირება მოყვა, შესაბამისად ორივე გათავისუფლებულის საქმეზე სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე აღადგინა სამსახურში და მოპასუხე მხარეს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის ვიცემერების საქმე

ჩვენს წარმოებაში იყო ასევე ქუთაისის ორი ვიცე მერის ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის გათავისუფლების საქმე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა მოხელის სამსახურიდან გაშვება სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის მოტივით. ორივე შემთხვევაში სასამართლომ მერიის მიერ მითითებული საფუძველი არ მიიჩნია სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად და ბათილად ცნო სადავო აქტი. ძოწენიძის საქმეზე მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და მოგვიანებით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და მერიას დაევალა გათავისუფლებულების თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, განაცდურის ანაზღაურება.

კახა მაჩიტიძის საქმე: ორი გათავისუფლება სამი თვის განმავლობაში

განსაკუთრებით საინტერესო იყო ქუთაისის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსის კახა მაჩიტიძის საქმე, რომელიც ქუთაისის მერიამ სამი თვის განმავლობაში ორჯერ გაათავისუფლა.

თავდაპირველად, მაჩიტიძე რეორგანიზაციის მოტივით 2013 წლის ივნისში გაათავისუფლეს. გასაჩივრების შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გათავისუფლების ბრძანება ცნო უკანონოდ და დაავალა ქუთაისის მერიას მოსარჩელის სამსახურში აღდგენა, აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ. ჩვენ მიერ სააღსრულებო ბიუროსათვის მიმართვის შემდეგ შესაძლებელი გახდა მაჩიტიძის სამსახურში აღგენა. თუმცა, აღდგენიდან მალევე, ქუთაისის მერიამ ისევ დაიწყო წარმოება მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით და 16 სექტემბერს სამსახურში აღდგენილი მაჩიტიძე 1 ნოემბერს ისევ გაათავისუფლეს. მეორედ გათავისუფლების ბრძანება ისევ გავასაჩივრეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილებისა, აპელაციამ გათავისუფლების ბრძანების კანონიერების ნაწილში დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ ქუთაისის მერის როგორც პირველი, ასევე მეორე ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ უკანონოა.

საკონკურსო კომისიის უკანონო გადაწყვეტილებები

2015 წლის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურიდიული წარმომადგენლობით უკვე 25 კონკურსანტის საქმე აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოებს წარმოებაში მიღებული, საიდანაც სამ საქმეზე სასამართლომ უკვე დაადგინა კომისიის მხრიდან კანონდარღვევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ორი გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ნუგზარ გაბრიელაშვილისა და სოსო წინამძღვრიშვილის ინტერესებს იცავდა. მოსარჩელეებმა 2014 წლის დეკემბერში ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმატებით გადალახეს კონკურსის ორივე ეტაპი, ტესტირება და გასაუბრება, კომისიამ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მათ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარი უთხრა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც თავის მხრივ პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, რადგან მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია სარგებლობის ფართო დისკრეციით და სასამართლოს მხრიდან მათი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით კონკურსანტთა უფლებების დარღვევა.

თინათინ გულედანი მესტიის მუნიციპალიტეტის 30 წელიწადზე მეტი მუშაობდა, უკანასკნელ პერიოდში კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიცია ეკავა.

მას შემდეგ რაც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ყველა პოზიცია ვაკანტური გახდა თინათინ გულედანმა 2015 წლის იანვარში განაცხადი შეიტანა საკრებულოს თავჯდომარის თანაშემწის, მესტიის გამგეობის ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის, ასევე მესტიის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობებზე.

თინათინმა წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები, მეტიც მან ტესტირებაზე სხვა კონკურსანტებზე მეტი – 52 ქულა დააგროვა. თუმცა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ იგი არ წარადგინა თანამდებობაზე, შედეგად - გაანთავისუფლეს მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციიდანაც.

თინათინ გულედანმა კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მესტიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიაში, მოგვიანებით კი საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის დახმარებით, სასამართლოში.

2015 წლის 16 ივნისს კი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა თინათინ გულედანის სარჩელი, ბათილად ცნო როგორც საკონკურსი საატესტაციო კომისიის, ასევე საპრეტენზიო კომისიის ოქმი იმ ნაწილში რომელიც თინათინ გულედანს ეხებოდა; ბათილად ცნო ზემოჩამოთვლილ თანამდებობაზე პირთა დანიშვნისა და თინათინ გულედანის განთავისუფლების შესახებ ბრძანებები. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კი დაევალა კონკურსის მესამე ეტაპის ხელახლა ჩატარება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

საჯარო მოხელეების ინფორმირება მათ უფლებებზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფასო სამართლებრივ დახმარებას, ჩვენი იურიდიული დახმარების ცენტრი ათეულობით ახალ საქმეზე მუშაობს და ეხმარება მოქალაქეებს დარღვეული უფლებების აღდგენაში. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეარხით გადის ჩვენი ვიდეო რგოლები, რომლებიც ეხება საჯარო სამსახურში შრომით უფლებების დარღვევას და ნეპოტიზმს, რომლის მეშვეობითაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომელთაც ეს პრობლემები შეექმნათ, მიმართონ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფასო იურიდიული დახმარებისთვის.

2015 წლის მარტში ჩვენი ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსებისა თუ ატესტაციების დროს უსამართლოდ ან უკანონოდ მოექცნენ. საჯარო შეხვედრაზე მოქალაქეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები კონკურსებისა და ატესტაციების პროცესთან დაკავშირებით. დისკუსიის დროს გამოითქვა პრეტენზიები კომისიების მუშაობასა და კანონმდებლობის მიმართ. დამსწრეებმა, ასევე, ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეხვედრაზე დამსწრე რამდენიმე მოქალაქეს უკვე უწევს სასამართლოში წარმომადგენლობას.

რეკომენდაციები

მიუხედავად წარმატებებისა, მხოლოდ მოგებული სასამართლო დავები ვერ გადაწყვეტს ქვეყნის საჯარო სამსახურში არსებულ მძიმე პრობლემებს. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების მიერ მკაფიოდ გამოვლენილი ნება, რომ განუხრელად დაცული იქნება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით და საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული მიზნები და პრინციპები: კანონის უზენაესობა, საჯარო სამსახურის უპარტიობა, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა, საქვეყნოობა და გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეფექტურობა.

მოვუწოდებთ:

  • მთავრობას – დააფიქსიროს მკაფიო და არაორაზროვანი პოლიტიკური ნება საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, დაგმოს მისი პოლიტიზირების ნებისმიერი მცდელობა.

  • ცენტრალური და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს – ხელი შეუწყონ საჯარო სამსახურში ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვა და აღმოფხვრილი იქნება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია;

  • სამართალდამცავ ორგანოებს – დაინტერესდეს შრომის კანონმდებლობის დარღვევის იმ ფაქტებით სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები;

  • საჯარო სამსახურის ბიუროს – შეიმუშავოს და პარლამენტს წარუდგინოს საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრევენციისა და აღმოფხვრის დამატებითი მექანიზმები.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“