ვინ არიან კომუნიკაციების კომისიის ახლადარჩეული წევრები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან კომუნიკაციების კომისიის ახლადარჩეული წევრები

06 აპრილი, 2021

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ორ ახალ წევრად მარეგულირებლის მოქმედი თანამშრომლები, ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე 6 წლის ვადით აირჩიეს. ვაკანტური ადგილები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილ კომისიონერებს, ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს უფლებამოსილებას ვადა ამოეწურათ.

მთავრობის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ექვსი კანდიდატურიდან საქართველოს პარლამენტმა ორს დაუჭირა მხარი. თავდაპირველად კომისიონერობის სურვილი 12 პირმა გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტს 6 კანდიდატი  წარედგინა, საიდანაც 5 კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი, 1 კი ყოფილი თანამშრომელი იყო.

ვაკანტურ პოზიციებზე კონკურენცია არ იყო მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, დამოუკიდებელი უნდა იყოს საკუთარ საქმიანობაში. თუმცა კომისია არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი მარეგულირებლის მიერ მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილების და სადაო ინიციატივების გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. 

რა ვიცით ახლადარჩეული კომისიონერების და კანდიდატების შესახებ

  • ახალი კომისიონერები

ეკატერინე იმედაძე - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი თანამშრომელი, რომელიც 2019 წლიდან სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მარეგულირებელ ორგანოში გადასვლამდე ათ წელზე მეტი მუშაობდა მობილურ კომპანია „ბილაინში“ სხვადასხვა პოზიციებზე. ფინანსური მენეჯერის/კონსულტანტის თანამდებობა ეკავა ისეთ კერძო კომპანიებში, როგორიცაა „იუ ჯი თი“ და „სი ენდ ეფ კო“. მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების MBA ხარისხი ბრედფორდის უნივერსიტეტში. 

ნათია კუკულაძე - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი თანამშრომელი. 2019 წლიდან იკავებდა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. მუშაობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (2016-2019 წწ). კუკულაძეს ასევე  ეკავა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მარკეტინგის, გაყიდვების და უკუკავშირის დეპარტამენტის დირექტორის და თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. მიღებული აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

  • სხვა კანდიდატები

ივანე მახარაძე (კანდიდატი) -  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი თანამშრომელი, რომელიც 2013 წლიდან აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების/მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ივანე მახარაძე მარეგულირებელ ორგანოში 2007 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი და ზაარლანდის უნივერსიტეტის, ევროპის ინსტიტუტის ევროპის სამართლის სამაგისტრო კურსი.

ირაკლი ბუთბაია (კანდიდატი) -  კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მოქმედი თანამშრომელი, რომელიც 2019 წლიდან იკავებს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.  სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ბუთბაია იკავებდა იურიდიული სამმართველოს უფროსისა და უფროსი იურისტის თანამდებობას შსს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“. თავდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების გენერალურ ინსპექციაში იყო მთავარი სპეციალისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

ოლია ვოტი (კანდიდატი) - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი თანამშრომელი. 2018-2019 წლებში იკავებდა ხარისხის და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ხოლო დღეისათვის ადმინისტრაციის უფროსია. წლების განმავლობაში ასრულებდა პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ში აღმასრულებელი და საოპერაციო დირექტორის თანამდებობებს. ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში“ პროექტის, ფილიალებისა და რეგიონული კოორდინატორის პოზიციებზე. მიღებული აქვს ცენტრალური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში.

თამარ ჭელიძე (კანდიდატი) - ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც არ იყო მარეგულირებლის მოქმედი თანამშრომელი, თუმცა 2015-2020 წლებში ჭელიძე  კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. თამარ ჭელიძე გახლავთ ელექტრონული კვლევისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, 2010-2011 წლებში იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს. თამარ ჭელიძე მუშაობდა იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე „პროკრედიტ ბანკში“, იყო ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და არის კონექტიკუტის უნივერსიტეტის სამართლისა და სამართლის სისტემების მაგისტრი.