აღსრულების ეროვნულ ბიუროს ტელევიზიებთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი აქვს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ტელევიზიებთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი აქვს

24 სექტემბერი, 2024

აღსრულების ეროვნული ბიურო აჭიანურებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებული ჟურნალისტებისთვის კუთვნილი კომპენსაციის გადახდის აღსრულებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  წლებია მუშაობს ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე და დღემდე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოში 400-მდე ჟურნალისტის საქმე ვაწარმოეთ. მათ შორის, ვიცავდით და ვიცავთ 2019 წელს მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლებულ 140-მდე ჟურნალისტს. ამ დროისათვის, საქმეების ნაწილი მორიგებით დასრულდა, ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც მიმდინარეობს, ხოლო 23 ჟურნალისტის უკვე მოგებულ საქმესთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ.

სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწვეტილებას ნებაყოფლობით არც ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ასრულებს და არც აღსრულების პროცესი მიმდინარებს ეფექტიანად. დავალიანების დასაფარად დღემდე არ მომხდარა მოვალის ქონების შეფასება - რეალიზება, ნაწილ საქმეებთან მიმართებით კი, სავალდებულო მოქმედებებიც - მოვალეთა რეესტრში შეყვანა, ქონებაზე ყადაღა-ინკასო - დაგვიანებით განხორციელდა. საქმე ეხება ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასის ანაზღაურებას, რაც ჯამში ათობით ათას ლარს შეადგენს და რომლის გადახდასაც „რუსთავი 2-ს“ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ავალდებულებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით არაერთი დამატებითი წერილითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.  ეს იმ ფონზე, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხელისუფლებისადმი კრიტიკული „ტელეკომპანია პირველის“ შემთხვევაში, პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციასა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართვების საფუძველზე აღსრულების პროცესი მყისიერად დაიწყო და ტელევიზიას სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იძულებით აღსრულებაზე გააფრთხილა

ბიუროს მიდგომა ხელისუფლების ორმაგი სტანდარტის მკაფიო მაგალითია, რომლის მიზანიც მათდამი ლოიალური ტელემაუწყებლისთვის სასათბურე პირობების შექმნა და ფინანსური წნეხის გზით, კრიტიკული მაუწყებლების დასუსტებაა. ეს წარმოადგენს სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც სახელმწიფო უწყება საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს არა კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ მმართველი გუნდის ინტერესების მიხედვით.

print