ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ახალი საკრებულოს თავმჯდომარეები იქნენ არჩეული. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, იცოდეს თუ რა გამოცდილება აქვთ და რა ქონებას ფლობენ ის ადამიანები, ვინც თვითმმართველობების წარმომადგენლობით ორგანოებს (საკრებულოებს) უხელმძღვანელებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოგიდგენთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა თავმჯდომარეების და მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი მათგანის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება. ასევე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საკრებულოს რამდენიმე თავმჯდომარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე ჯერ არ არის განთავსებული[1] და შესაბამისად, ამ პირების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოადგილის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი მერაბ ქვარაია იქნა არჩეული. მერაბ ქვარაია 1995-1998 წლებში მუშაობდა კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში; 1998-2001 წლებში იყო ზუგდიდის რაიონის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმდჯომარე; 2001-2002 წლებში თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში მუშაობდა ლექტორად; 2003 წლამდე იყო „სახალხო პარტიის“ წევრი; 2003 წლის მოწვევის, არშემდგარი პარლამენტის წევრი პოლიტიკური მოძრაობა „აღორძინებიდან“; 2002-2005 წლებში იყო ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; 2004-2005 წლებში კი საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2005 წლის 26 აგვისტოს დაპატიმრებული იქნა, მას ბრალი ედებოდა 2001 წელს ზუგდიდის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში. მერაბ ქვარაიას თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა. ქვარაიამ მსჯავრის მოხდის შემდეგ საპატიმრო 2012 წლის 24 თებერვალს დატოვა. 2012 წელს იგი გახდა საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, პოლიტპატიმრების საკითზე მომუშავე სპეციალური კომისიის წევრი. მერაბ ქვარაია 2013 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.
მერაბ ქვარაიას მიერ 2013 5 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ სახლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ სახლს გალში, სამ ბინას ქალაქ თბილისში, არასაცხოვრებელ ფართს ზუგდიდში, ასევე რამდენიმე მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და გალში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. მერაბ ქვარაია ასევე არის “ქვარიათა საგვარეულო კავშირის” გამგეობის თავმდჯომარე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ლაშა გოგია იქნა არჩეული. იგი პროფესიით ეკონომისტია და სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. კერძოდ 1998 – 2002 წლებში იყო საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსი; 2003 – 2004 წლებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის თანაშემწე; 2004 – 2005 წლებში სამეგრელო – ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2005 წელს სამეგრელოს – ზემო სვანეთის კონსტიტუციური დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2005 – 2006 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, 2006 – 2008 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2008 – 2012 წლებში შპს `ქლინ ლაინი`-ს დირექტორი; 2012 – 2013 წლებში კი შპს High Service-ს დირექტორი; 2013 წელს გახდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო-ს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ლაშა გოგია ფლობს 100% წილს 2011 წლის 20 ივლისს რეგისტრირებულ შპს „მედჰაუსში“, ამასთანავე იგი წარმოადგენს ამ ორგანიზაციის დირექტორს.ის ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2001 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში (საკადასტრო კოდი 43.20.43.102). ასევე 146 კვ.მ შენობას ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, (საკადასტრო კოდი - 43.31.44.070). ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ლაშა გოგიას ჯერ არ შეუვსია.
მესტიის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მესტიის გამგებლის ყოფილი მოადგილე მაიზერ ჯაფარიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, მის მოადგილედ კი ზურაბ ჩართოლანი იქნა არჩეული. მაიზერ ჯაფარიძეს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. მაიზერ ჯაფარიძე 1998-2004 წლებში მესტიის კომუნალურ მეურნეობაში ჯერ ინჟინერის, შემდგომ დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, 2004-2007 წლებში იყო შპს “ალიონი 99”-ის ინჟინერ-მშენებელი, 2010-2011 წლებში საქართველლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მესტიის ფილიალის მენეჯერი, 2012 წლიდან კი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
მაიზერ ჯაფარიძის მიერ 2014 წლის 20 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად იგი მესტიის მუნიციპალიტეტში ფლობს 4 სხვადასხვა მიწის ნაკვეთს, საერთო ფართობით 17 500 კვ.მ., ასევე სახლსა და არასაცხოვრებელ ფართს მესტიაში, გაბლიანის ქუჩაზე.
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯრომარედ 2014 წლის 14 ივლისს გამართულ პირველ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ოთარ ხარჩილავა 8 ხმით იქნა არჩეული. ოთარ ხარჩილავას კონკურენტი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ლევან ჩოჩია იყო, რომლის კანდიდატურასაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ლობირებდა. ოთარ ხარჩილავა სხვადასხვა დროს მუშაობდა ქალაქ ფოთის მერიასა და საკრებულოში, იგი 2007 და 2010 წლებში ორჯერ გასამართლდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და შეძენა შენახვის გამო, 2010 წელს იგი საპროცესო გარიგებით დაკისრებული 50 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდგომ განთავისუფლდა, 2013 წელს კი იმდროინდელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მას ნასამართლეობა მოეხსნა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ოთარ ხაჩილავა ფლობს ქალაქ ფოთში მდებარე არასასოფლო დანიშნულების 625 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული რამდენიმე შენობითურთ (საიდენტიფიკაციო კოდი - 04.02.10.101). მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით მას იურიდიული პირის აქციები/წილები არ გააჩნია.
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე ოთარ ხარჩილავას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ჯერ არ არის განთავსებული.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
დაძაბულად წარიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც 16 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ დამოუკიდებელი კანდიდატი ბესიკ ესებუა იქნა არჩეული. ქართული ოცნების კვოტით არჩეულმა 12 დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ისინი მხარს ამავე პარტიის წარმომადგენელს კობა ჯიქიას უჭერდნენ. ბესიკ ესებუა დაიბადა 1961 წლის 23 ივნის ქალაქ სენაკში. იგი პროფესიით ექიმია და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში[2]. 1998-2002 წლებში იყო ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი და ამავდროულად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 2000-2002 წლებში მუშაობდა ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგედ. 2002-2003 წლებში ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, სოფელ ახუთის გამგებელი. 2003-2004 წლებში ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის ვ. იზორიას ბიუროს ხელმძღვანელი. 2009 წლიდან არის პოლიტიკური კოალიცია „ალიანსი საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2010 წლიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
ბესიკ ესებუას მიერ 2014 წლის 30 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს (საერთო ფართობი 67553 კვ.მ) და საცხოვრებელ სახლს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში. ბესიკ ესებუასა და მისი ოჯახის წევრებზე რეგისტრირებული სხვა რაიმე ქონება ან ბიზნეს წილი საჯარო რეესტრის მონაცემებში არ იძებნება.
აბაშის მუნიციპალიტეტი
დაძაბულად წარიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომაც. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით კაჭარავა და პარტია “მრეწველების” წარმომადგენელი პაატა ქურდოვანიძე. პირველ ტურში ვერც-ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა. სხოდმა პროტესტის ნიშნად დატოვა ქართული ოცნების 8 დეპუტატმა, მათ პაატა ქურდოვანიძე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულეს. განმეორებით ტურში ხმათა უმრავლეოსობით საკრებულოს თავმდჯომარედ პაატა ქურდოვანიძე იქნა არჩეული. იგი პროფესიით ექიმია, ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობასაც, ბოლო წლებში კი მუშაობდა აბაშის საავადმყოფოში სხვადასხვა, მათ შორის დირექტორის პოზიციაზე. 2004-2008 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
პაატა ქურდოვანიძე არის “ქართული ჰერალდიკის სახლის” გამგეობის წევრი. პაატა ქურდოვანიძის შვილი მიხეილ ქურდოვანიძე ფლობს 66,80 კვ.მ ფართობის მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში, ს/კ -01.13.02.010.052.01.089, პაატა ქურდოვანიძის შვილი სალომე ქურდოვანიძე ფლობს ქალაქ თბილისში, ამაშენებლის 118-ში მდებარე ბინას, ფართით 65,18 კვ. მეტრი - ს/კ 01.13.08.008.004.01.518, ასევე არის ამავე მისამართზე მდებარე სარდაფის თანამესაკუთრე - ს/კ - 01.13.08.008.004.01.506. პაატა ქურდოვანიძეს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო დეკლარაცია 2008 წლის აპრილში აქვს შევსებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევა კი მხოლოდ მეორე სხდომაზე მოხერხდა, პირველ ტურში წარდგენილმა კანდიდატებმა კობა შანავამ და ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვეს. მეორე ტურში კანდიდატურმა მოხსნა ბელქანიამ, კობა შანავას კანდიდატურა კი არ იქნა წარდგენილი. რის შემდეგაც ხმათა უმრაველოსბით ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი თემურ ღვინჯილია იქნა არჩეული იგია მავდროულად საკრებულოში წალენჯის ცენტრის მაჟორიტარი დეპუტატია. თემურ ღვინჯილია პროფესიის ინჟინერ-ეკონომისტია.
თემურ ღვინჯილია შპს წალენჯიხის საგზაო ს 20% წილის მფლობელია, ის ასევე ფლობს შპს “შე-ლი”-ს 30 % წილს. არის წალენჯიხის მუნიციპალიუტეტში, ზღვაიას დასახლებაში მდებარე სასოფლო სამეურნეო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრე, ს/კ - 47.11.48.058. მის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, საერთო ფართობით 7412 კვ. მ. ს/კ 47.03.35.146 და 47.03.35.140. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია თემურ ღვინჯილიას ჯერ არ აქვს შევსებული.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე თემურ ღვინჯილიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ჯერ არ არის განთავსებული.
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ კი ალექსი გაბისონია იქნა არჩეული, მას მხარის საკრებულოს 36 წევრმა დაუჭირა, იგი კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელია.
ალექსი გაბისონია პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსია. იგი 1993-1995 წლებში მუშაობდა კინოცენტრ „ქართულ ფილმში“ განათების ოსტატად; 1995-1999 წლებში იყო რუსეთში, მოსკოვის ოლქის სერპუხოვის რაიონის შპს „მეურნეობა ბოლშევიკის“ მთავარი სპეციალისტი; 2001-2006 წლებში იყო საეკლესიო ნივთების მაღაზიის „მადლი“ დირექტორის მოადგილე; 2006-2008 წლებში შპს „ოშკის: ბუღალტერი, 2008-2012 წლებში კი ამავე შპს-ს მარკეტინგისა და მარაგების მენეჯერი; 2011-2012 წლებში იყო კვლევითი ორგანიზაციის ,,ACT research” ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის წევრი.
ალექსი გაბისონია არის შპს “ოშკის” 50 % წილის მფლობელი, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ჯერ არ არის განთავსებული.
ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ივლისს გამართულ სხდომაზე ედიშერ ჯობავა იქნა არჩეული, იგი კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელია. ედიშერ ჯობავა 2013-2014 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.
ედიშერ ჯობავას მიერ 2013 წლის 19 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად ის ფლობს ხობში, კოლხეთის დასახლებაში 5 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, ამევე დასახლებაში ედიშერ ჯობავას მამის ვილენ ჯობავას მფლობელობაშია ასევე 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ვილენი ჯობავა მიწას ფლობს ასევე ხობში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლს. ედიშერ ჯობავას შვილი, თათია ჯობავა არის შპს “მურყვამის” 20 % წილის მფლობელი.
სენაკის მუნიციპალიტეტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 ივლისს გამართულ თავმჯდომარედ, 16 ხმით კახაბერ რუსია აირჩიეს. ამავე თანამდებობაზე წარდგენილმა მეორე კანდიდატმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ ხვიჩა ჯიშკარიანმა კი 13 ხმა. ხვიჩა ჯიშკარიანმა გუბერნატორის მოადგილის პოსტი მაისში დატოვა, იგი კოალიცია ქართული ოცნების სიის მეორე ნომერი იყო. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევიდან 1 თვეში, 13 აგვისტოს რუსია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორის მოადგილედ ინიშნება. 21 აგვისტოს გამართულ სხდომაზე სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ხვიჩა ჯიშკარიანი იქნა არჩეული, ხვიჩა ჯიშკარიანი 2003 წელს სენაკის უშიშროების სამსახურის უფროსად მშაობდა, 2004-2005 წლებში მუშაობდა ფოთში კონტრდაზვერვის სამსახურში, 2005-2006 წლებში სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ბოლო პერიოდში იგი იყო სახემწიფო უშიშროების სამსახურის სამეგრელოს სამმართველოს უფროსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნამდე კი რეგიონში ქართული ცონების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ხვიჩა ჯიშკარიანი სახელზე რეგისტრირებული რაიმე სახის ქონება ან ბიზნესწილი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არ იძებნება.
[1] “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
[2] დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.chkhorotsku-sakrebulo.ge/index.php?css=purple.css&id=38&slave=0&lang=geo#read_position