ე.წ „ჯგუფური ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პროტესტის 8 მონაწილის წინააღმდეგ
შესავალი
დასრულდა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) ბრალდებით. 6 მარტს ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
სამ მათგანს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს „ქართული ოცნების” პროკურატურა ბრალს სდებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა ან ხელმძღვანელობაში, რისთვისაც მათ სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დანარჩენ 5 ბრალდებულს - თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს და ირაკლი მიმინოშვილს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე.
გამოძიება ასევე მიმდინარეობს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტზე, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი (იმავე კოდექსის 2391 მუხლის მე-2 ნაწილი), რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 5 წლამდე. თუმცა, ამ დანაშაულის ჩადენაში არცერთი ზემოთ დასახელებული პირი არ არის ბრალდებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა ბრალდებულების დამცველების მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების 14 ტომი, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველ დოკუმენტებს 2025 წლის 22 იანვრის მდგომარეობით. ამ მიმოხილვაში მითითებული ფაქტები, მიგნებები და სამართლებრივი შეფასებები ამ მასალებს ეყრდნობა.
ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარდგენილ ბრალდებაში რვავე ბრალდებული უდანაშაულოა, რადგან, სახეზე არ არის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა. გარდა ამისა, 2025 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას.
ინფორმაცია ბრალდებულების შესახებ
ბრალდებულები 19-დან 53 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. ზოგი მათგანი სტუდენტია, ზოგი მსახიობი, ზოგი პოლიტიკური პარტიის წევრი, ზოგიც სულ სხვა სფეროს წარმომადგენელი. მათმა უმრავლესობამ ერთმანეთი საბრალდებო სკამზე გაიცნო, რაც, როგორც ქვემოთ დეტალებშია ახსნილი, მათ მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულს გამორიცხავს.
პროტესტის მონაწილეების სისხლისსამართლებრივი დევნის სავარაუდო მიზნები
ბრალდებულების პროფილები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თუ ყველასი არა, ბევრი მათგანის დაკავება და მათთვის ბრალის წარდგენა საზოგადოების დაშინების და კონკრეტულ ჯგუფებში პროტესტის გაჩერების მიზნებს ემსახურება. მაგალითად, ამ პირების დაკავებმადე საპროტესტო აქციების დროს განსაკუთრებით სტუდენტური ჯგუფები აქტიურობდნენ, რაც საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა და პროტესტების მიმართ სოლიდარობის გრძნობას აღძრავდა. „ლელოს“ წევრების - კასრაძის და კაძელაშვილის დაკავება იყო პოლიტიკური პარტიებისთვის გაგზავნილი მესიჯი. ინსაფ ალიევის ბრალდება, შესაძლოა, ეროვნული უმცირესობებისთვის გაგზავნილი სიგნალი იყოს.
ეს საქმე, როგორც ჩანს, ასევე იყო გამოძახილი მთავრობის მიერ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიისა, რომ თითქოს მავანი საქართველოში “ევრომაიდანის” მოწყობას აპირებდა, რაც, როგორც ქვემოთ არის აღწერილი, გამოძიების დაწყების თაობაზე გამომძიებლის პატაკშიც აისახა.
გამოძიების დაწყება და სისხლის სამართლის საქმეების გამოყოფა
გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ძებნის სამმართველოს უფროსის - დავით ქურდოვანიძის 2024 წლის 3 დეკემბრის პატაკი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - დავით ქებურიას მიმართ, რომელშიც იგი მოახსენებს თავის უფროსს, რომ პარლამენტთან 28 ნოემბერს დაწყებულმა აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის მიმართულებით ისროდა ქვებს, ლითონის საგნებს, ქვებით სავსე ბოთლებს, პიროტექნიკას და სხვ., რომ „[მის] ხელთ არსებული ინფორმაციით“, ძალადობრივ ქმედებებს „ორგანიზებას უწევენ“ ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, აგრეთვე ზვიად ცეცხლაძე და სხვები. პატაკის თანახმად, ისინი „მომიტინგეებს მოუწოდებენ აჯანყებისკენ, არ დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ასწავლიან თუ როგორ უნდა დაამზადონ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში, ფეთქებადი და აალებადი მოწყობილობები.“ პატაკის ავტორის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძე „თბილისში მომხდარ მოვლენებს ადარებს 2014 წელს უკრაინაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების ე.წ. „ევრომაიდანი“-ს წინა პერიოდს“ და მომიტინგეებს ასწავლის თუ როგორ უნდა ჩახერგონ ქუჩები და ააწყონ ბარიკადები. პატაკს თან ერთვის 48 პირისგან შემდგარი სია, რომელშიც, პატაკის ავტორის თქმით, შედიან ადამიანები, რომლებიც „ორგანიზატორებს კავშირზე ჰყავთ“ და რომლებიც მათ „დავალებებს“ ასრულებენ. სიაში, სხვებთან ერთად, ის ადამიანებიც არიან შეყვანილი, რომლებსაც მოგვიანებით ბრალი წარედგინათ. პატაკის შინაარსი მთლიანობაში იმეორებს იმ პროპაგანდისტულ მესიჯებს, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირები თვეების განმავლობაში პოლიტიკური ტრიბუნებიდან აჟღერებდნენ.
პატაკში არ არის მითითებული, თუ რომელ წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა პატაკში აღწერილი ინფორმაცია პატაკის ავტორმა. იმავე საღამოს, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, დავით ქურდოვანიძემ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პატაკში მითითებული ინფორმაცია, თუმცა, კვლავ არ გაამჟღავნა ინფორმაციის წყარო. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს წყარო არის „სანდო“, რადგან მას „არაერთხელ მოუწოდებია ღირებული ინფორმაცია, რომელიც შემდგომში რეალიზებული იქნა.“
ასეთი „კონფიდენციალური“ ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საზოგადოებას ნარკოტიკების „ჩადების“ უკანონო და სამარცხვინო პრაქტიკის შესახებ თავის ანალიზში მოახსენებდა.
სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება სსკ 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 2391 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, მიენიჭა ნომერი 090031224002. რამდენიმე დღეში ამ საქმეს ზვიად ცეცხლაძის და 7 სხვა პირის ბრალდების საქმე გამოეყო და მას N090051224002 მიენიჭა.
ბრალდების ფორმულირების ზოგადი ხასიათი
სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პირადი პასუხისმგებლობის პრინციპია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, პირი პასუხს მხოლოდ საკუთარი ქმედების გამო აგებს. კოლექტიურ პასუხისმგებლობას ცივილიზებული სამართლის სისტემები არ იცნობს. როდესაც ადგილი აქვს ჯგუფურ დანაშაულს, ყოველი ბრალდებულის მიმართ მკაფიოდ უნდა იქნეს დადგენილი მისი პირადი როლი და ფუნქცია ჯგუფურ ქმედებაში.
ამ საყოველთაოდ აღიარებული სისხლისსამართლებრივი სტანდარტის მიუხედავად, ბრალდების ფორმულირებები განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებში უკიდურესად ზოგადი ხასიათისაა - იმდენად ზოგადის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებულებს პასუხს ქვეყანაში თავად „ქართული ოცნების“ უკანონო მოქმედებების შედეგად შექმნილი რაღაც საერთო ვითარების გამო აგებინებენ, რომლის მისამართითაც ზემოთ მითითებული პატაკის ავტორი სარგებლობს ტერმინებით „აჯანყება“ და „სახელმწიფო გადატრიალება“, რომელთაგან, სხვათა შორის, არცერთი არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
ნათქვამის საილუსტრაციოდ ავიღოთ, მაგალითად, დადგენილება ირაკლი მიმინოშვილის ბრალდების შესახებ. აღნიშნული დადგენილების ბრალდების ფორმულირებაში, რომელიც ერთ ფურცელზე ოდნავ მეტისგან შედგება, პროკურორი ზოგადად აღწერს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების მისეულ ვერსიას, თუ როგორ მიიღო აქციამ „ძალადობრივი ხასიათი“, როგორ „ისროდა მომიტინგეების გარკვეული ნაწილი ქვებს და სხვა საგნებს“, რომ ამას ყველაფერს „ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ“ და სხვ.
ბრალდების ფორმულირებაში კონკრეტულად ირაკლი მიმინოშვილის როლის აღწერა იმით შემოიფარგლება, რომ იგი 2024 წლის 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და „აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“. კერძოდ, დადგენილებაში მხოლოდ ნათქვამია, რომ იგი „ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვა ირაკლი მიმინოშვილის ამგვარ ქმედებას, კონკრეტულად ვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეუქმნა მან საფრთხე, რაში გამოიხატა ეს საფრთხე, რაში მდგომარეობდა „ჯგუფური მოქმედების“ არსი, ვისთან იყო კავშირში ირაკლი მიმინოშვილი ამგვარი მოქმედების განხორციელებისას, ვის დავალებებს ასრულებდა იგი და სხვ. მიუხედავად ამისა, პროკურორის მტკიცებით, მან ჩაიდინა სსკ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა“.
ზუსტად ასეთივე ზოგად სტილშია გადმოცემული ბრალდების ფორმულირებები ყველა სხვა ბრალდებულის მიმართ.
ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლობა
ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელი იყო მიუკერძოებელ პროკურატურას დაესკვნა, რომ ბრალდებულებმა მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინეს.
ჯავახიშვილის, გორგაძის, მიმინოშვილის, ალიევისა და გოშაძის მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებებად გამოყენებულია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი დეტექტივის - გიორგი ჯიქიას 2024 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული პატაკი სამმართველოს უფროსის გიორგი ქურდაძის მიმართ, რომელშიც იგი მოახსენებს თავის უფროსს, რომ აღნიშნული პირები ფიგურირებენ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ პორტალებზე, „სადაც აღბეჭდილია მათი დანაშაულებრივი ქმედებები“. პატაკში მითითებულია კონკრეტული საიტების და ინტერნეტ გვერდების მისამართები, რომლებზეც განთავსებულია ზემოთ მითითებული ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის აუდიოვიზუალური მასალა.
ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის მიმართ ბრალდება, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში მდგომარეობს, ეყრდნობა იმავე გიორგი ქურდაძის მიმართ მისი სამმართველოს კიდევ ერთი დეტექტივის - შალვა ჯახუას 2024 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ პატაკს. აღნიშნულ პატაკში განცხადებულია, რომ ტვ „იმედის“ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია აქციაზე ყოფნისას ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს შორის შემდგარი პირადი საუბრის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალა, რომელიც „ადასტურებს“ იმას, რომ ეს პირები საპროტესტო აქციებზე „ძალადობრივ ქმედებებს გეგმავდნენ“. აღნიშნული მასალის თანახმად, კასრაძე და კაძელაშვილი თურმე ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ „ესენი [„ქართული ოცნება“] თავისით არ წავლენ“; რომ საჭიროა „წყნეთში, კალაძის ცოლს რომ აქვს მაღაზიები, ერთი 5 გრამიანი შპრიცით ბენზინი მივასხათ და ბიჩოკი მივაგდოთ“; რომ უნდა გავიგოთ „რომელ რესტორანში დადიან? რომელ კაფეში დადიან? ვისთან დადიან?“; რომ „დივერსიული ისინი უნდა მოვაწყოთ“ და სხვ.
ყველა ზემოთ აღწერილ ეს ე.წ. „მტკიცებულებები“ სხვა არაფერია, თუ არა. სავარაუდოდ სუს-ის ან შსს-ს მიერ ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მონაცემები. საქმეში ამ მასალების კანონიერად მოპოვების ამსახველი სასამართლო განჩინება ან პროკურორის დადგენილება არ მოიპოვება. ის გარემოება, რომ ეს მონაცემები, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის შედეგად ვიღაცამ საჯარო ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელში ატვირთა, არ ქმნის საფუძველს ამ თავისთავად უკანონოდ მოპოვებული მასალის კანონიერ, დასაშვებ მტკიცებულებად ცნობისათვის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშეც, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით, იმ პირობით, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა პროკურორი ვალდებულია მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ.
როგორც უკვე ითქვა, საქმეში არ მოიპოვება არც სასამართლოს განჩინება და არც პროკურორის დადგენილება, რომლებიც ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას კანონიერს გახდიდა. სსსკ 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ეს სისხლის საპროცესო სამართლის დოქტრინა, რომელიც „მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინით არის ცნობილი, ამ ბრალდებულების მიმართ შექმნილ მთელ საქმის მასალებს ფაქტიურად არარსებულად აქცევს. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, იმავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. ყველა აღწერილ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ეს ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ჩანაწერები სასამართლოს ნებართვის ან პროკურორის დადგენილების გარეშეა მოპოვებული, ასევე უცნობია მათი წარმომავლობაც და ავთენტურობაც, რადგან ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში ასევე არ მოიპოვება.
მაშასადამე, მთავარი მტკიცებულებები, რის გამოც დაიწყო დევნა ჯავახიშვილის, გორგაძის, მიმინოშვილის, ალიევის, გოშაძის, აგრეთვე კასრაძის და კაძელაშვილის მიმართ, დაუშვებელი მტკიცებულებებია. ასევე დაუშვებელი მტკიცებულებებია ამ დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე მოპოვებული სხვა, შესაძლოა კანონიერი მტკიცებულებები, მათ შორის, ჩხრეკის ოქმები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა, რომლებიც საქმეში მოიპოვება.
ასეთ ვითარებაში ნებისმიერი კეთილსინდისიერი პროკურორი სისხლისსამართლებრივ დევნასაც კი არ დაიწყებდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არ დახარჯავდა ძვირფას ადმინისტრაციულ რესურსს ამ ფუჭი და ცარიელი საქმეების სასამართლოში გადაგზავნაზე. ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოსამართლე ასეთ საქმეზე არც აღკვეთის ღონისძიებას შეუაფარდებდა ბრალდებულებს და საერთოდ შეწყვეტდა სისხლისსამართლებრივ დევნას წინასასამართლო სხდომაზე.
ჩხრეკა-ამოღებაზე ეფექტური სასამართლო კონტროლი არ განხორციელებულა
ყველა ბრალდებულის მიმართ საქმეში მოიპოვება პირადი ჩხრეკის, მათი საცხოვრებელი სახლის, ან/და, ზოგიერთ ცალკეულ შემთხვევაში, ავტომობილის ჩხრეკის ოქმი. ფორმალურად ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება ან სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ჩატარდა, ან - „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, რომლის „კანონიერება“ მოგვიანებით სასამართლომ ცნო.
თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც არის ასახული, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტური და ნამდვილი სასამართლო კონტროლი ისეთ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამის თაობაზე დეტალურად მოვახსენეთ საზოგადოებას ნარკოტიკების „ჩადების“ უკანონო პრაქტიკის შესახებ ზემოთ უკვე მითითებულ ჩვენს ანალიტიკურ კვლევაში. სასამართლოები პროკურორის წინასწარ ან პოსტფაქტუმ შეტანილ შუამდგომლობებს ავტომატურად, საქმის გარემოებების ყოველგვარი შესწავლის გარეშე აკმაყოფილებენ. აღნიშნული რამ მოხდა ამ კონკრეტულ საქმეშიც.
ნათქვამის სრულიად აშკარა და უტყუარი დადასტურებაა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ერთ დღეს - 2024 წლის 5 დეკემბერს - განიხილა და თითოეულ შემთხვევაში ცალკე განჩინებებით დააკმაყოფილა პროკურორების 21 შუამდგომლობა მოსამართლის ნებართვის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა-ამოღების) კანონიერად ცნობის შესახებ. ვერცერთი ობიექტური და საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაიჯერებს, რომ ერთ დღეში ფიზიკურად შესაძლებელია 21 სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა პირის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების გარემოებების საფუძვლიანად შესწავლა, საგამოძიებო მოქმედებების კონსტიტუციიის და კანონის მოთხოვნების მიმართ მისადაგება და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის უქონლობა (სასამართლო პრაქტიკა)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება. სპონტანურად განხორციელებული ერთობლივი მოქმედება საკმარისი არ არის, რომ ქმედების შემადგენლობა სახეზე იყოს.
ერთ საქმეზე 2023 წლის 18 ივლისის განჩინებაში (საქმე №478აპ-23, პ. 9) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა:
„...საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ც–იი, გ. მ–ა და გ. ს–ა წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად, ან თუნდაც მოქმედებდნენ კონკრეტულ პირთან შეთანხმებით და ასრულებდნენ ვინმეს დავალებებს, რაც საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს, რომელთა დადასტურების გარეშე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.“
შესაბამისად, უზენაესი სასამართლო დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომ სსკ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება იმავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე უნდა გადაკვალიფიცირებულიყო („ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“, „ჩადენილი ჯგუფურად“).
უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიდევ ერთ საქმეში (საქმე №694აპ-23, 26 დეკემბერი 2023 წელი, პ. 33):
„საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, თუ რას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსით არ გამოკვეთილა, რომ უშუალოდ ზ. ჭ-ა, გ. ხ-ი, გ. მ-ე, მ. დ-ი, თ. ბ-ი, გ. გ-ი ან გ. წ-ი – ასრულებდნენ ვინმეს მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს. ამდენად, პროკურორის მითითება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით და დაუსაბუთებელია.“
კიდევ ერთ განჩინებაში (საქმე №397აპ-23, 25 სექტემბერი 2023 წ., პ. 12) უზენაესმა სასამართლომ განაცხადა:
„...ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მსჯავრდებულებს გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ. ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირება.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ ჯგუფში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობას, ისევე, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მსჯავრდებულების მხრიდან ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირებისა თუ წინასწარ, ერთმანეთის განზრახვის ცოდნის ფაქტი. განსახილველ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულები - თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ძე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი და ი. წ-ძე სხვა პირებთან ერთად მოქმედებდნენ არა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად, არამედ - ჯგუფურად, სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე…“.
როგორც ვხედავთ, უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში აუცილებელია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დააკმაყოფილებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ჯგუფური ძალადობრივი ქმედების მონაწილეები:
- წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად;
- მოქმედებდნენ კონკრეტულ პირთან შეთანხმებით და ასრულებდნენ ვინმეს დავალებებს ან მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს და მითითებებს;
- მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად და არა სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე;
- მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება - არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულდებდნენ, რომ მათ გაცნოებიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ.
მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა (კასრაძე-კაძელაშვილის შემთხვევა) ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ და ბრალდებამდე ერთმანეთთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ. თუ ისინი რაიმე საგნებს ისროდნენ, რისი დამამტკიცებელი, კანონიერად მოპოვებული და დასაშვები მტკიცებულებები საქმეში, როგორც უკვე აღინიშნა, არ დევს, ისინი ამას აკეთებდნენ სპონტანურად, ქაოტურად, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, და არა წინასწარ შეთანხმებულად და ორგანიზებულად.
თვით კასრაძე-კაძელაშვილის შემთხვევაშიც კი, თავი რომ დავანებოთ ფარული ჩაწერის შედეგად უნებართვოდ მოპოვებული მტკიცებულების უკანონობას და დაუშვებლობას, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება, რომ ადგილი აქვს რაღაც ჯგუფის შექმნას ან ორგანიზებას, ჯგუფის წევრებისათვის დავალებების და მითითებების გაცემას. ამდენად, თუნდაც ეს ჩანაწერი კანონიერად მოპოვებული და ავთენტური ყოფილიყო, რაც ასე არ არის, იგი არ ადასტურებს ორგანიზებული ჯგუფის შექმნის ფაქტს. საუბრიდან მხოლოდ ვიგებთ, რომ აქციაზე მყოფი, პოლიციის ძალადობის გამო გაბრაზებული ორი ადამიანი სრულიად სპონტანურად უზიარებს ერთმანეთს არცთუ მთლად მართლზომიერ იდეებს, მაგრამ ამას ვერ დაარქმევ ვერც ძალადობის ორგანიზებას და ვერც თუნდაც დაგეგმვას, რადგან უბრალოდ ლაპარაკი ჯერ არ არის ჩადენილი ძალადობრივი ქმედება და არც მისი მომზადება. მეტიც, უბრალოდ ლაპარაკი არც აუცილებლად ამ ქმედების ჩადენის განზრახვაზე მიუთითებს.
ცალკე შემთხვევაა ზვიად ცეცხლაძის შემთხვევა. მის ფეისბუქ გვერდზე ატვირთული ვიდეოების მიხედვით, იგი არა კონკრეტულ ორგანიზებულ ჯგუფს, არამედ ზოგადად ფეისბუქ აუდიტორიას ელაპარაკება, სადაც ასწავლის ადამიანთა განუსაზღვრელ ჯგუფს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი პოლიციელთა უკანონო ძალადობისგან. ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ზვიად ცეცხლაძე რაიმე ორგანიზებულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამასთან, უკანონო თავდასხმისგან თავის დაცვა, ანუ აუცილებელი მოგერიება, თუნდაც თავმდამსხმელი პოლიციელი იყოს, ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, პროტესტის სამი მონაწილის მიმართ წარდგენილი ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობაში, აგრეთვე 5 მათგანის ბრალდება ამგვარ მოქმედებაში მონაწილეობაში არის უსაფუძვლო სსკ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.
ბრალდებულთა ქმედებაში არც სხვა სახის დანაშაული იკვეთება
როგორც ზემოთ აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯგუფური ძალადობის შემადგენლობა არ არსებობს, იგი ამოწმებს, ხომ არ იქნა ჩადენილი სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და დადებითი პასუხის შემთხვევაში ახდენს დანაშაულის გადაკვალიფიცირებას.
განსახილველი სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაშიც უპრიანი იქნებოდა გვემსჯელა, თუ ბრალდებულების ქმედებაში არ არის სსკ 225-ე მულხით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ხომ არ არის სახეზე სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა, რომელიც, კიდევ ერთხელ, ასე იკითხება: „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“, „ჩადენილი ჯგუფურად“.
სსკ 126-ე მუხლი შედეგიანი დანაშაულია. უნდა არსებობდეს დანაშაულებრივი ქმედების - ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგი - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ოღონდ არა 120-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“) გათვალისწინებული შედეგი.
ამ შედეგის დასამტკიცებლად უნდა არსებობდეს დაზარალებული. რომელმაც ფიზიკური ტკივილი უშუალოდ ბრალდებულის მიერ ჩადენილი მოქმედების - ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგად განიცადა. სხვა სიტყვებით, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.“
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს შეიძლება ბრალად შეერაცხოთ სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ კონკრეტულმა პოლიციელმა კონკრეტული ბრალდებულის მიერ ნასროლი საგნის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის მასალებში მოიპოვება საპროტესტო აქციებზე დაზარალებული პოლიციელების ცხრილი, რომლის თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სულ 158 პოლიციელი დაშავდა. მათგან, 2024 წლის 22 იანვრის მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულები არიან ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე და ინსაფ ალიევი, დაზარალებულად ცნობილ იქნა სულ 31 პოლიციელი. მათი გამოკითხვის ოქმებსა და ბრალდებულების ბრალდების ფორმულირებებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ 22 დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში დამდგარი შედეგი - მიყენებული ფიზიკური ტკივილი - ვერცერთ ბრალდებულს ვერ შეერაცხება, რადგან იმ 22 შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულებმა ზიანი განიცადეს, ბრალდებულები ან შესაბამის დროს და ადგილას არ იმყოფებოდნენ, ან იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ სულ სხვა ტიპის მოქმედება ბრალდებათ.
მაგალითად, დაზარალებული ნ.მ. ამბობს, რომ 28-29 ნოემბერს იმყოფებოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე, მოხვდა ქვა, დაკარგა გონება, სიბნელე იყო და ვერ დაინახა ვინ ესროლა. ეს შედეგი ბრალდებულთაგან ვერცერთს ვერ შეერაცხება, რადგან იმ ღამეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ქვის სროლა არცერთს არ ბრალდება.
დაზარალებული დ.კ. ამბობს, რომ 4 დეკემბერს იყო „ქორთიარდ მერიოტთან“, სადაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები იყვნენ შეკრებილნი, გაწევ-გამოწევის დროს ხელში მოხვდა რაღაც საგანი, დაიზიანა თითი, სასწრაფოთი წაიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, ბევრი ხალხი იყო და ვერ დაინახა ვინ ისროლა ეს საგანი. ეს შედეგიც ბრალდებულთაგან ვერცერთს ვერ შეერაცხება, რადგან 4 დეკემბრის ღამეს „ქორთიარდ მერიოტთან“ არცერთი მათგანი არ იმყოფებოდა.
დაზარალებული ლ.ს.-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2 დეკემბერს იგი ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებოდა, როდესაც სახეში მოხვდა ფეირვერკი, დაეწვა კანი და ცხვირი, წაიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში სადაც დაადეს 6 ნაკერი, ვერ დაინახა ვინ ისროლა. ამ შემთხვევაშიც ეს შედეგი არც ერთ ბრალდებულს არ შეერაცხება, რადგან 2 დეკემბერს ფეირვერკს არცერთი მათგანი არ ისროდა.
9 შემთხვევაა ისეთი, როდესაც ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის თარიღი, ადგილი და ტიპი დაზარალებულების ჩვენებებს ზოგადად ემთხვევა. მაგრამ ამ 9 შემთხვევაშიც, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კონკრეტული დაზარალებულის მიმართ დამდგარი კონკრეტული შედეგი კონკრეტული ბრალდებულის მოქმედებასთან მიზეზობრივ კავშირშია.
მაგალითად, დაზარალებულ ბ.ბ.-ს ჩვენებით, 29-30 ნოემბერს იგი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ფეხში მოხვდა ქვა, ვერ დაინახა ვინ ისროლა. თეორიულად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ირაკლი მიმინოშვილის ან გიორგი გორგაძის მოქმედების შედეგი, რადგან მათ 30 ნოემბერს რუსთაველზე ქვების სროლა ბრალდებათ. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბ.ბ.-ს სწორედ ირაკლი მიმინოშვილის ან გიორგი გორგაძის ნასროლი ქვა მოხვდა ფეხში.
იგივე სიტუაციაა, მაგალითად, დაზარალებულ მ.კ.-ს შემთხვევაში, რომელიც აცხადებს, რომ 28 ნოემბერს იმყოფებოდა პარლამენტის თაღების ქვეშ, მისი ფეხის წინ დავარდა რაღაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი, რომელიც აფეთქდა და მის ტანსაცმელის მოეკიდა ცეცხლი, რამდენიმე ხნით ყურში სმენა დაკარგა, წაიყვანეს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ვერ დაინახა ვინ ისროლა. თეორიულად ეს შედეგი შეიძლებოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოქმედებასთან ყოფილიყო მიზეზობრივ კავშირში, რადგან მას 28 ნოემბერს პიროტექნიკის სროლა ბრალდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის მტკიცებულება, რომ მ.კ.-ს სწორედ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნასროლი პიროტექნიკის ნამსხვრევი მოხვდა.
მიზეზობრივი კავშირის უქონლობის შესახებ ზემოაღნიშნული მსჯელობა ასევე მართებულია ნებისმიერ სხვა შედეგიან დანაშაულთან მიმართებით, როგორებიცაა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (სსკ 118-ე მუხლი) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (სსკ 120-ე მუხლი).
შესაძლოა, ბრალდებულთა ქმედებაში სსკ 153-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო მასალის კანონიერება, წარმომავლობა და ავთენტურობა დამტკიცებული იქნებოდა, რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილი არა აქვს.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, ზემოთ მოცემული ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ:
- სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას;
- საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები - აუდიოვიზუალური მასალა - მოპოვებულია სისხლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; დაუშვებელი მტკიცებულებაა ასევე სხვა, შესაძლოა, თავისთავად კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს;
- არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის - წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს;
- საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
- რვავე ბრალდებულის მიმართ საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების - განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ;
- ეს საქმე მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე წამოიწყო. იგი ეფუძნება მმართველი პარტიის მიერვე შექმნილ მითს, რომ თითქოს მიტინგის მონაწილეები, ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას აპირებდნენ. თავდაპირველად, ხელისუფლების მიერ მართულმა ტელეკომპანიებმა აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ხოლო შემდგომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, ამ ლეგენდისთვის დამაჯერებლობის უზრუნველყოფის მიზნით, აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს საქმეში ფიგურანტი პირები. აღნიშნული სქემის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პროპაგანდისტული არხები, სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო. ცხადია ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების დავალების გარეშე.
ბრალდებულების წინააღმდეგ შეკერილი საქმეების მონაწილეები:
მოსამართლეები
- თეონა ეპიტაშვილი
- არსენ კალატოზიშვილი
- ნანა შამათავა
- თამარ მჭედლიშვილი
- ირაკლი ხუსკივაძე
- ლელა მარიდაშვილი
- თამარ მახარობლიძე
- დავით კურტანიძე
პროკურორები
- შმაგი გობეჯიშვილი
- ნუგზარ ჭიტაძე
- ვაჟა თოდუა
- ვახტანგ ცალუღელაშვილი
- გიორგი მუკბანიანი
შსს-ს თანამშრომლები
- არსენ ხუნაშვილი
- დავით ქებურია
- დავით ქურდოვანიძე
- გიორგი ჯიქია
- მალხაზ შაშვიაშილი
- შალვა ჯახუა
- ლევან ბასილაძე
- გიორგი მაჭარაშვილი
- გენადი იოსებაშვილი
- ლევან ნიჟარაძე
- დავით ქიტიაშვილი
- ნიკა აბაკელია
- ზურაბ ჯღარკავა
- მიხეილ მჭედლიშვილი
- გელა გულორდავა
- ივანე ფირესაშვილი
- ერეკლე მეტრეველი
- კონსტანტინე კერესელიძე
- ნანა ჯინჯიხაძე
- გიორგი მხეიძე
- ლაშა გერლიანი
- გიორგი მოლაშხია
- ვალერიან თაბუკაშვილი
- ზვიად გოშაძე
- ბაქარ გლუნჩაძე
- ვახტანგ დაბრუნდაშვილი
- ეკა ზაალიშვილი
- ირაკლი გველესიანი
