ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა საშუალოდ 17 მილიონი ლარით გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა საშუალოდ 17 მილიონი ლარით გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს

09 დეკემბერი, 2014

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ 28 ნოემბერს შესული ცვლილებებით, შეიცვალა ფორმულა, რომელიც თვითმმართველ საჯარო უწყებებში ასაყვან თანამშრომელთა მაქსიმალურ რაოდენობას ადგენდა. ძველი ფორმულით, ადგილობრივ თვითმმართველობებში 10 157 საშტატო ერთეული იყო განსაზღვრული, ახლით კი – 12 573. ცვლილებების შედეგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების საჯარო მოხელეთა მაქსიმალური საშტატო რაოდენობა 2 416-ით (24%) გაიზარდა.

ამის გათვალისწინებით, უცნაურია, რომ კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი განმარტებით ბარათში ცვლილების მიღების მიზეზად მიუთითებს შემდეგს: „შენარჩუნდეს მუნიციპალიტეტების მოსამსახურეთა არსებული შტატების რაოდენობა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა შეიზღუდოს მისი გაზრდის შესაძლებლობა“. ჩვენ მიერ გაკეთებული გამოთვლებით, მხოლოდ ქუთაისსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემცირდა ეს ზღვარი, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი ზღვარი იზრდება (დიაგრამა 2).

გარდა ამისა, კანონპროქტის ფინანსურ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს. იმისათვის, რომ გაგვერკვია, დაახლოებით რა დამატებითი ხარჯები შეიძლება გამოიწვიოს ამ ცვლილებამ, ავიღეთ საჯარო სექტორში დასაქმებული პირის საშუალო ხელფასის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის მონაცემი (738.7 ლარი) და გავამრავლეთ 2 416 თანამშრომელზე. ჩვენი გამოთვლით, ეს ცვლილება სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად, მხოლოდ ხელფასის სახით, 17 მილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს.

ცნობისათვის, 2014 წლის ივლისამდე, როდესაც ძალაში შევიდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, არ არსებობდა რეგულაცია, რომელიც შეზღუდავდა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობას და ეს საკითხი კონკრეტული თანამდებობის პირების დისკრეციაზე ან საკრებულოს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

*მოიცავს როგორც ქალაქს ასევე თემს

Author: გიგი ჩიხლაძე