პრობლემურ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების თავიდან დათვლა შედეგებისადმი უნდობლობას და პოლიტიკურ დაძაბულობას შეამცირებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პრობლემურ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების თავიდან დათვლა შედეგებისადმი უნდობლობას და პოლიტიკურ დაძაბულობას შეამცირებს

01 ნოემბერი, 2020

 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები თითქმის ყველა უბანზე უკვე დაითვალა და გამოაქვეყნა. არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. მათ განცხადებებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებზე. ამასთანავე, ცესკოს მიერ წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადების დაწყების დაგვიანებამ დამატებითი კითხვები გააჩინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცდილობს გადაამოწმოს ყველა შესაძლო პრეტენზია, რაც შემაჯამებელი ოქმების მისამართით გამოითქმის. ამ ეტაპზე, ჩვენი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებიდან მოწოდებული შემაჯამებელი ოქმების ასლების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ ოქმების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7%-ში აღინიშნება ე.წ. მეტობითი დისბალანსი, ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რასაც ყველა პროცედურის სწორად ჩატარების დროს, არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევათა 1/3-ში მნიშვნელოვანი დისბალანსია.

აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენციაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც”, რომელმაც არჩევნების მონიტორინგი ათასამდე უბანზე განახორციელა.  კერძოდ, მათი განცხადებით შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ასეთი მასშტაბურობა ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა -საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, რომ  დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის (PVT) ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. მათივე განცხადებით, აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

არჩევნების წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, როდესაც რამდენიმე პროცენტმაც კი შესაძლოა გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლეობის შექმნა/არ შექმნის საკითხი, მსგავს დარღვევებზე ეფექტური რეაგირება უმნიშვნელოვანესია. 

ვფიქრობთ, რომ არჩევნების შედეგების მიმართ მეტი ნდობის შექმნის მიზნით, იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც მეტობითი დისბალანსი დიდია, უნდა მოხდეს შედეგების გადათვლა.

მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ნაბიჯები ააცილებს ქვეყანას თავიდან პოტენციურ პოლიტიკურ დაძაბულობას.