სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შემთხვევების გამოძიება ყოვნდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შემთხვევების გამოძიება ყოვნდება

03 ივნისი, 2015

ჩვენს ახალ პუბლიკაციაში მიმოვიხილავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2015 წლებში მომზადებულ იმ აუდიტის ანგარიშებს, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და აუდიტის სამსახურმა შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა. მიმოხილვაში მოყვანილია გადაგზავნილი საქმეების სტატისტიკა და მათზე ჩვენთვის ცნობილი სამართალდამცავთა რეაგირება. აღწერილია, ასევე, განსაკუთრებით საინტერესო საქმეები. ანგარიში მთლიანად ეფუძნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებს, მათ შორის პროკურატურის რეაგირების ნაწილშიც, რადგან ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად, პროკურატურამ ამ საქმეებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მათი პასუხი შეიცავდა მხოლოდ იმ მომართვების რაოდენობას, რომლებიც მათ მიიღეს აუდიტის სამსახურიდან.

სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაგზავნილი აუდიტორული დასკვნები მოიცავს რამდენიმე ათეული საჯარო უწყების წინა წლების (ძირითადად 2006-2013 წლების) საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებებს, სადაც აუდიტის ანგარიშების მიხედვით, გამოვლენილია სერიოზული დარღვევები. ამის მიუხედავად, გადაგზავნილ მასალებზე პროკურატურის რეაგირება არის ძალიან პასიური - ორი წლის განმავლობაში, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პასუხისმგებლობაში მიცემულია მხოლოდ ერთი პირი.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013, 2014 წლებსა და 2015 წლის 10 მარტამდე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი 133 აუდიტის ანგარიში გადაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაგან უმრავლესობა - 123 ანგარიში - გადაგზავნილია პროკურატურაში (მთავარი პროკურატურა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა), დანარჩენი ათი ანგარიში კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 და 2014 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს სულ დანაშაულის ნიშნების შემცველი 90 აუდიტის ანგარიში გადაუგზავნა. 90 გადაგზავნილი ანგარიშიდან პროკურატურამ 51 ანგარიშზე შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურს არ მიაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი „აუდიტის სამსახურის შესახებ“ პირდაპირ ავალდებულებს ამას. რაც შეეხება მიწოდებულ ინფორმაციას, სტატისტიკა ასე განაწილდა:

  • მიმდინარეობს შესწავლა - 21 საქმე;
  • მიმდინარეობს გამოძიება - 11 საქმე;
  • დაიწყო გამოძიება - 3 საქმე;
  • გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - 1 საქმე;
  • მიეცა პასუხისმგებლობაში - 1 პირი (ზუგდიდის #1 სკოლის დირექტორი).