ზესტაფონში ტენდერებს მერიის მაღალჩინოსნების კომპანია იგებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსნებთან დავით მესხიშვილთან და თეიმურაზ წიწილაშვილთან დაკავშირებული კომპანია “ზესტაფონპროექტი” ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორია. დავით მესხიშვილის მამა ნოდარ მესხიშვილი აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 30%-იანი წილის მესაკუთრეა, თეიმურაზ წიწილაშვილი კი ამავე კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი. ტენდერებში “ზესტაფონპროექტის” გამარჯვება კითხვის ნიშნებს იწვევს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2018 წლის 19 თებერვალს გამოაქვეყნა კვლევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ბიზნესთან არადეკლარირებული კავშირების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო “ზესტაფონპროექტის” მოგებული ტენდერების შესახებ.
კომპანიას სულ 41 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 28 შემთხვევაში გაიმარჯვა, მათ შორის 27 ტენდერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული, ერთი კი - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ 29 ტენდერიდან, სადაც „ზესტაფონპროექტმა” გაიმარჯვა, 19 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია. მეტიც, იმ 9 შემთხვევიდან, სადაც კომპანიას კონკურენტები ჰყავდა, 2 შემთხვევაში სხვა კომპანიებს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო (CNT170000072, SPA170007513).
2011-2018 წლებში კომპანიამ მთლიანობაში 313 603.28 ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის ელექტრონული ტენდერებიდან - 166 620 ლარი, გამარტივებული შესყიდვებით კი 146 983.28 ლარი. გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს „ზესტაფონპროექტს” ძირითადად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი ისეთი ორგანიზაციები აფორმებენ, როგორებიცაა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება, სპორტული სკოლა, მუზეუმების გაერთიანება, ცენტრალური ბიბლიოთეკა, თავად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი და ა.შ.
შპს „ზესტაფონპროექტის” კიდევ ერთი მეწილე, 40%-იანი წილის მესაკუთრე თეიმურაზ წიწილაშვილი ამჟამად ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებს, მისი შვილი კახაბერ წიწილაშვილი კი, 2016 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შპს „ზესტაფონპროექტში” არქიტექტორად მუშაობდა.
ზესტაფონის მერიისგან მიღებული წერილით ირკვევა, რომ „ზესტაფონპროექტთან” დაკავშირებული ორივე პირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წლებია მუშაობს, კერძოდ, დავით მესხიშვილი 2013 წლის იანვრიდან, თეიმურაზ წიწილაშვილი კი 2007 წლიდან. ამასთან, წიწილაშვილი „ზესტაფონპროექტის” მეწილე, დავით მესხიშვილის მამა - ნოდარ მესხიშვილი კი ამავე კომპანიის დირექტორი კომპანიის დაარსების დღიდან არიან.
ერთ-ერთი ბოლო ტენდერი შპს „ზესტაფონპროექტმა” მიმდინარე წლის 14 თებერვალს მოიგო. ამჯერადაც შემსყიდველი ორგანიზაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტი იყო. ტენდერი (SPA180001485) საინჟინრო მომსახურების მიწოდებას ეხებოდა.
ორგანიზაციის მოსაზრებით, აღნიშნულ ტენდერში იკვეთება კონკურენციის შეზღუდვისა და კორუფციის რისკები, კერძოდ, შპს „ზესტაფონპროექტსა” და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, აღნიშნული შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მიხედვით, ევალებოდა ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელის მოვალეობას 2017 წლის 17 ნოემბრიდან ასრულებს დავით მესხიშვილი, შპს „ზესტაფონპროექტის” დირექტორისა და 30%-იანი წილის მფლობელის ნოდარ მესხიშვილის შვილი. შესაბამისად, აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, მომზადდა დავით მესხიშვილის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში.
ზემოაღნიშნული ტენდერის მიმდინარეობისას კახაბერ წიწილაშვილი იყო სატენდერო კომისიის წევრი და ინტერესთა კონფლიქტის არსებობის გამო, შესყიდვის განხორციელების პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მიხედვით ირკვევა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მომზადებულიყო ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, რამდენადაც შესყიდვის ობიექტს, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზესტაფონის მერიასა და შპს “ზესტაფონპროექტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაზე შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს ზესტაფონის მერიის არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურები. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი ევალება იმ სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც დავით მესხიშვილია, ხოლო ამავე სამსახურში დასაქმებულია თეიმურაზ წიწილაშვილი. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მე-8 მუხლის მიხედვით, აღნიშნული გარემოება ქმნის ინტერესთა კონფლიქტს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე, დავით მესხიშვილი და ნოდარ მესხიშვილი ერთამენთთან ნათესაურ კავშირში არიან, ხოლო დავით მესხიშვილს, როგორც ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსს ევალება იმ მიმწოდებელის ანუ შპს “ზესტაფონპროექტის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე კონტროლი, რომლის დირექტორი და მეწილეც მამამისი - ნოდარ მესხიშვილია.
გარდა ამისა, აღნიშნულ ტენდერში ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტს ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად განუსაზღვრა სამწლიანი გამოცდილება 2015, 2016 და 2017 წლებში. აღსანიშნავია, რომ შპს „ზესტაფონპროექტმა” საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის პირველი ტენდერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან სწორედ 2015 წელს მოიგო, მას ასევე მსგავს შესყიდვაზე ტენდერები მოგებული აქვს 2016 და 2017 წლებშიც. შესაბამისად, გამოცდილების შესახებ ჩანაწერმა, შესაძლოა, გამოიწვიოს კონკურენციის დაუსაბუთებელი შეზღუდვა და ხელი შეუშალოს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე ანტიკორუფციულ სააგენტოს დარღვევების გამოვლენის მიზნით, დაიწყოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იმ ტენდერების მონიტორინგი, რომელთა შედეგად ხელშეკრულებები “ზესტაფონპროექტთან” გაფორმდა;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი, სადაც „ზესტაფონპროექტი” მონაწილეობდა;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას, უზრუნველყოს სატენდერო პირობების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მეტ დაინტერესებულ კომპანიას მიეცეს ტენდერებში მონაწილეობის საშუალება და თავიდან აიცილოს პირობების კონკრეტულ კომპანიებზე მორიგებისა და შესაბამისად, კორუფციის საფრთხე.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით