წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს

24 მარტი, 2022

წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს.  ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-2021 წლებში 135,000 ლარი შესწირეს.

ჯეირან ომანაძე გვიშტიბის თემის მაჟორიტარია და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს. 2014 წლის მოწვევის საკრებულოში იგი პროპორციული წესით იყო არჩეული.

შპს ჯ და ჯ-ს 50-50% წილებს ჯეირან ომანაძე და ჯამბულ შუღლაძე ფლობენ. კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2011 წლიდან დაიწყო, სწორედ ამ პერიოდში ჯამბულ შუღლაძე წყალტუბოს საკრებულოს წევრი და საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეც იყო. ამჟამად საკრებულოს წევრია ჯამბულ შუღლაძის მეუღლე ირინე ცაავა.

შპს “ჯ და ჯ”-მ 2013 წლიდან დღემდე 45,977,776 ლარის ტენდერები და 97,750 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. 87  მოგებული ტენდერიდან 40 ტენდერში უკონკურენტოდ, ხოლო 19 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

ამ კომპანიის მიერ მოგებული ტენდერებიდან 25 ტენდერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტზე მოდის, 18 შემთხვევაში შემსყიდველი “საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია”, 21 შემთხვევაში - ხონის მუნიციპალიტეტი, ხოლო 23 შესყიდვა სხვა შემსყიდველზე ნაწილდება.

შპს “როსტვერკი” ჯეირან ომანაძემ 2012 წელს დააფუძნა. იგი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. 

ამ კომპანიამ  2015-2022 წლებში ტენდერებიდან 16,171,651 ლარი მიიღო, გამარტივებული შესყიდვებით კი -792,678 ლარის ღირებულების კონტრაქტები. მოგებული 13 ტენდერიდან 6-ში შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 2 შემთხვევაში სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად  გაიმარჯვა.

ჯეირან ომანაძე არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებსაც, რომლის თანახმადაც, მას თანამდებობაზე გამწესებისთანავე უნდა დაეტოვებინა დირექტორის პოზიცია შპს „ჯ და ჯ”-სა  და შპს “როსტვერკში” და საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის  გადაეცა, თუმცა მას ეს დღემდე არ გაუკეთებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს და მიმართავს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ჯ და ჯ”-სა და შპს “როსტვერკის” სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს კომპანიებსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ჯეირან ომანაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.