კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში: 2016-2020 წლები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში: 2016-2020 წლები

20 ოქტომბერი, 2020


წინამდებარე ანგარიშში განხილულია 2016-2020 წლებში საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული მდგომარეობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე: კორუფციის ინდიკატორები; ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები, კანონმდებლობა და იმპლემენტაცია; საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულება; მაღალი დონის კორუფციის და პოლიტიკური კორუფციის შესაძლო შემთხვევები.

უკანასკნელი ოთხი წლის ანალიზის შედეგად რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოში სტაბილურად დაბალია წვრილმანი კორუფციის დონე, თუმცა მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში გავრცელებულია კორუფციის სხვა ფორმები.
  • უკანასკნელ წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა ძალაუფლების კონცენტრაციის, საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების პრობლემები, რაც ართულებს მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების სათანადოდ გამოძიებას და ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას.
  • შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების გარეშე დარჩა ამ პერიოდში გამოვლენილი კორუფციის არაერთი შემთხვევა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების საქმიანობას უკავშირდებოდა.
  • შემაშფოთებელია სახელმწიფო შესყიდვებში თანამდებობის პირებთან და მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატების ტენდენცია - როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.
  • აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა საქართველოს ქულა „კორუფციის აღქმის ინდექსში“, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.
  • ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შენელდა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა. ამავე დროს, პრობლემად რჩება არსებული ანტიკორუფციული ნორმების აღსრულება (მათ შორის, უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და მამხილებელთა დაცვის სფეროებში).
  • მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ნაკისრი ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მხრივ.

კორუფციის ინდიკატორები 2016-2020 წლებში

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება (NIS)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად აქვეყნებს „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებას.“ კვლევის მეთოდოლოგია ემყარება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში კორუფციის პრევენციისთვის აუცილებელია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა. შესაბამისად, კვლევა სწორედ ამ ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მოიცავს.

ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის უკანასკნელი შეფასება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წელს გამოაქვეყნა.

 

კვლევის თანახმად, ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის თორმეტი ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული ქულა. სისტემის ძირითად პრობლემებს შორისაა ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში, არაფორმალური გავლენა საჯარო ინსტიტუტებზე, პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე და თავდახსმები მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

2020 წლის კვლევის შედეგების შედარება წინა (2015 წლის) კვლევასთან მნიშვნელოვან უკუსვლაზე მიუთითებს ზოგიერთ ინსტიტუტში - მთავრობაში, სასამართლოში და სამართალდამცავ უწყებებში. მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ სახალხო დამცველის ინსტიტუტში აღინიშნა.

კორუფციის აღქმის ინდექსი

„კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნო ყოველწლიურად აქვეყნებს, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონეს ასახავს. ინდექსში 0 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალი, ხოლო 100 ქულა - ყველაზე დაბალი დონის მაჩვენებელია.

2016-2019 წლებში „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც ამ პერიოდში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. ამასთან 100 შესაძლებლიდან 56 ქულა (2019) იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანას კვლავაც მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს კორუფციის მხრივ.

 

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის რეგიონულ ანგარიშში საქართველოში არსებულ გამოწვევებს შორის აღნიშნული იყო „ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფოს მიტაცება და მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.“ ამ მიზეზით, ორგანიზაციამ საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც შემდგომ დაკვირვებას საჭიროებდნენ კორუფციის რისკების თვალსაზრისით. სახელმწიფოს მიტაცებისა და საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენის პრობლემა ხაზგასმული იყო 2019 წლის ანგარიშშიც.

საზოგადოებრივი აზრი

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფციის შემთხვევები. აღნიშნული პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში 1 პროცენტს არ ასცდენია იმ რესპონდენტების რიცხვი, რომელთა თქმით, მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები - 2018 წლის მარტი, 2019 წლის თებერვალი-მარტი, 2020 წლის სექტემბერი.

ამასთან, ისევე, როგორც წინა წლებში, იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფცია (თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნებისთვის), კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატება მათ რიცხვს, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფცია გავრცელებული არ არის.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები - 2018 წლის მარტი, 2019 წლის თებერვალი-მარტი, 2020 წლის სექტემბერი.

გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ხდება კორუფციის შესაძლო შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები - 2019 წლის თებერვალი-მარტი, 2020 წლის სექტემბერი.

ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები, კანონმდებლობა და იმპლემენტაცია

ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები

2016-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია ორჯერ განახლდა: 2017 და 2019 წლებში. შესაბამისად, ამავე წლებში იქნა მიღებული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმები 2017-2018 და 2019-2020 წლებისთვის.

უკანასკნელი (2019 წელს დამტკიცებული) სტრატეგია შემდეგი ელემენტებისგან შედგება: (1) სიტუაციის ანალიზი, (2) ხედვა, (3) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სექტორული პრიორიტეტები, (4) განხორციელება, (5) მონიტორინგი და შეფასება. სტრატეგიის სექტორული პრიორიტეტებია: ანტიკორუფციული საბჭო და უწყებათაშორისი კოორდინაცია; საჯარო სამსახური; ღიაობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა; განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება; სამართალდამცავი ორგანოები; მართლმსაჯულების სისტემა; საჯარო ფინანსები და სახელმწიფო შესყიდვები; საბაჟო და საგადასახადო სისტემა; კერძო სექტორი; ჯანდაცვისა და სოციალური სექტორი; პოლიტიკური კორუფცია; თავდაცვის სექტორი; სპორტის სფერო; ინფრასტრუქტურული პროექტები; მარეგულირებელი ორგანოები; მუნიციპალიტეტები.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ამჟამად განთავსებული უკანასკნელი ანგარიში ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ 2017 წელს მოიცავს, ხოლო 2018 და 2019 წლების შესახებ ანალოგიური დოკუმენტები ხელმისაწვდომი არ არის.

ანტიკორუფციული კანონმდებლობა და პარლამენტის როლი

2019 წელს მიღებული კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ აღნიშნული პერიოდის პრაქტიკულად ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო ქვეყნის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში. სხვა მხრივ, 2016 წლის შემდეგ საქართველოს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების შენელებაზე მიუთითებს.

უარყოფითად უნდა შეფასდეს 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად დარღვევას აღარ წარმოადგენს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ისეთ კომპანიაში მონაწილეობის მიუთითებლობა, რომელიც ბოლო 6 ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს. ეს ცვლილება უკიდურესად ართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული მოქალაქეების მიერ თანამდებობის პირების ბიზნესკავშირების მონიტორინგს, რადგანაც ისინი მოკლებულნი არიან იმის შემოწმების შესაძლებლობას, ფუნქციონირებდა თუ არა რომელიმე კომპანია ბოლო 6 წლის განმავლობაში (ვინაიდან ეს ინფორმაცია საჯარო არ არის).

პრობლემად რჩება აღმასრულებელი შტოს საქმიანობაზე სუსტი საპარლამენტო კონტროლი. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და პრაქტიკაში გარკვეული დადებითი ცვლილებებისა, პარლამენტის წევრები არ ავლენენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, ხოლო მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. საპარლამენტო კონტროლი პირდაპირ არ შეხებია კორუფციულ საკითხებს და კორუფციის საკითხზე არ შექმნილა თემატური მოკვლევის ჯგუფი ან საგამოძიებო კომისია.

ანტიკორუფციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია 

ისევე, როგორც წინა პერიოდში, 2016-2020 წლებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს რამდენიმე სფერო:

მამხილებელთა დაცვა - დიდწილად უფუნქციოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მამხილებელთა დაცვის მექანიზმები. საჯარო სამსახურში არ არსებობს მხილების განცხადების იდენტიფიცირების რაიმე საერთო სტანდარტი ან მიდგომა, ასევე შიდა პროცედურებისა და წესების შესახებ მინიმალური სტანდარტები. ძალოვან საჯარო დაწესებულებებს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) დღემდე არ აქვთ შემუშავებული მხილებისა და მამხილებელთა დაცვის სპეციალური კანონმდებლობა, რის გამოც მათი თანამშრომლები დაუცველნი არიან მხილების გამო შესაძლო შურისძიებისგან. არ არსებობს პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც: შეაგროვებდა და გამოაქვეყნებდა მხილების შემთხვევებისა და მათზე რეაგირების სტატისტიკას, ასევე, მონაცემებს საჯარო მოხელეების ინფორმირებულობის შესახებ; შეიმუშავებდა მხილებასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს; მონიტორინგს გაუწევდა ასეთი სტანდარტების დანერგვას საჯარო დაწესებულებებში; ცხელი ხაზის მეშვეობით კონსულტაციას გაუწევდა დაინტერესებულ პირებს მხილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გააკონტროლებდა მხილების განცხადებების გამოძიების პროცესს; მიიღებდა და შეისწავლიდა მამხილებლებზე ზეწოლის შემთხვევებს. პოლიტიკური ნების არარსებობაზე და/ან სისტემის არაეფექტიანობაზე მიუთითებს ბოლო წლებში მხილებასთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე არასათანადო რეაგირება, როდესაც მამხილებლებმა ვერ ისარგებლეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით.

ე.წ. მბრუნავი კარის მარეგულირებელი ნორმები - მიუხედავად კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, პრაქტიკულად არ ხდება კორუფციის იმ რისკების მართვა, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში გადანაცვლებას უკავშირდება. არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების ქმედითი მექანიზმები და განსაზღვრული არ არის აღრსულებაზე პასუხისმგებელი ორგანო ან ორგანოები. შედეგად, ბოლო წლებში გახმაურებული ამ ნორმების დარღვევის ყველა შესაძლო შემთხვევა რეაგირების გარეშე დარჩა.

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი - 2017 წელს ამოქმედდა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება იყო. თუმცა, მონიტორინგის პროცესის ზოგიერთი ხარვეზი ამჟამად ართულების მონიტორინგის უმთავრესი მიზნების - ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და უკანონო გამდიდრების შემთხვევების გამოვლენის - მიღწევას. მონიტორინგის მიერ ბოლო წლებში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ მონიტორინგი თითქმის მთლიანად ფოკუსირებულია დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის სისრულის შემოწმებაზე და რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოვლენას. 2017-2019 წლებში საჯარო სამსახურის ბიურომ 1,347 დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად სულ 9 დარღვევა გამოავლინა, რომელიც გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოებში. 

საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ასევე ამ შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით მხარეების მიერ დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი, გულისხმობს მხარეების თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლაში და საქართველოს ვალდებულებას, მიიღოს ზომები კორუფციის ყველა ფორმასთან (მათ შორის კომპლექსურ ფორმებთან) საბრძოლველად.

2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ძირითად მიზნებს შორისაა: „ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა კორუფციის, კერძოდ კი კომპლექსური კორუფციის პრევენციისა და, გამოაშკარავებისა და ამ პრობლემის მოგვარებისთვის, აგრეთვე ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებისა და შემოსავლის დეკლარაციების შემოწმება.“

ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს. ბოლო წლებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ, ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაწილში,  ეროვნული სამოქმედო გეგმები დიდწილად ფოკუსირებულია ისეთ აქტივობებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების განხორციელებას. შედეგად, მიუღწეველი რჩება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიზანი:

  • არაეფექტიანია მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიება (იხ. ამ დოკუმენტის შესაბამისი ქვეთავი).

  • დღემდე არ მიღებულა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომლის მიღების ვალდებულება მთავრობამ წლების წინ აიღო.

  • მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს ევროპის საბჭოს ქვეყნების კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფისა (GRECO) და OECD-ანტიკორუფციული ქსელის (OECD ACN) რეკომენდაციების შესრულების მხრივ (იხ. ქვემოთ).

ნაწილობრივ არის შესრულებული ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მხრივ.

OECD-ს ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები

სტამბოლის სამოქმედო გეგმა (Istanbul Action Plan) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (ACN) მიერ 2003 წელს წამოწყებული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ანტიკორუფციული რეფორმების ხელშეწყობას თითოეულ მონაწილე ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის ანალიზის, რეკომენდაციების მომზადების და მათი განხორცელების მონიტორინგის გზით.

OECD-ს ანტიკორუფციულმა ქსელმა საქართველოს შესახებ მონიტორინგის ბოლო ანგარიში 2016 წელს დაამტკიცა. იმჟამად არსებული მდგომარეობის ანალიზთან ერთად, ანგარიში შეიცავდა რეკომენდაციებს მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად. 2019 წლის მდგომარეობით, როდესაც ორგანიზაციამ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, მიღებული, რეკომენდაციების 81 პუნქტის უმრავლესობაში საქართველოს პროგრესი არ ჰქონდა.

შეუსრულებელ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორისაა:

  • ანტიკორუფციული საბჭოს პრაქტიკის გადასინჯვა მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებთან და კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

  • მინისტრებისთვის საჯარო სამსახურის დატოვების შემდგომი („მბრუნავი კარის“ საკითხთან დაკავშირებული) შეზღუდვების დაწესება კანონში და მათი აღსრულების ქმედითი მექანიზმის შექმნა პრაქტიკაში.

  • ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის, ასევე ინტერესთა კონფლიქტისა და უკანონო გამდიდრების შემთხვევების სიხშირეზე მისი გავლენის შეფასება.

  • ანტიკორუფციული გამოძიებების უფლებამოსილებების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განცალკევების შესაძლებლობის განხილვა.

  • ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ყოვლისმომცველი რევიზია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ცალკე კანონის მიღება; დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტის შექმნა , რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ინფორმაციაზე წვდომის უფლების განხორციელებას.

  • იურიდიული პირებისთვის ბენეფიციარ მფლობელთა ვინაობის გამჟღავნების ვალდებულების დაწესება.

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა კომპანიებისა და კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კორუფციულ დანაშაულში არიან მხილებულნი.

GRECO-ს რეკომენდაციები

ევროპის საბჭოს ქვეყნების კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფის (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში საქართველოს 2016 წელს 16 რეკომენდაცია მიეცა, რომლებიც უკავშირდება კორუფციის პრევენციას პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის.

რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის თანახმად, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა, 16 რეკომენდაციიდან დამაკმაყოფილებლად შესრულდა 5, ნაწილობრივ შესრულდა 8, ხოლო 3 რეკომენდაცია არ შესრულებულა.

დამაკმაყოფილებლად შესრულებული რეკომენდაციები ეხებოდა მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის პროცედურის უკეთ დარეგულირებას, მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შექმნას, მთავარი პროკურორის დანიშვნასა და საპროკურორო საბჭოს საქმიანობაზე მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენის შემცირებას, პროკურორებს შორის საქმეთა განაწილების მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების დადგენას და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ქმედითობის უზრუნველყოფას.

შეუსრულებელი რეკომენდაციები ეხებოდა მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვას, ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების გავრცელებას ყველა პროკურორზე და პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესებას.

მაღალი დონის კორუფციის და პოლიტიკური კორუფციის შესაძლო შემთხვევები

სახელმწიფო შესყიდვები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

აღნიშნულ პერიოდში პრობლემად რჩებოდა კორუფციის რისკები სახელმწიფო შესყიდვებში. ეჭვებს ბადებს ის გარემოება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების უდიდესი ნაწილი მმართველ პარტიაზე მოდის, ხოლო მმართველი პარტიის შემომწირველები დიდ თანხებს იღებენ სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით. მაგალითად, 2019 წელს შემოწირულებების 84% - 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა.  „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან  დაკავშირებულმა 15 კომპანიამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე 141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს.  2020 წლის საგანგებო მდგომარეობის დროს, 21 მარტიდან 22 მაისამდე პრიოდში. „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია.

შემაშფოთებელია მუნიციპალურ შესყიდვებში ადგილობრივ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატების ტენდენცია.

სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკებს შემდეგი გარემოებები ზრდის: ქვეკონტრაქტორების გამოყენების გაუმჭვირვალე სისტემა;  კორუფციაში და თაღლითობაში მხილებული პირების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მით უმეტეს, როდესაც პირი ნასამართლევია სწორედ სახელწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციულ ფაქტზე ან თაღლითობაზე; დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები;  ე.წ. მორგებული ტენდერების შემთხვევები.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები - 2019 წლის თებერვალი-მარტი, 2020 წლის სექტემბერი.


არასათანადო რეაგირება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე

ისევე, როგორც წინა პერიოდში, 2016-2020 წლებშიც პრობლემად რჩებოდა კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიება, რომლებშიც სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირები მონაწილეობდნენ.

ამ პერიოდში ქმედითი რეაგირების გარეშე დარჩა მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები, მათ შორის:

  • ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისათვის მერიის მიერ მიწის ნაკვეთის გადაცემის პროცესში გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციის ნიშნები;

  • “ომეგა ჯგუფის საქმე” და მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა თამბაქოს ბაზარზე არსებულ კორუფციულ სქემაში;

  • ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები

  • ჟურნალისტური გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირის  მიერ დროის მოკლე პერიოდში დაგროვილი დეკლარირებული და არადეკლარილებული ქონების შესახებ;

  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ 600 000-მდე ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი.

ევროპის პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში „სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის ელიტური კორუფცია“ და რომ ქვეყანაში ჯერაც არ არსებობს „მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების მდგრადი გამოცდილება.“ რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი და თავისუფალი იქნება მის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევისგან.

დასკვნები

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული მდგომარეობის მიმოხილვა ცხადჰყოფს, რომ ამ პერიოდში დიდწილად გადაუჭრელი დარჩა წინა (2012-2016 წლების) საპარლამენტო ციკლის განმავლობაში გამოვლენილი გამოწვევები. ამავე დროს, პრაქტიკულად შეჩერდა ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა და კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ზოგიერთი პრობლემა - მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, არაფორმალური გავლენა საკვანძო საჯარო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები.

არსებულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელი იქნება ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის მასშტაბური რეფორმის გარეშე. ამგვარი რეფორმის საკვანძო ელემენტი უნდა იყოს ფართო უბლებამოსილებებით აღჭურვილი, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოამზადეს, საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში წარედგინა.