ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს ბენეფიციარები კრიტერიუმების დარღვევით შეარჩიეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს ბენეფიციარები კრიტერიუმების დარღვევით შეარჩიეს

30 მაისი, 2013

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა იმ მოქალაქეებს, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ 57 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულა „უფასო სასადილოს“ სერვისს სთავაზობს. თუმცა, როგორც ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის წერილით დგინდება, „უფასო სასადილოს“ 20 ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეფასებულია 57 ათასზე მაღალი სარეიტინგო ქულით, 23 ბენეფიციარი კი არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

2013 წელს „უფასო სასადილოსათვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია 90 ათასი ლარი და გათვლილია 200 ბენეფიციარზე. ბენეფიციართა შერჩევისას კი უპირატესობა ენიჭება 57 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მარტოხელა, მარჩენალდაკარგულ და მრავალშვილიან ოჯახებს, – ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებულ წერილში. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა არღვევს ბენეფიციართა შერჩევის მის მიერვე დადგენილ  კრიტერიუმებს, რადგან მათი სარეიტინგო ქულა აღემატება 57 ათასს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი საერთოდ არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.

ასევე ყურადსაღებია ერთი პრობლემური საკითხი: სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არის უსახლკარო, არ აქვს კანონიერი შესაძლებლობა გახდეს სოციალური დახმარების მიმღები, შესაბამისად, ამ მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ აფასებს. გამომდინარე ზემოთქმულიდან, კონკრეტული საცხოვრებელი მისამართის არმქონე, უსახლკარო ადამიანები ვერ სარგებლობენ „უფასო სასადილოს“ სერვისით, მაშინ როდესაც უსახლკარო, ქუჩაში მცხოვრებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მძიმეა სხვებთან შედარებით.

სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელი აქტების თანახმად, ასევე შეუძლებელია შეფასდეს იმ ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელსაც არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რომლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა ამოწურულია. შესაბამისად თუ დავუშვებთ შესაძლებლობას, რომ პირადობის მოწმობის არმქონე, ან ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანთა შორისაც იქნებიან სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები, ისინი გამომდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ „უფასო სასადილოს“ სერვისით მოსარგებლე პირების შერჩევის განსაზღვრული კრიტერიუმიდან ვერ შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას.

მივმართავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას რეკომენდაციით, შეცვალოს უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები ისე, რომ, ერთი მხრივ, თავად არ დაარღვიოს მის მიერ დადგენილი წესები და, მეორე მხრივ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს ბენეფიციარები, რომლებისთვისაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამგეობის სოციალურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს თითოეული ბენეფიციარის რეალური სოციალური მდგომარეობა და გადაწყვეტილება შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მიიღოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითიდან გამომდინარე რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეიმუშავოს კონკრეტულ მექანიზმებზე აგებული დოკუმენტი, დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგიით ისე, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დგას სოციალური დახმარების რეალური საჭიროების წინაშე, ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით. ასევე, შრომის, ჯანმრთელებისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შეცვალოს თავისი რეგულაციები იმგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თუ პირადობის (ვალიდური) მოწმობის უქონლობა არ გახდეს სოციალური დახმარების მიღების შემაფერხებელი ფაქტორი. ეს უკანასკნელი შეეხება არა მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს, არამედ იგი ნაციონალური მასშტაბისაა და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს. 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“