2008 წლის საგაზაფხულო საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა განათლება და არჩევნებზე დაკვირვების მისია ქვემო ქართლში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2008 წლის საგაზაფხულო საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა განათლება და არჩევნებზე დაკვირვების მისია ქვემო ქართლში

2008 წლის მაისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” არჩევნების დღეს ქვემო ქართლში ხმის მიცემისა და დათვლის პროცესზე მონიტორინგი განახორციელა. ორგანიზაციამ თავისი დამკვირვებლები 110 საარჩევნო უბანზე გაანაწილა 5 საარჩევნო ოლქში: მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში, დმანისსა და წალკაში. მან ამგვარად მოიცვა ამ რეგიონის საარჩევნო უბნების 40% და აღნიშნული 5 ოლქის ამომრჩეველთა 51%. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ საარჩევნო უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმეტესობა ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა.

110-დან 56 საარჩევნო უბანში, რომლებსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლები აკვირდებოდნენ, საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრთა არაკვალიფიციურობა, ხმის მიცემის პროცესში `კარუსელის~ გამოყენება, კომისიის წევრებისთვის აგიტაციის გაწევა, ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ, ხმის პირადობის მოწმობის გარეშე მიცემის შესაძლებლობა, ამომრჩეველთა კოლექტიურად შესვლა საარჩევნო ჯიხურებში და ა. შ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს 137 საჩივარი წარადგინეს. მათი ნაწილი დაკმაყოფილდა და 7 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.