არასამთავრობოები: შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ TV 25-ის ხელმძღვანელობაზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობოები: შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ TV 25-ის ხელმძღვანელობაზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევა

25 იანვარი, 2014

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მედიის განვითარების ფონდი (MDF) უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი სურმანიძის და ტელეარხის მფლობელ ჯემალ ვერძაძის მიერ მოწოდებული ონფორმაციის გამო, სადაც ისინი მიუთითებენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიმართ საქართველოს პროკურატურის მაღალჩინოსნისა და გამომძიებლების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რათა მათ ჩვენება მიეცათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ისინი ამ ფაქტს დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე ზეწოლად განიხილავენ.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტზე და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დადგეს უკანონო ქმედებაში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებისათვის ხელშეშლის გარეშე, პერმამენტულად გახდეს საჯარო.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, თუ რა სტატუსით იმყოფებოდნენ ხსენებული პირები დილის 5 საათამდე საგამოძიებო ორგანოში და რა საგამოძიებო მოქმედება ხორციელდებოდა მათ მიმართ.

გიორგი სურმანიძისა და ჯემალ ვერძაძის განცხადების თანახმად, ისინი 2013 წლის 17 დეკემბერს დაიბარეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. საღამოს მისულები, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე, დილის 5 საათამდე ამყოფეს პროკურატურის შენობაში. ღამის განმავლობაში მათზე ზეწოლას ახდენდნენ პროკურატურის 10-მდე მაღალჩინოსანი და გამომძიებელი. კონკრეტული პირების დანაშაულის ორგანიზატორებად და მფარველებად არდასახელების შემთხვევაში, მათ ემუქრებოდნენ ციხეში სამუდამოდ ჩასმით. მათ უარი განაცხადეს ამ ტიპის ჩვენების მიცემაზე, რის გამოც მათივე განცხადებით, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ინფორმირებული იყო გიორგი სურმანიძის საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების გეგმების შესახებ, ხოლო 23 დეკემბერს დაუყადაღეს ქონება და პირადი საბანკო ანგარიშები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მედიის განვითარების ფონდი (MDF)