განცხადება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით

16 თებერვალი, 2021

 

ვეხმიანებით ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი მსჯელობს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც გაუხსნის გზას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლამ, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემური ხარვეზები გამოააშკარავა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული მოქალაქე, სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. აქციის დაშლის პროცესთან და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის მიუხედავად,  სამართალდამცავ ორგანოებში ბრძანების გამცემი პირები არ გამოკვეთილა და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არასრულყოფილ გამოძიებაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კრიტიკული არ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას და არ ცდილობდა შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას.

ამის პარალელურად, 2019 წლის 25 ივნისს, პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება  წარუდგინა. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა. გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი წინადადება შაბლონურად გამოიყურებოდა და არ იყო საკმარისად დასაბუთებული. დოკუმენტის შაბლონურობაზე ისიც მიანიშნებდა, რომ მასში პროკურატურის არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არარსებული საქმე. რამდენიმე საქმე კი იმდენად განსხვავებულ გარემოებებს ეხებოდა, რომ მათზე მითითება ნიკა მელიას საქმის კონტექსტში აბსოლუტურად არარელევანტური იყო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო განუსაზღვრა, დამატებით მას  აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შეფასებისას განმარტა, რომ პარლამენტის წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებით, შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა მისი უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ შეზღუდვას.

2020 წლის 3 ნოემბერს, პროკურატურამ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. პროკურატურის პოზიციით, 1 ნოემბერს ნიკა მელიას მიერ სიტყვით გამოსვლისას ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნის ფაქტი აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას წარმოადგენდა. სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაზარდა, ხოლო გადახდის ვადად 50 დღე განუსაზღვრა - ეს ვადა 23 დეკემბერს ამოიწურა. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა მისი ელექტრონული მონიტორინგი, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა და დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, თუმცა აეკრძალა ქვეყნის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე. ვადის ამოწურვის მიუხედავად და მას შემდეგ, რაც ნიკა მელია 27 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს, პროკურატურას მის მიმართ თვენახევრის  მანძილზე რეაგირება არ ჰქონია და მხოლოდ 5 თებერვალს განაგრძო საქმის მსვლელობა, როცა მელიას გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, ხოლო 12 თებერვალს პატიმრობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ პატიმრობის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეების არარსებობის პირობებში კი, პროკურატურა კანონით არ არის შეზღუდული, უარი თქვას პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვაზე. სახალხო დამცველმა ამ საკითხის შეფასებისას აღნიშნა, რომ აუცილებელია პატიმრობის გამოყენების მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს.

პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე. იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა.  შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების  პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ გაიზიაროს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება.